კობახიძის თქმით, 2008 წლის ომი წინა ხელისუფლებამ დაიწყო და 2004-2012 წლებში რუსეთმა მოახდინა საქართველოში ეკონომიკური და ტერიტორიული ექსპანსია. საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში (IIEA) კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ შეხვედრას ინსტიტუტის გენერალური დირექტორი მარკ რედმონდი უძღვებოდა.
ირაკლი კობახიძის სრული ციტატა რუსეთზე:
„ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი საერთოდ არ არის საქართველოში. თუკი საქართველოში რუსეთის გავლენის საკითხს შევხედავთ, რუსეთს არ გააჩნია საქართველოზე ზეგავლენის არანაირი ინსტრუმენტი, მინიმუმ - არანაირი არსებითი ინსტრუმენტი.
საბოლოოდ, როცა ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ საკითხს ვსვამთ ძალიან მარტივად - მოდით ვიმსჯელოთ შედეგებზე დაყრდნობით. მოდით, შევხედოთ წინა მთავრობის შედეგებს, რომელიც უკიდურესად „პროდასავლური“ იყო, რაც, სხვათა შორის, სრული სიყალბეა და ახლა შევხედოთ „ქართული ოცნების“ - ჩვენი მთავრობის შედეგებს. წინა მთავრობის შედეგები რუსეთთან მიმართებით იყო შემდეგი: ეკონომიკური ექსპანსია - წინა მთავრობამ 2004-2012 წლებში უამრავი სტრატეგიული ეკონომიკური ქონება მიჰყიდა რუსეთის კომპანიებს. ერთ მაგალითს მოვიყვან - საქართველოს დედაქალაქი თბილისი გაზით, ელექტროენერგიითა და წყლით მარაგდებოდა რუსული კომპანიების მეშვეობით. ეს გაკეთდა წინა მთავრობის მმართველობისას. ასე რომ, მათ ეს სტრატეგიული ეკონომიკური ქონება, სტრატეგიული ჰიდროელექტროსადგურების და ა.შ. ჩათვლით, მიჰყიდეს რუსულ კომპანიებს. ანუ, რუსეთის ეკონომიკური ინტერვენცია იყო წინა მთავრობის მოქმედებების ერთ-ერთი ძირითადი შედეგი.
მეორე საკითხი იყო რუსეთის ტერიტორიული ექსპანსია. იცით, რა მოხდა 2008 წელს - წინა მთავრობის დროს რუსეთმა მოახერხა უზრუნველეყო საკუთარი ტერიტორიული ექსპანსია საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, წინა მთავრობის მოქმედებების შედეგები იყო ეკონომიკური ექსპანსია და ტერიტორიული ექსპანსია.
მოდი, შევხედოთ ახალი მთავრობის შედეგებს - [რუსეთის - რ.თ.] ნული ტერიტორიული ექსპანსია 2012 წლიდან დღემდე და ნული ეკონომიკური ექსპანსია 2012 წლიდან დღემდე. ეს არის მხოლოდ შედეგები. და საბოლოოდ უნდა განვსაჯოთ შედეგებზე დაყრდნობით და არა ზოგად აღქმებზე დაყრდნობით“.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი კავშირი და ურთიერთობა არ გააჩნია მოსკოვთან. მას უხსენებია 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება - როცა რუსეთთან ურთიერთობებში თავის სპეცწარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დანიშნა, მისთვის თანამდებობის შენარჩუნებით.
ასევე ნახეთ
კობახიძე „გლობალური ომის პარტიაზე“: მათზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა, ამიტომ არ ვაკონკრეტებთ11 ნოემბრის შეხვედრაზე, რომელიც დუბლინში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის წინა დღეს გაიმართა, კობახიძემ ერთი მხრივ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების რუსეთთან ოფიციალური ურთიერთობები უარყო და მეორე მხრივ მოლდოვასთან შედარების გზას მიმართა:
„ჩვენ არ გაგვაჩნია დიპლომატიური კავშირები რუსეთთან, გვაქვს ნული პოლიტიკური კავშირები რუსეთთან - ნული პოლიტიკური შეხვედრები...
მაგალითად, მოლდოველი პოლიტიკოსები - მაგალითად, მინისტრების მოადგილეები შეიძლება მოლაპარაკებებისთვის ჩავიდნენ რუსეთში, დაბრუნდნენ და ამას არა უშავს. მათ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. მოლდოვას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ამ დრომდე ისინი არიან დსთ-ს წევრები და ამისთვის არავინ აკრიტიკებს მოლდოვას - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების, სავაჭრო ურთიერთობებისა და პოლიტიკური კომუნიკაციების შენარჩუნებისთვის. თუმცა, საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები, პოლიტიკური დონის კომუნიკაციაც კი რუს პოლიტიკოსებთან - 2012 წლის შემდეგ გაიმართა ნული შეხვედრა ქართველ და რუს პოლიტიკოსებს შორის. მოლდოველებს კი შეუძლიათ შეხვედრების გამართვა. ქართველები არ მართავენ შეხვედრებს, მაგრამ საქართველო პროდასავლურია. სხვათა შორის, მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის, თუ არ მეშლება, მხოლოდ 45%-მა მისცა ხმა ევროკავშირის სასარგებლოდ. საქართველოში კი ძირითადად მთავრობის წყალობით, მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 70%-ზე მეტია. მოლდოვისა კი - 45%. ეს უბრალოდ ფაქტებია. ...დანარჩენი მხოლოდ ყალბი ინფორმაცია და აღქმებია“.
მოლდოვა ფორმალურად რჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრად და რამდენიმე თვეში სამართლებრივადაც დატოვებს მას: მოლდოვის პარლამენტმა 2026 წლის აპრილში დაუჭირა მხარი დსთ-დან გამოსვლას, პრეზიდენტმა სანდუმ ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას და 2027 წლის აპრილში მოლდოვა ოფიციალურად დატოვებს ორგანიზაციას, რომლის შეხვედრებშიც 2022 წლიდან აღარ მონაწილეობს. კიშინიოვმა გააუქმა დსთ-ში წევრობისა და მასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი შეთანხმება. მოლდოვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური დაახლოება ევროკავშირთან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძემ IIEA-ში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მთავარი მიღწევა დემოკრატიაა. საუბრის ამ მონაკვეთში თქვა მან 2008 წლის ომის „წინა მთავრობის“ მიერ დაწყებაზეც:
„არ ვიცი, რამდენად იცნობთ წინა მთავრობას: წამება ციხეებში, ბიზნესის რეკეტი, საშინელი რაღაცები ხდებოდა საქართველოში და ომი, რომელიც მათ დაიწყეს 2008-ში და ყველა საშინელება, რაც მათ ჩაიდინეს... მაგრამ, წინა მთავრობას ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა - ადამიანების წამებაზე ციხეებსა და მის გარეთ, ბიზნესის რეკეტზე, არჩევნების გაყალბებაზე. ეს იყო ზუსტად ავტორიტარული მმართველობა, რაც 2012 წლამდე გვქონდა. და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სწორედ დემოკრატიაა“.
ასევე ნახეთ
კობახიძემ ევროკავშირის ელჩი „ტრაგიკულ პიროვნებად“ მოიხსენიაკობახიძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მის მთავრობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა პროცესს "ევროპელი ბიუროკრატები" უშლიან ხელს. მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა ევროკავშირის ელჩი.
4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ "გაფართოების ანგარიშის" საქართველოს შესახებ უკიდურესად კრიტიკულ ნაწილში კვლავაც აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავაც სახელწოდებით რჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად, რომ ის არ ასრულებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თანმხლებ 9 პირობას, რომ დემოკრატიული უკუსვლა ბოლო საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან კიდევ უფრო შემცირდა და აგრეთვე არ შეუსრულებია უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული თითქმის არც ერთი რეკომენდაცია.
12 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქში იმართება "ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის" სამიტი, რომელშიც დაახლოებით 50 ქვეყნის მთავრობისა და სახელმწიფო მეთაური მონაწილეობს. წლევანდელი სამიტის დევიზია - "ევროპა - ძლიერი, დაცული და დაკავშირებული". ირლანდია ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა.