რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებისთვის რეკომენდაცია გაუწია კანონპროექტს, რომლებიც ითვალისწინებს ახალ ჯარიმებს ისეთი „კონტენტის” (შინაარსის) გავრცელებისთვის, რომელიც არ შეესაბამება „ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების“ გაგებას.
კანონპროექტი აწესებს ადმინისტრაციულ სანქციებს უკვე მოქმედი აკრძალვების დარღვევისთვის, რომლებიც ეხება „ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დისკრედიტაციის ან მათი უარყოფის პროპაგანდის შემცველი მასალების“ გავრცელებას. ჯარიმები ასევე დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის ასეთი მასალების წაშლაზე „როსკომნადზორის“ მოთხოვნით ან კულტურის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.
„არატრადიციული“ მასალების გავრცელებისთვის მოქალაქეებს 5 ათას რუბლამდე ჯარიმა დაეკისრებათ, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი - 150 ათას რუბლამდე; თანამდებობის პირებს - 100 ათას რუბლამდე (განმეორებით შემთხვევაში - 400 ათას რუბლამდე), იურიდიულ პირებს კი - 700 ათას რუბლამდე (განმეორებით შემთხვევაში - 3 მილიონ რუბლამდე).
„როსკომნადზორის“ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის მოქალაქეებს 20 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრებათ (განმეორებით დარღვევის შემთხვევაში - 300 ათას რუბლამდე), თანამდებობის პირებს - 200 ათას რუბლამდე (განმეორებით შემთხვევაში - 800 ათას რუბლამდე), იურიდიულ პირებს კი - 1 მილიონ რუბლამდე, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში - 5 მილიონ რუბლამდე.
ასევე ნახეთ
რუსეთში დასმენის ეპიდემიააცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრი სერგეი ბოიარსკი ირწმუნება, რომ კანონპროექტში ნახსენებ მოქალაქეებში იგულისხმებიან იმ სერვისების მფლობელები (და არა მომხმარებლები), რომლებზეც ასეთი "კონტენტი" ქვეყნდება.
კითხვაზე, ვინ განსაზღვრავს, შეესაბამება თუ არა ნაწარმოებები რუსულ ტრადიციულ ღირებულებებს“, ბოიარსკიმ ასე უპასუხა:
„საუბარია სწორედ ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დისკრედიტაციის განზრახვაზე, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის განკარგულებაშია განსაზღვრული“.
ასევე ნახეთ
რუსულ შოუბიზნესს „ტრადიციული ღირებულებების“ სავალდებულო სამსახურში იწვევენ„პუტინის უკაზი“
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 2022 წლის 9 ნოემბრის N809 განკარგულებაში („ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები“) ჩამოთვლილია „რუსეთის ტრადიციული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებები”. განკარგულების ოფიციალური მიზანია „რუსეთის დაცვა სოციოკულტურული საფრთხეებისგან“, რისთვისაც . ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკას განახორციელებენ პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა ორგანოები „საზოგადოების მონაწილეობით“.
ექსპერტთა თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვაზე, მათ შორის საკანონმდებლო კონტექსტშიც. თუმცა, აქამდე ამ ღირებულებების ცნება განმარტებული არ ყოფილა. პუტინის განკარგულებაში პირველად გაჩნდა მათი განსაზღვრება, თუმცა ის მაინც ბუნდოვანია. პუტინის განკარგულების მიხედვით, „ტრადიციული ღირებულებები არის ზნეობრივი ორიენტირები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და საფუძვლად უდევს საერთო-რუსულ სამოქალაქო იდენტობას“.
ტრადიციულ ღირებულებებს პუტინმა მიაკუთვნა:
- პატრიოტიზმი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამშობლოს სამსახური და პასუხისმგებლობა მის ბედზე;
- ისტორიული მეხსიერება და თაობათა მემკვიდრეობითობა, რუსეთის ხალხთა ერთიანობა;
- ადამიანის სიცოცხლე, ღირსება, უფლებები და თავისუფლებები;
- მტკიცე ოჯახი, მაღალი ზნეობრივი იდეალები;
- შემოქმედებითი შრომა, კოლექტივიზმი, ურთიერთდახმარება და ურთიერთპატივისცემა;
- სულიერის უპირატესობა მატერიალურზე, ჰუმანიზმი, გულმოწყალება, სამართლიანობა.
ასევე ნახეთ
მისი მშვენიერი ძიძები: როგორ იზრდებიან პუტინის ვაჟები დასავლელი გუვერნანტების გარემოცვაშიპუტინმა თავის განკარგულებაში „ღირებულებების“ რელიგიურ ასპექტსაც გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ქრისტიანობამ, ისლამმა, ბუდიზმმა, იუდაიზმმა და სხვა რელიგიებმა „მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ტრადიციული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე“, თუმცა ამ ღირებულებების განმტკიცებაში პუტინმა განსაკუთრებული როლი მართლმადიდებლობას მიანიჭა.
პუტინის აზრით, „ტრადიციულ ღირებულებებს“ საფრთხეს უქმნიან:
- ცალკეული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები;
- აშშ;
- სხვა „არამეგობრული“ ქვეყნები (ასეთია 50-ზე მეტი);
- უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ზოგიერთი ორგანიზაცია და პირი რუსეთში;
- ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციები.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საფრთხე მდგომარეობს „ისტორიული სიმართლის დამახინჯებასა“ და „ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელიც სულიერ ღირებულებებს უგულებელყოფს“. პუტინის განკარგულების მიხედვით, საჭიროა „ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა“.
ასევე ნახეთ
როგორ ებღაუჭება რუსული კინო „ჩებურაშკას“ ყურებს2022 წლის ოქტომბრის ბოლოს ვლადიმირ პუტინი „ტრადიციული ღირებულებების“ თემას ასევე შეეხო ვალდაის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც მან ბუნდოვანი განცხადება გააკეთა: „[რუსეთის] ტრადიციული ღირებულებები დასავლური ღირებულებებისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი განუმეორებელია. ტრადიციული ღირებულებების თავს მოხვევა შეუძლებელია. მათ პატივი უნდა ვცეთ“. ამავე გამოსვლაში პუტინმა გააკრიტიკა „დასავლეთის მცდელობები, თავს მოახვიოს რუსეთს ერთნაირსქესიანთა წყვილები და ათი გენდერი“. ამასთან, პუტინი ამბობდა, რომ „უმცირესობათა უფლებას, იყვნენ მრავალფეროვანნი, მხარი უნდა დავუჭიროთ, ოღონდ სხვათა უფლებების ხარჯზე არა“.
ცენზურაც და თვითცენზურაც
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოამზადეს კანონპროექტი „ტრადიციული ღირებულებების დისკრედიტაციისთვის“ ჯარიმების დაწესების შესახებ. ადმინისტრაციული ჯარიმა მოქალაქეებისთვის 5 ათას რუბლი, თანამდებობის პირებისთვის 100 ათას რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის კი 700 ათას რუბლამდე იქნება. განმეორებითი დარღვევისთვის კიდევ უფრო მაღალი ჯარიმები დაწესდება.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი ბოიარსკიმ აღნიშნა, რომ კანონპროექტში ნახსენებ „მოქალაქეებში“ სოციალური ქსელების ანგარიშების მფლობელები იგულისხმებიან და არა მათი მომხმარებლები. შესაბამისად, თითქოს, "კონტენტის" მომხმარებლებს ჯარიმები არ ემუქრებათ.
ასევე ნახეთ
როგორ შეიცვალა ლგბტქ ადამიანების ცხოვრება რუსეთში 2024 წელსექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ამზადებს მორიგ რეპრესიულ კანონს, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი კულტურის სამინისტრო იქნება. მათი თქმით, რუსეთის კულტურის სამინისტრო ისედაც დიდი ხანია აკონტროლებს ქვეყანაში „სწორი ღირებულებების” დაცვას, რაც გამოიხატება იმაში, რომ რედაქტირდება პოპულარული უცხოური სერიალები და ფილმები: იჭრება LGBTQ+ ურთიერთობების შესახებ მინიშნებები და სხვა ისეთ ელემენტები, რომლებიც კონსერვატიული იდეოლოგიის ჩარჩოებში არ ჯდება. ასეთივე მიდგომა ვრცელდება წიგნებსა და ვიდეო-თამაშებზე.
საქმე ისაა, რომ რუსეთში მოქმედებს საკანონმდებლო აკრძალვებისა და თვითცენზურის სისტემა, რის გამოც ფილმებიდან, სერიალებიდან, წიგნებიდან და მუსიკალური ნაწარმოებებიდან მასობრივად ჭრიან ან შლიან LGBTQ+ თემატიკასთან, „ჩაილდფრის“ (ნებაყოფლობით უშვილობის) მოძრაობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ იმ მინიშნებებს, რომლებიც „რუსულ ტრადიციულ ღირებულებებთან“ შეუთავსებლად არის მიჩნეული.
როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში?
მრავალმილიონიანი ჯარიმების, ბლოკირების ან სისხლის სამართლის საქმეების თავიდან ასაცილებლად, მედია პლატფორმები და გამომცემლობები წინასწარ მიმართავენ ცენზურას:
კინო და სერიალები - სტრიმინგსერვისები (როგორებიცაა „კინოპოისკი“ და „ამედიატეკა“) მთლიან ჭრიან სცენებს, “ბლარავენ” კადრებს და ცვლიან დუბლაჟში თარგმანს. მაგალითად, სერიალებიდან „ეიფორია“, „სექსი დიდ ქალაქში“ და „თეთრი ლოტოსი“ ამოჭრეს სიუჟეტური ხაზები, გახმოვანებისას კი სიტყვა „გეი“ ჩაანაცვლეს სიტყვებით „კაცი“ ან „ბიჭი“. ბევრი ფილმი მთლიანად ამოიღეს კატალოგებიდან.
წიგნის ბაზარი - გამომცემლობები ქსლიდან იღებენ წიგნების ტირაჟებს ან მიმართავენ ე.წ. „ბლექაუტს“ - უკვე დაბეჭდილ წიგნებში მთელ აბზაცებსა და გვერდებს შავი საღებავით ფარავენ. მსხვილი საგამომცემლო ჰოლდინგები (მაგალითად, „ექსმო-ასტი“( Эксмо-АСТ)) ნეირონულ ქსელებს იყენებენ, რათა დაბეჭდვამდე ხელნაწერებში ავტომატურად აღმოაჩინონ „არასასურველი“ სიტყვები და თემები.
„პაზოლინი. სიკვდილი იდეებისთვის“, რობერტო კარნერო
რობერტო კარნეროს, „პაზოლინი. სიკვდილი იდეებისთვის“ - ერთ-ერთი პირველი წიგნია, რომელშიც შავი ზოლები გამოიყენეს (2024 წლის აპრილი). იტალიელი რეჟისორის ბიოგრაფიიდან ამოშალეს ცნობები მისი ჰომოსექსუალობისა და ძალადობის ამსახველი სცენების შესახებ.
მაიკლ კანინგემის, „დღე“ - პულიცერის პრემიის ლაურეატის რომანიდან შავი საღებავით დაფარეს ქვიარ ურთიერთობების ამსახველი სცენები.
ნატალია კლიუჩარევას, „აპოკალიფსის დღიური“ - წიგნის ათობით გვერდზე შავი ზოლებით მხოლოდ ორი სიტყვაა დაფარული: „ომი“ და „პუტინი“.
2025 წლის მაისში, „LGBT ექსტრემიზმის“ ბრალდებით გამომცემლობების Popcorn Books-ისა და Individuum-ის თანამშრომლების სახლების ჩხრეკისა და მათი დაკავების შემდეგ, საგამომცემლო ჰოლდინგმა „ექსმო-ასტმა“ (Эксмо-АСТ) წიგნის მაღაზიებს თითქმის 50 წიგნისგან შემდგარი სია დაუგზავნა. ჰოლდინგი მაღაზიებს ამ წიგნების ტირაჟების დაბრუნებას ან „ადგილზე განადგურებას“ სთხოვდა.
მუსიკა და ვიდეოთამაშები - მუსიკალური სტრიმინგსერვისები შლიან სიმღერებს ან მათ ცალკეულ სტრიქონებს, რომლებიც ნარკოტიკებს ან LGBTQ+ თემატიკას უკავშირდება. ზოგიერთი უცხოური ვიდეოთამაში ოფიციალურად საერთოდ არ იყიდება ან ადგილობრივი ბაზრისთვის სპეციალურად რედაქტირდება.კერძოდ: Roblox - 2025 წლის დეკემბერში რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორმა) დაბლოკა ეს პლატფორმა. რომელსაც უწყებამ ექსტრემიზმის, ძალადობის ამსახველი მასალებისა და „LGBT პროპაგანდის“ გავრცელებაში დასდო ბრალი. 2026 წლის თებერვალში დეველოპერ კომპანიის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა; Romance Club - 2024 წელს ეს მობილური ინტერაქტიური ვიზუალური ნოველა შეიტანეს აკრძალული ვებსაიტების რეესტრში, რადგან „თამაშში ერთნაირსქესიანი ურთიერთობების განვითარება იყო შესაძლებელი". დეველოპერებმა თამაში რუსეთის App Store-იდან და Google Play-იდან ამოიღეს; Tell Me Why - სათავგადასავლო თამაში, რომლის შემქმნელებიც Life Is Strange-ის ავტორები არიან, ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად კი ტრანსგენდერი მამაკაცი ჰყავს, რუსეთის Steam-ის რეგიონული კატალოგიდან და Microsoft Store-იდან ამოიღეს.
ასევე ნახეთ
რუსული და უნგრული კანონები: ვინ და როგორ აკრძალა „ლგბტ პროპაგანდა“ყველგან მიხალკოვის ყურები
ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ახალი კანონპროექტის („ტრადიციული ღირებულებების დისკრედიტაციის შესახებ“) მიღების უკან რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული კინორეჟისორი, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ნიკიტა მიხალკოვი დგას.
“უკრაინაში რუსეთის მასშტაბური შეჭრის შემდეგ ნიკიტა მიხალკოვის გავლენა სულ უფრო იზრდება, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას ჟურნალისტმა რენატ დავლეტგილდეევმა, - მისი გავლენის სფეროა კულტურის სამინისტრო, რომელსაც მიხალკოვის ნათლული, ოლგა ლიუბიმოვა ხელმძღვანელობს. სწორედ მიხალკოვმა შეარჩია კულტურის მინისტრის მომავალი კანდიდატი. დღეს მიხალკოვი რუსეთში იდეოლოგიის მთავარი განმსაზღვრელია. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა უბრალოდ კიდევ უფრო აძლიერებს მის ამ სტატუსს. 2022 წლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის პარანოიის გაძლიერების ფონზე, კრიტიკულად შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მასთან ძალიან ახლოს არიან. ნიკიტა მიხალკოვი სწორედ ასეთი პერსონაჟია. უდავოა, რომ ამჟამად ნიკიტა მიხალკოვის გავლენა პატრიარქ კირილეს გავლენაზე უფრო დიდია. კულტურის სამინისტრო საკუთარ უფლებამოსილებებსა და გავლენის სფეროს აფართოებს”.
რენატ დავლეტგილდეევის თქმით, ნიკიტა მიხალკოვის „ყურები“ ჩანს მრავალ პოლიტიკურ და ცენზურის საქმეში, რომლებიც კულტურის, კინემატოგრაფიისა და თეატრის პოლიტიკას უკავშირდება. ჟურნალისტის მტკიცებით, სწორედ მიხალკოვი დგას რეჟისორ ჟენია ბერკოვიჩის დევნის უკან.
რენატ დავლეტგილდეევი
“მიხალკოვი ერთ-ერთი დაინტერესებული პირია „შიშველი წვეულების“ მონაწილეთა დევნის საქმეშიც. ეს წვეულება, ფაქტობრივად, იქცა ათვლის წერტილად, საიდანაც რუსეთის კულტურის, შოუბიზნესისა და მუსიკის ბაზარზე თამაშის ახალი წესები დამკვიდრდა. სწორედ მიხალკოვი დგას იმ კულტურული პოლიტიკის უკან, რომელსაც დღეს რუსეთში ატარებენ”, – მიიჩნევს რენატ დავლეტგილდეევი.
ცენზორის ინსტიტუტის დაბრუნება?
ამჟამად რუსეთის კონსტიტუციით ცენზურა აკრძალულია, თუმცა რუსეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა და პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვედკოიმ 2025 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში შენიშნა, რომ ცენზორების ფაქტობრივ როლს ასრულებენ „ბიუროკრატები“, თავად ცენზურა კი პრევენციულის ნაცვლად, „სადამსჯელოა“.
მიხაილ შვედკოი ერთ დროს რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ლიბერალური წევრი (2000-2004 წლებში კულტურის მინისტრი), ასევე გადაცემის „კულტურული რევოლუციის“ წამყვანი. ამჟამად შვიდკოი მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შედის პროგრამა „გმირების დროის“ საზოგადოებრივ საბჭოში. პროგრამა მიზნად ისახავს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეთა მმართველობითი გამოცდილების გაფართოებას.
მიხაილ შვიდკოი
სტატიაში მიხაილ შვიდკოი საბჭოთა ცენზურის გამოცდილებას იხსენებს და მიიჩნევს, რომ თანამედროვე რუსეთში ხელოვნების სფეროს რეგულირების არსებული სისტემა შემოქმედებით თავისუფლებას ზღუდავს. მისი აზრით, საბჭოთა კულტურული პოლიტიკის პირდაპირი გამეორება შეუძლებელია, თუმცა მკაცრი იდეოლოგიური ჩარჩოების მიუხედავად, იმდროინდელ კულტურაში არსებობდა შემოქმედებითი სივრცე, რომელმაც მსოფლიო დონის ლიტერატურა, ჟურნალისტიკა, კინო და თეატრი შექმნა.
შვიდკოი აკრიტიკებს კანონებისა და ბუნდოვანი შეზღუდვების მუდმივ ზრდას, რომლებიც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აიძულებს, შემოქმედებისას შესაძლო სამართლებრივ შედეგებზე იფიქრონ
„შეუძლებელია შემოქმედება, როცა მაგიდაზე რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებები და კანონთა კრებულები გიდევს“, - წერს იგი.
მისი აზრით, ბიუროკრატიული აკრძალვების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა მეტი სიცხადე და პროფესიონალი ცენზორების ინსტიტუტის აღდგენა.
“როგორც ჩანს, გაცილებით პატიოსანი იქნებოდა ცენზურის დაბრუნება, რომელსაც პროფესიონალები განახორციელებდნენ და არა სხვადასხვა უწყების ბიუროკრატები, რომლებმაც თავადაც ბოლომდე არ იციან, სინამდვილეში რისი უნდა ეშინოდეთ, რომ თანამდებობა არ დაკარგონ და ამით კარიერა არ დაინგრიონ. დიახ, ცენზურის ინსტიტუტის აღდგენა იაფი სიამოვნება არ არის — ამისთვის არა ასობით, არამედ ათასობით განათლებული სახელმწიფო მოხელეა საჭირო, მაგრამ, ალბათ, მხოლოდ მას შეუძლია შემოქმედებით გარემოში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნება”.
რუსი ისტორიკოსის, ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორის ივან კურილას თქმით, შვიდკოი უბრალოდ ცენზურის (ცენზორის) დაბრუნებას კი არ ითხოვს, არამედ ყვირის პრაქტიკაში წესების არარსებობაზე.
“არავინ იცის, რისთვის და როდის შეიძლება გამოაცხადონ უცხოეთის აგენტად, არასასურველ პირად, აღძრან მის წინააღმდეგ საქმე, დააპატიმრონ ან ციხეში გაუშვან. არ არსებობს მკაფიო საზღვრები: ვიღაც, როგორც ჩანს, წარმოსახვით აკრძალვებს ბევრად სცდება, სხვას კი სოციალურ ქსელში სრულიად უწყინარი კომენტარისთვის აგზავნიან ციხეში. შვიდკოის სტატია არც დაცინვაა და არც ხელისუფლების რომელიმე ჩანაფიქრის მხარდაჭერა. ეს არის მოწოდება, დაწესდეს თუნდაც გარკვეული, გასაგები კრიტერიუმები და წესები, რომელთა ფარგლებშიც ცხოვრება შესაძლებელი იქნება. სწორედ ამ თვალსაზრისით წარმოგვიდგება საბჭოთა სისტემა (წითელი ხაზებითა და მკაფიო აკრძალვებით) მოულოდნელად უკეთეს ვარიანტად, ვიდრე დღევანდელი საყოველთაო ნაცრისფერი ზონა. თუმცა დღევანდელი რეჟიმი სწორედ ასეთი გაურკვევლობით ცხოვრობს. წესების არარსებობას სხვა სახელი ჰქვია - განუკითხაობა. მათთვის კი, ვინც ახლა ხელისუფლებაშია და ძალოვან რესურსებზე მიუწვდება ხელი, თვითნებობა უფრო სასურველია, ვიდრე მკაფიოდ შემოსაზღვრული ჩარჩოების არსებობა, თუნდაც ეს საზღვრები დრაკონული სიმკაცრის აკრძალვებს გულისხმობდეს”, - დაწერა ივან კურილამ სოციალურ ქსელში.
რეჟიმის ორმაგი მორალი
რუსეთის ხელისუფლება წლებია, ტრადიციული ღირებულებების დაცვას სახელმწიფო იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად წარმოაჩენს. კრემლის პოლიტიკური რიტორიკის მიხედვით, რუსეთი დასავლურ ლიბერალიზმს, მორალურ დაცემასა და ოჯახის ინსტიტუტის რღვევას უპირისპირდება. ამ გზავნილის მნიშვნელოვანი ნაწილია მართლმადიდებლობის, მრავალშვილიანი ოჯახის, სექსუალური თავშეკავებისა და საზოგადოებრივი მორალის დაცვა. თუმცა ამ იდეოლოგიურ სურათს ხშირად ეწინააღმდეგება თავად რუსეთის პოლიტიკური და სახელოვნებო ელიტის ცხოვრების წესი - ფუფუნება, პროვოკაციული წვეულებები, სკანდალური პირადი ურთიერთობები და საჯარო განცხადებებსა და პირად ქცევას შორის არსებული სხვაობა.
2024 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უფაში, VK Fest-ზე, მომღერალი ოლგა ბუზოვა სცენაზე შავი ტყავის ე.წ. ბოდეთი და მაღალყელიანი ჩექმებით გამოვიდა. კონცერტს დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ესწრებოდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვები იყვნენ. შემთხვევა გააკრიტიკეს ბაშკირეთის დეპუტატმა რუსტემ ახმადინუროვმა და ეკატერინა მიზულინამ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმაც განაცხადა, რომ ინციდენტს შეისწავლიდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი აღმოჩნდა, მომღერლის ხელისუფლებისადმი ლოიალური განწყობა.
ოლგა ბუზოვა
ექსპერტთა თქმით, ორმაგი მორალის თვალსაჩინო მაგალითია „თითქმის შიშველი წვეულება“, რომელიც 2023 წლის დეკემბერში გაიმართა. მაშინ, რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ მოსკოვის კლუბ Mutabor-ში მოაწყო ე.წ. Almost Naked Party. სტუმრები ნახევრად შიშვლები, გამჭვირვალე სამოსითა და ეროტიკული სტილის აქსესუარებით გამოცხადდნენ. მონაწილეებს შორის იყვნენ რუსეთის შოუბიზნესის ცნობილი სახეები, მათ შორის ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, ლოლიტა და ქსენია სობჩაკი.
სკანდალი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ღონისძიების ფოტოები გავრცელდა. პროპაგანდისტებმა და კონსერვატიულმა აქტივისტებმა წვეულება „გარყვნილებად“ და „რუსული საზოგადოების შეურაცხყოფად“ გამოაცხადეს. მონაწილეთა ნაწილს საჯარო ბოდიშის მოხდა მოუწია. ზოგიერთს კონცერტები და სატელევიზიო გამოჩენები გაუუქმეს.
წვეულების მონაწილეთა დიდი ნაწილი (მანამდე ან შემდეგ) საჯაროდ უჭერდა მხარს რუსეთის ხელისუფლებას და მის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს. სწორედ ამ წინააღმდეგობამ აქცია შემთხვევა პოლიტიკურ სკანდალად.
ნასტასია ივლეევა - თითქმის შიშვესი წვეულების მასპინძელი და მისი სტუმარი
ჟურნალისტმა რენატ დავლეტგილდეევის თქმით, რუსეთის საზოგადოება სულაც არ არის ყოველთვის ტრადიციონალისტურად განწყობილი. მაგალითად, რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს სერგეი Grey Wiese-სა და ანდრეი გრიგორიევ-აპოლონოვის (Andrey All Right) - ორი რუსულენოვანი ბლოგერის ურთიერთობისა და დაშორების ამბავი, რომელიც 2026 წლის ნოემბერში რუსულენოვანი ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. სკანდალი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ანდრეიმ 2 ნოემბერს ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს და სერგეისთან განქორწინების საკუთარი ვერსია მოყვა. სერგეიმ კი საპასუხოდ ორი ვრცელი ვიდეო ჩაწერა ბლოგერ იგორ სინაკთან ერთად. თავის მხრივ იგორ სინაკიც რუსეთში (პუტინის მტკიცებით „ტრადიციული ღირებულებების“ ერთგულ ქვეყანაში) აქტიურად უწევს პოპულარიზაციას საკუთარ ფემინურ იმიჯს.
ყველა ამ ინტერვიუს მილიონობით ნახვა აქვს და ეს მაღალი ინტერესი, როგორც ჟურნალისტი რენატ დავლეტგილდეევი ამბობს, აშკარად არ ჯდება სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეულ „ტრადიციული ღირებულებების“ ჩარჩოებში.
სერგეი Grey Wiese და ანდრეი გრიგორიევ-აპოლონოვი (Andrey All Right)
“ვფიქრობ, მათი პოპულარობის რამდენიმე ახსნა არსებობს. არსებობს აუდიტორია, რომელსაც სურს, მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იყოს და მეტ-ნაკლებად ანტისაომარი შეხედულებები აქვს და დაიღალა საინფორმაციო სივრცეში გაუთავებელი ომის, სისხლის, ტანჯვისა და ტკივილის გარემოში ცხოვრებით. ამ ადამიანებს სურთ, შეეხონ ისეთ გულწრფელ, უბრალო, გასაგებ, ნორმალურ და ადეკვატურ ადამიანებს, რომლებსაც ასევე ანტისაომარი შეხედულებები აქვთ და თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ჩვენ გვესმის მათი პოზიცია, გვესმის, რა გზა გაიარეს, მაგრამ ისინი ამ თემას მუდმივად არ უსვამენ ხაზს და საკუთარ ბლოგს პოლიტიკურ ელფერს არ აძლევენ. გარდა ამისა, ისინი ძალიან კარგად საუბრობენ ქვიარ იდენტობის თემაზე და, ბუნებრივია, ქვიარ მოზარდებიც მათი ფანების აუდიტორიის ნაწილია. აუდიტორიის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენენ 45-50 წლის ქალები, რომლებსაც ეს ყველაფერი თავისად მიაჩნიათ და მოსწონთ. ეს ისეთივე ფენომენია, როგორიც მექსიკური სერიალების ყურება და სხვისი ცხოვრებისთვის თვალის მიდევნება“, - ამბობს ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, ეს ბლოგერები [სერგეი და იგორი] თავიანთ ამბავს ეპიზოდიდან ეპიზოდამდე საკმაოდ ოსტატურად აგებენ, აქვთ თავიანთი მინუსები და ნაკლოვანებები, მაგრამ მაყურებლები ხედავენ, რომ ისინი არიან სასიამოვნო ადამიანები, რომელთა დანახვაც არ იწვევს გაღიზიანებას.
“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსული შოუბიზნესის ყველაზე პოპულარული პერსონაჟები დღეს სხვა ქვეყნებში გადასახლებული, ანტისაომარი პოზიციის მქონე ადამიანები არიან და არა [ხელისუფლების მხარდამჭერი] ლარისა დოლინა ან ფილიპ კირკოროვი", - ამბობს რენატ დავლეტგილდეევი.