სასამართლოებში გადაღების შეზღუდვას „პუბლიკა“ და „ბათუმელები“ საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

2025 წლის 28 ივლისიდან საერთო სასამართლოებსა და მის ეზოებში ფოტო-ვოდეო გადაღება და აუდიოჩაწერა აკრძალა.

ონლაინმედიები „პუბლიკა“ და „ბათუმელები“ საკონსტიტუციო დავას იწყებენ პარლამენტის წინააღმდეგ, რომელმაც 2025 წლის 28 ივლისიდან საერთო სასამართლოებსა და მის ეზოებში ფოტო-ვოდეო გადაღება და აუდიოჩაწერა აკრძალა.

მოსარჩელეები არიან ჟურნალისტები ნათია ამირანაშვილი და ჯაბა ანანიძე, რომლებიც სასამართლო თემებზე მუშაობენ და ამ აკრძალვის შემდეგ უშედეგოდ ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ნებართვის მიღებას.

„[საბჭოსადმი] მიმართვები არ ყოფილა ზოგადი ან აბსტრაქტული ხასიათის. თითოეულ შემთხვევაში იდენტიფიცირებული იყო კონკრეტული სასამართლო, საქმე და სასამართლო სხდომა, რომლის ჟურნალისტური გაშუქების შესაძლებლობასაც მედიაორგანიზაცია ითხოვდა. აღნიშნულ მიმართვებზე მოსარჩელეებს არ მიუღიათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც კონკრეტული სასამართლო სხდომის ფოტო, ვიდეო ან აუდიოფორმით გაშუქების საკითხი არსებითად გადაწყდებოდა“, - წერია საკონსტიტუციო სარჩელში.

ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ უფლებას, რომლითაც „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“.