კოსმონავტების 49 ნომერში, მეოთხე სადარბაზოს პირველ სართულზე, ლიფტთან ჯერ ისევ ჩანს სისხლის კვალი. 11 ნოემბრის საღამოს, აქ, ცოლ-ქმარი, 72 წლის სოსო სუჯაშვილი და მისი მეუღლე, 67 წლის ნანა ფირანიშვილი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ცოლ-ქმარი ამ კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა.
სისხლის კვალი სადარბაზოში
მკვლელობაში ბრალდებული, 62 წლის კაცი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისის შემოგარენში დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა "ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები".
ხანში შესულ ცოლ-ქმარს ექსპერტიზის ბიუროდან ყაზბეგში გადაასვენებენ. ისინი წარმოშობით იქიდან არიან. კოსმონავტების 49 ნომერში კი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
რა მოხდა კოსმონავტების 49-ში?
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაცი, რომელმაც 11 ნოემბრის საღამოს, დაახლოებით 8 საათისთვის, ცოლ-ქმარი დახოცა, მათ კორპუსთან ელოდა.
სადარბაზოს შესასვლელი
თავდაპირველ ვერსიას, რომ ცოლ-ქმარი ორმა ნიღბიანმა პირმა მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.
მათი ინფორმაციით, მკვლელობაში მხოლოდ ერთი ადამიანი მონაწილეობდა. მას სამედიცინო ნიღაბი ეკეთა. რადიო თავისუფლებას შსს-ში ეუბნებიან, რომ ადგილზე არსებული ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ამოღებულია.
მეზობლები ცოლ-ქმარს დადებითად ახასიათებენ. ჟურნალისტებთან ლაპარაკი არ სურთ. ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რატომ დახოცეს ისინი.
რას საქმიანობდა ცოლ-ქმარი?
რამდენიმე ათეული წელია, ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრ „საბაში“ მუშაობს. მათი სავაჭრო სივრცე, პირველ სართულზე, სადაც ავეჯს ყიდდნენ, ახლა ლენტებითაა შემოსაზღვრული. ცენტრის ადმინისტრაცია გვიხსნის, რომ ეს ლენტები თავად გააბეს.
სავაჭრო ცენტრი "საბა" - სივრცე, სადაც ცოლ-ქმარი ავეჯით ვაჭრობდა, 12 ნოემბერი, 2026 წელი
„ყველა იცნობდა. არაჩვეულებრივი ხალხი იყო. უმეტესად ცოლი იყო აქ. ის ვაჭრობდა. ქმარი საღამოობით აკითხავდა და მიჰყავდა ხოლმე. ისეთი გაოგნებულები ვართ, სანთლის ანთებაც ვერ მოვასწარი. ამ დილას გავიგეთ, რაც მოხდა“, - წუხს ქალი, რომელსაც ცოლ-ქმრის სავაჭრო სივრცის გვერდით აქვს ობიექტი.
მან ნანა ფირანიშვილი ბოლოს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა:
„დიახ, გუშინაც აქ იყო. ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, აბსოლუტურად არაფერი ეტყობოდა. არც გაღიზიანება, არც ნერვიულობა. არაფერი უხსენებია. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ყოველდღიური შეხება გვქონდა. ყველაზე ბოლოს მიდიოდა ხოლმე, შვიდის ნახევრისკენ და გავძახებდი ხოლმე, ნანა დეიდა, მიმიხედეთ აქაურობას-მეთქი. აქ არავინ მოსულა, არ გამიგია, რომ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდათ“, - გვეუბნება ქალი.
ამავე სივრცეში მუშაობს მოკლული ქალის დაც. მისი ქმარი გვეუბნება, რომ არ იცის, რა მოხდა. მხოლოდ იმას გვიდასტურებს, რომ ცოლ-ქმარს ექსპერტიზის ბიუროდან ყაზბეგში გადაასვენებენ.
ფოტოზე მარცხნივ - მოკლული ქალის დის ქმარი, სავაჭრო ცენტრი "საბა", 12 ნოემბერი, 2026 წელი
სავაჭრო ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი, მაყვალა ცოფურაშვილი გვეუბნება, რომ მოკლულ ქალთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მასთან საუბრისას ქალმა ახსენა, რომ გარდა იმ ბინისა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, კიდევ ერთი ბინა ჰქონდა:
მაყვალა ცოფურაშვილი, "საბას" თანამშრომელი, 12 ნოემბერი, 2026 წელი
„ამ დილით გავიგე, რაც მოხდა. უპატიოსნესი ხალხი იყო. ერთხელ მითხრა, საბურთალოზეც მაქვს ბინა ნაყიდიო. ალბათ 30 წელი მაინც იქნება, რაც აქ მუშაობს. ქმარი ორჯერ ნაოპერაციები ჰყავდა, ძლივს გადაარჩინა. მეც ყოველთვის გვერდში მედგა“.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი?
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რომელსაც შსს-ც გვიდასტურებს, მკვლელობის ვერსიად განიხილება იპოთეკით დატვირთული ბინა, რომელიც სესხის გადაუხდელობის გამო ბანკმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.
ცოლ-ქმარმა სწორედ ეს ბინა შეიძინა. ბინა ბრალდებულის ოჯახს, უფრო კონკრეტულად, მის დას ეკუთვნოდა.
200 კვადრატულზე მეტი ფართის ბინა, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზეა. იქ მისულებს, სადარბაზოში, ბრალდებულის ოჯახის ახლობელი დაგვხვდა.
ბინა ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც ცოლ-ქმარმა აუქციონზე შეიძინა, 12 ნოემბერი, 2026 წელი
როგორც ის გვეუბნება, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს სწორედ დღეს. 12 ნოემბერს უნდა გამოესახლებინათ ბინიდან ბრალდებულის და.
მისი თქმით, ბინა აუქციონზე რამდენიმე წლის წინ, 100 000 ლარად გაიყიდა. ბინის ყოფილ და ახალ მფლობელებს შორის მოლაპარაკებები წლების განმავლობაში უშედეგოდ სრულდებოდა:
„ოთხჯერ გადავდეთ გამოსახლება, მაგრამ დღეს უკვე ბოლო ვადა იყო და გასაღები უნდა აეღოთ. მუდმივ მოლაპარაკებებზე ვიყავით, რომ მივცემდით თანხას. 100 000 ლარი გადაიხადეს და ვეუბნებოდით, რომ 150 000 დოლარს გადავუხდიდით, ოღონდ წამოსულიყო მოლაპარაკებაზე.
გუშინ, 11 ნოემბერს, საღამოს ხუთ საათზე ჰქონდათ ბოლო მოლაპარაკება აღსრულებაში, რომ რამენაირად წამოსულიყვნენ შეთავაზებაზე. ადვოკატი იყო მისული. ადვოკატი უარით რომ დაბრუნდა, გ. სახლიდან გავიდა. არ ვიცოდით, სად წავიდა, გვეგონა, თავი მოიკლა და შემდეგ ვნახეთ უკვე ეს ამბავი...
ვერავინ წარმოიდგენდა ამ ტრაგედიას. საუკეთესო ადამიანი და მეგობარი, გიასგან ასეთი რამ... თან გუშინ რომ თქვეს, გაიქცაო, ნიღაბი ეკეთაო. აგრესიული დიაბეტი აქვს. ორივე ფეხი აწუხებს, ძლივს დადის, რისი გამქცევი იყო... გამწარებულზე ჩაუსაფრდა და მოკლა. როგორც ჩანს, გუშინდელი ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა და მოკლა“, - ჰყვება ბრალდებულის ოჯახის ახლობელი ქალი.
მისი თქმით, ბინა წლების წინ, ბიზნესის წამოსაწყებად დატვირთა ოჯახმა იპოთეკით, ბანკიდან 50 ათასი დოლარი გამოიტანეს, თუმცა, თანხის სრულად დაფარვა ვერ მოახერხეს და ბინა ბანკმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.
ინფორმაციას, რომ 11 ნოემბერს, აღსრულების ბიუროში ნამდვილად შედგა შეხვედრა, ადასტურებს აღსრულების ეროვნული ბიურო. მათ მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ვკითხულობთ:
„ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავი ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ“.
62 წლის კაცი, რომელსაც ცოლ-ქმრის მკვლელობა ედება ბრალად, ბრალის ოფიციალურ წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, 13 ნოემბერს იმსჯელებს.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებს ეყრდნობა, 2015–2024 წლებში საქართველოში იძულებითი აუქციონის გზით 5 198 ბინა გაიყიდა. ყველაზე მეტი - 828 ბინა - 2017 წელს, ხოლო 2024 წელს აუქციონზე გაიყიდა 298 ბინა გაიყიდა. ბოლო ორი წლის მონაცემები, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში, არ იძებნება.