პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც იმ პერიოდში თბილისის ერთ-ერთ სკოლის სპორტულ წრეს ხელმძღვანელობდა, თავის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა სექსუალურად.
მასწავლებელს ბრალად ედება სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით ჩადენილი დანაშაული. ეს გულისხმობს „სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ“.
ეს დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კაცი, რომელსაც ახლა წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ბრალს არ აღიარებს.
დახურული სხდომა - რისი დანახვა და მოსმენა შევძელით?
რაკიღა საქმე სექსუალური ხასიათის დანაშაულს შეეხება, 10 ნოემბერს, ბრალდებულის ადვოკატმა, ბესიკ ქარცივაძემ, სასამართლო სხდომის სრულად დახურვა მოითხოვა.
მოსამართლემ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დამსწრეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, დარბაზიდან გასვლა მოსთხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-18 დარბაზში დარჩნენ მხოლოდ მოსამართლე, მისი მდივანი, ბრალდებული, ბრალდებულის ადვოკატი და პროკურორი.
მოსამართლე დავით კუპატაძემ 60 წლამდე კაცის საპატიმროში გაშვების გადაწყვეტილება, სათათბირო ოთახიდან დაბრუნებულმა მიიღო. იქ მან დაახლოებით ერთი საათი დაყო.
ამ ხნის განმავლობაში, დაბალი, სუსტი აღნაგობის, თმაშეთხელებული კაცი, კრემისფერი ქურთუკით, ბრალდებულის სკამზე იჯდა, მარტო. მისმა ადვოკატმა სხდომათა დარბაზი დატოვა. სხვა პროცესზე წასვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ბრალდებულმა მოსამართლის გადაწყვეტილება მარტომ, მდუმარედ მოისმინა და გაკვირვების ნიშნად ხელები გაშალა. ამ ერთადერთი რეაქციით მან მიანიშნა, რომ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს. მოსამართლის განაჩენის გამოცხადებისთანავე კაცს მანდატურებმა პირადი ნივთები - საათი და სამკაულები ჩამოართვეს და დარბაზშივე დააკავეს.
მოგვიანებით, პროკურორი ჟურნალისტებს ეტყვის, რომ დიდი ალბათობით, ადვოკატი არ მოელოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბრალდებას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნდა.
„ყველაფერი დეტალურად მახსოვს“ - რა მოხდა 27 წლის წინ?
35 წლის ქალი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან პოლიციას ბავშვობაში გადატანილი ძალადობიდან 26 წლის შემდეგ მიმართა. ეს კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთი წლის წინ, სოციალურ ქსელში ნახა ვიდეო, სადაც ჰყვებოდნენ, როგორ გამოიძიეს წლების წინ ჩადენილი სექსუალური დანაშაული და დამნაშავე დასაჯეს.
მისი თქმით, ამდენი წლის შემდეგ გამოძიების დაწყებაც კი წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მით უმეტეს, არ ელოდა, რომ საქმე ბრალის წარდგენამდე და ბრალდებულის დაპატიმრებამდე მივიდოდა.
„ისეთი შოკი მაქვს, რომ აღწერა მიჭირს იმ მდგომარეობის, რა მდგომარეობაშიც ახლა ვარ. ასე მგონია, რაღაც წარმოუდგენელი, სასწაული ხდება“, - გვეუბნება ანა.
ანა დაახლოებით 8 წლის იყო, როდესაც, მისი მონათხრობის თანახმად, სკოლის სპორტული წრის მასწავლებელმა მასზე პირველად იძალადა:
„მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს იყო ძალიან ცუდი რაღაც, რაც ძალიან არ მსიამოვნებდა, რისიც ძალიან მეშინოდა და მრცხვენოდა. მერე და მერე მოხდა ამ ყველაფრის გაანალიზება. მერე მივხვდი, რაში იყო საქმე“.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან ათეულობით წელია გასული, ანა ამბობს, რომ მომხდარის უმცირესი დეტალებიც კი ახსოვს, თუმცა, საუბარი მათზე დღესაც უჭირს.
ამბავი, რომელიც მის თავს 8-9 წლის ასაკში ხდებოდა, ყველაზე სრულად გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღწერა:
„ამ დეტალების გაზიარება საჯაროდ ჯერ კიდევ არ შემიძლია, არ ვარ მზად ამისთვის, თუმცა გეტყვით, რომ ყველა კადრი, ყველა შეხება, სუნი - ყველაფერი დეტალურად მახსოვს“.
ანას მონათხრობით, სავარაუდო ძალადობა სკოლის ტერიტორიაზე, სპორტული დარბაზის გასახდელში, სისტემატურად ხდებოდა. გვიყვება, რომ მასწავლებელი ცდილობდა, მასთან მარტო დარჩენილიყო: „როდესაც მე შევდიოდი და ისიც შემოდიოდა“...
იხსენებს, რომ ძალადობის თავიდან არიდების ერთადერთი გზა, სპორტული წრის გაცდენა იყო:
„ვცდილობდი, ვთხოვდი ხოლმე ოჯახის წევრებს, რომ არ წავსულიყავი ამ წრეზე“, - თუმცა, მაშინ ვერ ხსნიდა, რატომ არ უნდოდა იქ მისვლა. არ იცოდა, როგორ უნდა მოეყოლა ის, რაც მის თავს ხდებოდა.
ანას მონათხრობით, ეს რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მეხუთე კლასში გადასვლის შემდეგ სპორტულ წრეზე სიარული შეწყვიტა და მასწავლებელთან ურთიერთობაც ამით დასრულდა.
მას შემდეგ, კაცი აღარ უნახავს.
წლების შემდეგ დარღვეული დუმილი
ანა ამბობს, რომ პირველად ეს ამბავი მეუღლეს გაუმხილა - ზოგადად, დეტალების გარეშე.
მოგვიანებით, ძალადობის შესახებ ერთ-ერთ მეგობარს, შემდეგ უკვე ოჯახის წევრებსაც მოუყვა, თუმცა პოლიციისთვის მიმართვაზე არასდროს უფიქრია:
„ეს კადრები არასდროს მტოვებდა, სულ მოდიოდა ჩემს გონებაში... ეს ტრავმა სულ თან დამყვებოდა. ამდენი წლის განმავლობაში მასთან ბრძოლა მიწევდა და მიჭირდა იმ ემოციებთან გამკლავება, რაც ამ თემაზე საუბარს მოჰქონდა“.
ამბობს, რომ დიდი დრო დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ფსიქოლოგიური სირთულეები, რომლებსაც ებრძოდა, ბავშვობაში გადატანილ ტრავმას უკავშირდებოდა:
„ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეს იყო ტრავმა და მის შესამსუბუქებლად უნდა მემუშავა. მქონდა ძილის პარალიზის მძიმე ეპიზოდებიც, რა დროსაც მქონდა შეგრძნება, რომ ჩემზე კვლავ ძალადობდნენ“.
თავდაპირველად, სწორედ ამ პრობლემის გამო მიმართა ფსიქოლოგს, თუმცა ბავშვობაში გადატანილ ძალადობაზე სისტემური თერაპია მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო.
ვიდეო, რომელმაც გადაწყვეტილება მიაღებინა
რამდენიმე წლის წინ მეგობარმა ურჩია, რომ პოლიციისთვის მიემართა და გაერკვია, შეიძლებოდა თუ არა დიდი ხნის წინ მომხდარი დანაშაულის გამოძიება. თუმცა მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო.
გადაწყვეტილება წლების შემდეგ, შემთხვევით ნანახმა ვიდეომ მიაღებინა.
ანა იხსენებს, რომ სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის, „საფარის“, ვიდეოს გადააწყდა, რომელიც ეხებოდა 14 წლის წინ ჩადენილი სექსუალური ძალადობის საქმეს და რომელიც ბრალდებულის დაპატიმრებით დასრულდა:
„მაშინ მივხვდი, იქნებ ჩემს საქმესაც ჰქონოდა შანსი და ორგანიზაციას მივწერე. მითხრეს, რომ ადვოკატი დამიკავშირდებოდა. ზარის მოლოდინში, ტელეფონი ხელიდან არ გამიშვია, მინდოდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება ბოლომდე მიმეყვანა“, - გვიყვება ანა.
„ამ ადამიანს დღემდე ბავშვებთან აქვს კონტაქტი“
ანას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მასწავლებელს, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებს, მთელი ამ წლების განმავლობაში ისევ ჰქონდა ბავშვებთან ურთიერთობა.
„კერძო სპორტული წრის პედაგოგია. და ამაზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა“.
გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისას ანას მოუხდა წლების განმავლობაში ჩახშობილი მოგონებების დეტალურად გახსენება და აღწერა.
„ყველა, ვისთანაც ამ საქმესთან დაკავშირებით შეხება მქონია, ძალიან ადამიანური და ემპათიური იყო. ძალიან გულწრფელად მომიდგნენ. ამაზე ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი შიში არ გამართლდა“.
სპორტის მასწავლებელთან შეხვედრა ანას სასამართლოს დარბაზში მოუწევს. ამ შეხვედრაზე უკვე ფიქრობს და ამბობს, რომ ამისთვის ფსიქოლოგის დახმარებით უნდა მოემზადოს.
„ჯერ არ მაქვს მზაობა, რომ ამ ყველაფერს მშვიდად გავუმკლავდე. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება“.
ანასთვის მძიმეა იმის გააზრებაც, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა ამბობს, რომ მისგან აღიარებას არც ელოდა:
„არასდროს მქონია იმედი, რომ აღიარებს, რასაც მიკეთებდა. ალბათ ბოლომდე იმავეს იტყვის, რომ არაფერი დაუშავებია და უდანაშაულოა, მაგრამ არა უშავს“...
რა მტკიცებულებებს დაეყრდნო ბრალდება?
თანაც სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან თითქმის 25 წლის შემდეგ?
ნათია ნოზაძე, პროკურორი
„ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის ძალიან დეტალური, ვრცელი, მძიმე, გულწრფელი და დამაჯერებელი ჩვენება, რომელიც გამოძიებას მისცა ქალმა და სადაც ის საუბრობს მის მიმართ ინტენსიურ, სექსუალური ხასიათის ძალადობაზე“, - გვეუბნება საქმის პროკურორი, ნათია ნოზაძე.
თუმცა, საქმე მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას არ ეფუძნება - გამოძიებამ მოიპოვა იმ ადამიანების ჩვენებებიც, რომლებსაც ანამ მომხდარის შესახებ სხვადასხვა დროს, პოლიციის მიმართვამდე მრავალი წლით ადრე უამბო.
„ამ წლების განმავლობაში დაზარალებული, მძიმე ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა გარშემომყოფებს. ამ ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციაც დაერთო საქმეს, დამატებით მტკიცებულებებად იქცა და მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა“, - ამბობს პროკურორი.
მტკიცებულებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ანას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება.
პროკურორის თქმით, დაზარალებული წლების განმავლობაში სხვადასხვა სპეციალისტთან გადიოდა თერაპიას, დღემდე აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და აგრძელებს მკურნალობას. გამოძიებამ გამოკითხა მისი ექიმები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.
გარდა ამისა, პროკურორი ამბობს, რომ გამოძიების პროცესში ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც: „სამწუხაროდ, ამ მტკიცებულების შესახებ დეტალურად ვერ გესაუბრებით, თუმცა, ამ პროცესში მოპოვებული ინფორმაციაც მტკიცებულებად ბრალდებულის წინააღმდეგ ერთვის საქმეს“, - ამბობს ნათია ნოზაძე.
რატომ მოითხოვა პროკურატურამ პატიმრობა?
მთავარი საფუძველი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იყო. პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებული დღემდე აგრძელებდა ბავშვებთან მუშაობას.
„როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა შესაძლოა ჩაიდინა სექსუალური ძალადობა და მას კვლავ აქვს ბავშვებთან კონტაქტი, ეს ახალი დანაშაულის ჩადენის მაღალ საფრთხეს ქმნის. სასამართლომ ეს გარემოებაც გაიზიარა“.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.
„მისი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ბრალდების მხარეს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება ჰქონდა და 25 წლის წინ მომხდარის გამო პატიმრობის შეფარდება უსაფუძვლო იყო. დაცვის მხარე მიუთითებდა იმაზეც, რომ ბრალდებულს ამ წლების განმავლობაში სხვა დანაშაული არ ჩაუდენია და პატიოსნად ცხოვრობდა, მაგრამ ცხოვრობდა თუ არა პატიოსნად, ეს კიდევ საკითხავია“.
ნათია ნოზაძის თქმით, ის გარემოება, რომ ამ ხნის განმავლობაში, სხვა სავარაუდო დაზარალებულებს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავთ, არ გამორიცხავს სხვა დანაშაულების არსებობის შესაძლებლობას.
პროკურორი ამბობს, რომ საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება. მათ შორის, მიმდინარეობს მუშაობა იმ პედაგოგებთან, რომლებსაც მასწავლებელთა შეხება ჰქონდათ.
„საჭირო იყო არა მხოლოდ მტკიცებულებების მოძიება, არამედ დაზარალებულის მომზადებაც“
ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის, „საფარის“ იურისტი, მარი ვარამაშვილი, დიდი ხანია, რაც სწორედ წლების წინ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების დასაბუთებაზე მუშაობს.
მის პრაქტიკაში არაერთი საქმე დაგროვდა, როდესაც დაზარალებულებმა ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შესახებ სამართალდამცავებს მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მიმართეს.
მათ შორისაა 14 წლის წინ ჩადენილი სექსუალური ძალადობის საქმეც, რომელზეც სასამართლომ 2025 წელს ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამ საქმეში დაზარალებულის ინტერესებს სწორედ მარი ვარამაშვილი იცავდა.
სწორედ ის იყო პირველი იურისტი, რომელსაც დაახლოებით ერთი წლის წინ ანამ ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შესახებ უამბო. მათი პირველი შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა.
იურისტი გვეუბნება, რომ თავიდან ანას მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდა - შესაძლებელი იყო თუ არა თითქმის 27 წლის წინ მომხდარზე გამოძიების დაწყება.
