აბუ-დაბიში დასრულდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები

აბუ-დაბიში აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 10 ნოემბრიდან მიმდინარეობდა

აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა 11 ნოემბერს დაასრულეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 2026 წლის თებერვლის შემდეგ პირველი იყო.

პირველი ცნობები შეხვედრის დასრულების შესახებ გაავრცელეს რუსეთის სახელმწიფო მედიამ და უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებებმა, მათ შორის „უკრაინსკა პრავდამ“, „ფრანს-პრესმა“ და „როიტერსმა“.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველ დღეს, 10 ნოემბერს შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა, 11 ნოემბერს კი დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში დასრულდა.

აშშ-ს წარმოადგენდნენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის დელეგაციამ მოლაპარაკება გააგრძელა ევროპელ პარტნიორებთან, რომლებსაც აბუ-დაბიში 10 ნოემბერსაც შეხვდნენ.

„კარგი იმპულსი“

სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ აბუ-დაბიში, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ისევ მოსთხოვა თუ არა რუსეთმა უკრაინას დონბასიდან გასვლა.

ბუდანოვის თანახმად, მოლაპარაკებების დროს დასმული საკითხები მოლაპარაკებების თემაა, მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია და როცა შედეგი მიღწეული იქნება, ეს საჯაროდ გამოცხადდება.

კიევის დელეგაციის წევრმა, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ არის მნიშვნელოვანი პროგრესი და „კარგი იმპულსი“ გადაწყვეტილებების მოსაძებნად ახალი წლის დადგომამდე.

ასევე ნახეთ

მოლაპარაკებები უკრაინის ომის დასასრულებლად: ხუთი მიზეზი, რატომ არ უნდა ველოდოთ გარღვევას

მედინსკის განცხადებები

აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ ცენტრალური თემა იყო უსაფრთხოების ევროპული სისტემა:

„გავცვალეთ პოზიციები. სადღაც ვიპოვეთ ურთიერთგაგება, სადღაც - არა. ეს საუბარი გაგრძელდება. მსოფლიოს სჭირდება უსაფრთხოების ახალი, თანამედროვე, განახლებული სისტემა, რომელიც არ დააზარალებს ცალკეულ ქვეყნებს. ამაზე ვიმუშავებთ“.

მედინსკიმ მოლაპარაკებების დეტლები არ დააკონკრეტა იმ მოტივით, რომ სანამ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, დეტალები არასდროს განიხილება.

პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე, რომლის პარამეტრები უახლოეს ხანში გამოცხადდება. ეს შეთანხმება დაადასტურა უკრაინის დელეგაციამაც.

კუშნერი და უიტკოფი პუტინს და ზელენსკის შეხვდებიან

აბუ-დაბიში აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რუნდის დასრულების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივენ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა განაცხადეს, რომ 12 ნოემბერს მიემგზავრებიან მოსკოვში, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან.

მოსკოვიდან უიტკოფი და კუშნერი ჩავლენ დუბლინში, სადაც დაგეგმილია მათი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან განიხილავენ იდეებს, რომლებზეც 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში იმსჯელეს.

11 ნოემბერს, სამმხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ აბუ-დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო და განიხილეს რთული თემებიც. მან ყველაზე რთულ საკითხად დაასახელა ტერიტორიების საკითხი.

სტივენ უიტკოფის ინფორმაციით, აბუ-დაბიში ძალიან პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდათ ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთანაც.