„მთელი ცხოვრება იბრძოდა“ - გარდაიცვალა მზისა გაბეშია, პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი

მზისა გაბეშია

გარდაიცვალა 75 წლის მზისა გაბეშია, რომელიც მარტვილში თვეების განმავლობაში აწყობდა ერთი კაცის აქციას. 

თბილისის პროევროპული აქციების მხარდასაჭერად მზისა გაბეშია 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშობლიურ ქალაქ მარტვილში, მერიასა და საკრებულოს შორის ბანერებით იდგა და ევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებდა.

„სამართალი თუ აღდგა, მერე ყველაფერს ეშველება. სამართალია მთავარი... დიდი თოვლი რომ იყო მაშინაც ვიდექი, წვიმაშიც. ძალიან თქეში წვიმა რომ იყო, მხოლოდ მაშინ ვერ დავდექი. წვიმა ბანერებს მიფუჭებს... ევროპამ რა დაგვიშავა? ევროკავშირი ეხმარება ჩვენს ქვეყანას და რუსეთი დაგვეხმარა რამეში თუ პირიქით ტერიტორიები წაგვართვა? იქ სამართალია. აქ რასაც სჩადიან, იქ ის არასდროს არ მოხდება“, - უთხრა მზისა გაბეშიამ რადიო თავისუფლებას 2025 წელს.

10 ნოემბერს მზისა გაბეშია ავადმყოფობის შედეგად, ქუთაისის საავადმყოფო „ბომონდში“ გარდაიცვალა.

„4-5 თვე იდგა აქციებზე. შემდეგ ავადმყოფობის გამო ვეღარ შეძლო. მარტში ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ ვერ უშველა", - უთხრა მზისა გაბეშიას შვილმა ბექა თოდუამ რადიო თავისუფლებას, - "მთელი ცხოვრება იბრძოდა, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული. ბოლოს ამბობდა, კარგი იქნებოდა ამ მთავრობის შეცვლას მოვსწრებოდეო“.

ასევე ნახეთ

„არც კარგს მეუბნება ვინმე, ვერც ცუდს მიბედავს“,  - მზისა გაბეშიას პროტესტი

პროევროპული აქციები საქართველოში დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებას აღარ განაახლებდა. დღემდე თბილისის ცენტრში ყოველდღიურად იკრიბება ათობით ადამიანი და მოითხოვს, ქვეყანა დასავლურ კურს დაუბრუნდეს.