Reuters-ი: უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების სიმძლავრის დაახლოებით 30% მწყობრიდან გამოიყვანა

სარატოვის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე თავდასხმის შემდეგ. 7 ნოემბერი, 2026 წელი

ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განახლებულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 30% წყობიდან გამოიყვანა.

ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ორ, ამ სფეროში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. ამის ოფიციალური დადასტურება ან სხვა წყაროებიდან მონაცემები არ არსებობს.

ოქტომბერში, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, უკრაინამ თავი შეიკავა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებისგან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა ე.წ. ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თუმცა, რუსეთის ძალებმა განაგრძეს უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები.

ასევე ნახეთ

რუსეთის იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში 600 ათასამდე ადამიანი დარჩა შუქის გარეშე

ტრამპი ადრე აკრიტიკებდა უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო და აცხადებდა, რომ უკრაინას სხვა სამიზნეებიც საკმარისად აქვს, ხოლო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ხელს უწყობს დიზელის საწვავის ფასების ზრდას გლობალურ ბაზარზე.

Reuters-ის შეფასებით, ბოლო დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, სულ ცოტა, 9 დაზიანდა, მათ შორის იაროსლავში, რიაზანში, სარატოვსა და კირიშიში. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ჯამში, დღეში დაახლოებით 300 000 ტონა ნავთობს ამუშავებენ.
შეფასებების თანახმად, დარტყმებს შესაძლოა გამოეწვია გადამუშავების მოცულობის 200 ათასი ტონით შემცირება, იმ ფონზე, რომ დარტყმებამდე რუსეთში დღეში დაახლოებით 700 ათასი ტონა ნავთობი გადამუშავდებოდა.
უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან შეწყვიტონ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ რუსეთი არ განახორციელებს დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, ან თუ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები უკრაინას საკმარის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდიან რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად.

10 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა მორიგი საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრ სერჰი კორეცკის ინფორმაციით, დარტყმა იყო ხუთ მსხვილ ელექტროქვესადგურზე პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და კიროვოგრადის ოლქებში.

ასევე ნახეთ

უკრაინის მთავრობის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ხუთ ელექტროქვესადგურს დაარტყეს

რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და დღემდე ინტენსიურად განაგრძობს, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ.