მკვლელობა წუხელ, 11 ნოემბერს, მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ, გერმანული ჰოსპიტალის სიახლოვეს, კორპუსში მოხდა.
წყვილს თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ლიფტთან დაესხნენ თავს.
ვინ არიან მოკლულები
მოკლულები არიან 72 წლის სოსო სუჯაშვილი და მისი მეუღლე, ნანა ფირანიშვილი.
გამოცემა „პრაიმტაიმის“ ცნობით, წარმოშობით ყაზბეგელი წყვილი თბილისში ცხოვრობდა და „მცირე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა“.
სოციალურ ქსელებში მათ ოჯახის წევრებს უსამძიმრებენ.
ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დილას განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
გაავრცელეს მისთვის ხელბორკილების დადების კადრებიც. ვინაობა ჯერ უცნობია. ის თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
შსს-ს გამოძიებით, დაკავებულმა პირმა 11 ნოემბერს, ხანშიშესულ ცოლ-ქმარს მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დახოცა, შემდეგ კი მიიმალა.
„წინ უძღოდა დავა“
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა“, - აცხადებს შსს-ს.
ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.