ნემო ბურჭულაძე: „ჩვენ დავტოვეთ საქართველო დამოუკიდებელი“

ნემო ბურჭულაძე

9 ნოემბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. 

ნემო ბურჭულაძე 1946 წლის 23 თებერვალს ერთაწმინდაში (კასპის რაიონი) დაიბადა. პროფესიით ინჟინერი იყო, მაგრამ ის ყველას ახსოვს, როგორც პოლიტიკოსი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, მისი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი და დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი.

Your browser doesn’t support HTML5

ნემო ბურჭულაძე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ

„ძალიან წესიერი კაცი იყო, ძალიან საქმიანი და სასიამოვნო მოსაუბრე. არაჩვეული იუმორი ჰქონდა, ხუმრობდა ხოლმე, თუ სამხიარულოდ გვქონდა საქმე. ბოლომდე ერთგული დარჩა ზვიად გამსახურდიასი. უაღრესად განათლებული და ნაკითხი იყო. კროსვორდების შევსება უყვარდა და იშვიათად, რომ რამე ვერ გამოეცნო. თავისი თანამდებობა არაფრად მიაჩნდა, ამით ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელი ჩინოვნიკებისგან“, - ასე ახასიათებს ნემო ბურჭულაძეს ქეთი ქურდოვანიძე, რომელიც 1992-1993 წლებში ზვიად გამსახურდიას მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

სანამ პრეზიდიუმში აღმოჩნდებოდა, ნემო ბურჭულაძე ეროვნულ მოძრაობაში იყო, "საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის" წევრი. 1990 წლის ოქტომბერში ჩატარდა არჩევნები, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა საქართველოს უზენაესი საბჭოს შემადგენლობა. სწორედ ამ საბჭომ გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა. მეორე ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, ნემო ბურჭულაძე იყო, პირველი, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიაა.

მალევე დაიწყო პუტჩი. ზვიად გამსახურდიას მთავრობას დაუპირისპირდნენ მისივე პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ეროვნული გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი, რომელმაც შემდეგ „მხედრიონი“ ჩამოაყალიბა. გამსახურდიას წინააღმდეგ ასევე გამოდიოდნენ მაშინდელი ოპოზიციური პარტიები. იმ პრეტენზიებს შორის, რომელთაც ისინი უზენაეს საბჭოსა და მის ხელისუფლებას უყენებდნენ, იყო ეროვნული გვარდიის „დაშლა“, არასწორი საკადრო პოლიტიკა და განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობა.

ასევე ნახეთ

ГКЧП და საქართველო - რა გავლენა იქონია „აგვისტოს პუტჩმა“ ქვეყნის ბედზე

დისკუსიები მალევე გადაიზარდა იარაღით დაპირისპირებაში. პარლამენტის შენობას ესროდნენ. კაბინეტებში გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ხელისუფლების წევრები ქვედა სართულზე სასადილოში ჩავიდნენ. ნემო ბურჭულაძეც იქ იყო. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას მთავრობამ პარლამენტი დატოვა. თუმცა ავტობუსს, რომელშიც პარლამენტის შენობიდან გამოსულები ისხდნენ, ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ზოგიერთი კი, ვინც ამ ავტობუსში იჯდა, დააპატიმრეს, მათ შორის ნემოც. ციხეში დიდხანს არ მჯდარა, თუმცა დევნა წლები გაგრძელდა. უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია ამბობს, რომ დეპუტატები მაშინ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, რომ მათთვის ვერ მიეგნოთ.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ნემოს არცერთ ფრონტზე არ დაუხევია. თუმცა არასდროს ჩანდა, შეუმჩნეველი ადამიანი იყო, მორიდებული და თავმდაბალი. როდესაც ზვიად გამსახურდია ზუგდიდში ჩამოვიდა, ნემო იქაც ჩვენთან ერთად იყო, მერე კი სვანეთში მოხვდა“, - იხსენებს ბეჟან ჯავახია.

უზენაესი საბჭოს წევრი ბიმურზა დადეშქელიანი რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ სვანეთში ზვიად გამსახურდიას დავალებით წავიდნენ, 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს.

„სადღაც 30 კაცი გადავედით სვანეთში. ვფიქრობდით, რომ ზვიადიც სვანეთში ამოვიდოდა. ეს ხალხი ჩემსა და ჩემი ბიძაშვილების სახლებში გადავანაწილეთ. ერთხელ ალყა შემოგვარტყეს და სროლა ატეხეს. ნემოც ჩვენთან იყო, - იხსენებს ბიმურზა დადეშქელიანი, - ნემო თითქმის ორი წელი დარჩა სვანეთში. ვერ გამოდიოდა. ჯერ ჩემს სოფელში იყო, ეცერში, შემდეგ მესტიაში. ხალხი ინახავდა. ერთხელ, 1994 წლის მარტს, ლატალში გადავიდნენ ის და ბიძინა ჩოლოყაშვილი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი. იქ გაიტაცეს. რუსეთის სპეცოპერაცია იყო. წერილი გამომიგზავნეს, ამდენი და ამდენი იარაღი გვინდაო და 10 ათასი დოლარიო - გამოსასყიდი. 10 ათასი დოლარი კი არა, მანეთი არ გვქონდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვიხსენით. დევნის გამო ოჯახი გახიზნული ჰყავდა ნემოს, შვილები დღემდე ამერიკაში არიან. მეუღლე წლების წინ გარდაეცვალა და თავად მარტო ცხოვრობდა დიდ დიღომში, ოროთახიან ბინაში“.

ბოლო წლებში ნემო ბურჭულაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი გარდაცვალების მიზეზი სწორედ ავადმყოფობა გახდა.

სამიოდე წლის წინ, როდესაც გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ თავისსა და გამსახურდიას მთავრობის საქმიანობას აჯამებდა, ნემო ბურჭულაძემ ასეთი რამ თქვა:

„არაფერს ვაფასებ უარყოფითად. ბიბლიურია, ხე ნაყოფით იცნობაო. წელიწადი და სამი თვე ვიყავით, ნაცვლად ხუთი წლისა, რა ვადითაც აგვირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მოგვიკლეს... ჩვენ დავტოვეთ საქართველო დამოუკიდებელიც და მსოფლიოს მიერ აღიარებულიც“.

ასევე ნახეთ

9 აპრილიდან 9 აპრილამდე