მარი ვარამაშვილი, "საფარის" იურისტი
„ძალიან დეტალურად და ეტაპობრივად დავგეგმეთ ყველაფერი. ზუსტად ვიცოდით, რომ გამოძიებისთვის მაშინ უნდა მიგვემართა, როდესაც ანა ფსიქოლოგიურად მზად იქნებოდა და შეძლებდა ამ ყველაფერზე საუბარს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, საქმე ისეთ ადამიანებთან მოხვედრილიყო, რომლებიც მას უსაფრთხო გარემოს შეუქმნიდნენ“.
მარი ვარამაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, გამოძიება არ ჩატარებულიყო იმავე რაიონში, სადაც სავარაუდო დანაშაული მოხდა. ადვოკატი შიშობდა, რომ ადგილობრივ გარემოში, ბრალდებულის ნაცნობებისა თუ ყოფილი მოსწავლეების არსებობას, შესაძლოა, ხელი შეეშალა საქმის კონფიდენციალურად და მიუკერძოებლად გამოძიებისთვის.
გარდა ანას დეტალური ჩვენებისა, ადვოკატის თქმით, საქმეში დევს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგები, თერაპიის პროცესში მომზადებული ფსიქოლოგიური დასკვნა და არაპირდაპირი მოწმეების ჩვენებები.
„სპეციალისტი დეტალურად ხნის ანას მდგომარეობას, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ამ საქმეში“.
მისივე თქმით, გამოძიებამ გამოკითხა ოჯახის წევრებიც, რომლებმაც წლების წინ მომხდარი კონკრეტული გარემოებები გაიხსენეს:
„მაგალითად, დედას ახსოვდა, რომ ბავშვი მუდმივად ითხოვდა, მასწავლებელთან არ გაეშვათ. ეს ჩვენებები ავსებდა ანას მონათხრობს. ასევე გამოიკითხნენ ადამიანები, რომლებსაც ანამ მომხდარის შესახებ ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე, რამდენიმე წლით ადრე უამბო“.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ანა, შესაძლოა, არ იყოს ერთადერთი ადამიანი, რომელიც ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„მე ღრმად მჯერა, რომ მას სხვა მსხვერპლებიც ჰყავს, თუ ბევრი არა, ერთზე მეტი მაინც...მოსამართლემ მიიღო სრულიად ადეკვატური გადაწყვეტილება, რითაც მოხდა სრულად შეფასება იმ რისკების, რაც თან ახლდა ამ ადამიანის გარეთ ყოფნას და გამოძიებისათვის ხელის შეშლას“.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ მსგავსი საქმეების გამოძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სხვა დაზარალებულებისთვისაც - მათ უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ათეულობით წლის შემდეგაც შესაძლებელია სამართლის ძიება:
„სწორედ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საუბარი, ასეთი პრეცედენტები უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში. რომ დიახ, ამდენი წლის შემდეგაც ადამიანებამდე მიდის სამართალი და დაზარალებულების სჯერათ სასამართლოს, პროკურატურას და იმ ადამიანებს, რომლებიც მათთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სამართალი აღდგეს, თუნდაც ამდენი წლის შემდეგ“, - ამბობს მარი ვარამაშვილი.
სპორტის მასწავლებლის მხრიდან შესაძლო სექსუალური დანაშაულის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 დეკემბერს გაიმართება.
ასევე ნახეთ
„ყველა ნახატი, გამოხედვა, ნიშანი უნდა იყოს“, - პედოფილიის მსხვერპლის დედის ამბავიბოლო წლებში, საქართველოში არაერთი სექსუალური დანაშაულის გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც დაზარალებულებმა ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შესახებ მხოლოდ ათწლეულების შემდეგ მოახერხეს საუბარი და სამართალდამცავებს მიმართეს.
ასევე ნახეთ
„შენ არ იცი, რას მიკეთებს, როცა მასთან მარტო ვრჩები“- დები ბიძას სექსუალური ძალადობისთვის უჩივიანრადიო თავისუფლება არაერთ მსგავს საქმეზე წერდა. ქალები, რომლებმაც ბავშვობაში ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მხრიდან გადატანილი ძალადობის შესახებ დუმილი 10, 20 და 25 წლის შემდეგ დაარღვიეს, რადიო თავისუფლებას პირადად უყვებოდნენ როგორც გადატანილი ძალადობის, ისე წლების შემდეგ სამართლის ძიების გამოცდილებაზე.
ამ საქმეებში გამოძიებამ, წლების შემდეგ შეძლო მტკიცებულებების მოპოვება. სასამართლომ კი ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანა.
* ანონიმურობის დაცვის მიზნით, სტატიაში შეცვლილია დაზარალებულის სახელი.