პროკურატურის ვერსიით, პოლიციელებმა დამალეს, რომ ხადურს დაედევნნენ და გაისროლეს. ოჯახი ეჭვობს, რომ თემური პოლიციელებმა მოკლეს ან შემოაკვდათ.
სამი ყოფილი პოლიციელი 11 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ დევნისა და გასროლის შესახებ ამბავი პოლიციელებმა იმიტომ არ გაამხილეს, რომ პასუხისმგებლობა აეცილებინათ თავიდან. ბრალდება თვლის, რომ ამით მათ თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას შეუშალეს ხელი.
დაკავებულები არიან თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახა ნებიერიძე, ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა ლაბუჩიძე და თერჯოლის პოლიციის გამომძიებელი მალხაზ აბჟანდაძე. სამივეს ბრალი ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ (სისხლის სამართლის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი), აბჟანდაძეს კი დამატებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშიც (სისხლის სამართლის 332-ე მუხლის I ნაწილი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„დაკავებულები (სამივე) ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნებიერიძისა და აბჟანდაძის ადვოკატმა ბიჭიკო ლაშხიამ. ორივე მათგანი პენსიაზე 2026 წლის მარტში, საკუთარი განცხადების საფუძველზე გავიდა.
პოლიციელების დაკავების შემდეგაც, ისევ არ არის ცნობილი თემურ ხადურის გარდაცვალების დეტალები - მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი და დრო. ოჯახი ეჭვობს, რომ ახალგაზრდა პოლიციელებმა მოკლეს ან შემოაკვდათ, პროკურატურას ამ ვერსიაზე პოზიცია არ გამოუხატავს.
ასევე ნახეთ
ნაცემი გორელების ადვოკატებს პროკურატურამ საუბარი აუკრძალა - მოძალადე პოლიციელების საქმერა მოხდა 2024 წლის 25 აგვისტოს?
2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადური თბილისიდან ქუთაისისკენ, ტაძრების მოსალოცად გაემგზავრა. ის სამარშრუტო ტაქსიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის გადასახვევთან ჩამოვიდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ხადურმა ცენტრალურ მაგისტრალზე გამავალ ავტომობილებს ქვები დაუშინა და რამდენიმე მათგანი დააზიანა, რა მიზეზით? - ეს ცნობილი არ არის. დაზიანებულ მანქანებს შორის იყო ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის სამსახურებრივი ავტომობილიც.
შეტყობინების შემდეგ ადგილზე მივიდნენ თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე და გამომძიებელი.
„სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამჯერ გაისროლეს“ - , წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის თანახმად, პოლიციელებმა ხადურის დაკავება ვერ შეძლეს.
თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ რადგან თემური სახლში არ დაბრუნებულა, ტელეფონი კი სამარშრუტო ტაქსიში დარჩა, ახლობლები მას ჯერ ნათესავებთან ეძებდნენ, შემდეგ კი შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებას მიმართეს.
28 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მწყემსმა იპოვა.
რა მოხდა პოლიციის დევნის დასრულებიდან ცხედრის აღმოჩენამდე, ისევ ბუნდოვანია.
რა დამალეს პოლიციელებმა?
პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიებას არ მიაწოდეს ინფორმაცია ხადურის დაკავების მცდელობის, დევნისა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ.
„პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად [...] საჭირო ინფორმაცია [ გამოკითხვის ოქმში] დამალეს“, - აცხადებს პროკურატურა.
უწყების განმარტებით, ამან ხელი შეუშალა საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და „არსებითად შეაფერხა მართლმსაჯულება“.
„როცა პოლიციელის დანაშაული იკვეთება, ამას უკვე სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. იმ დროს ის ჯერ კიდევ არსებობდა. (სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა 2025 წლის 1 ივლისიდან - რ.თ.) ამჯერად ეს ფუნქცია პროკურატურას გადაეცა“, - განმარტავს ლედი ტუკვაძე.
ასევე ნახეთ
ძალადობის უწყვეტი ჯაჭვი - რა პრეტენზიები გვაქვს პოლიციასთანრას ამბობს ოჯახის ადვოკატი?
ლედი ტუკვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავის დროზე ოჯახმა პოლიციის დევნის შესახებ ინფორმაცია მოწმეებისგან მიიღო.
მისი თქმით, პოლიციელები თავდაპირველად მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ხადური გაექცათ. დევნასა და გასროლებზე არაფერი უთქვამთ.
ადვოკატი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: მისი ინფორმაციით, 28 აგვისტოს, როდესაც ხადურის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ადგილზე მივიდა თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახა ნებიერიძე და ცხედარი მდინარიდან ამოიტანა, რამაც შემთხვევის ადგილის თავდაპირველი მდგომარეობა დაარღვია. ამას კი შეეძლო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შენარჩუნებაზე ემოქმედა.
„საკმაოდ კარგი პრაქტიკის გამომძიებელია და მას ეს არ უნდა შეშლოდა. დამწყებმა იურისტმაც კი იცის, რომ შემთხვევის ადგილის მთლიანობის დარღვევა არ შეიძლება“, - უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.
იგი იმედოვნებს, რომ დაკავებული ყოფილი პოლიციელები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.
„იმედია, ახლა ეს ადამიანები...რეალურ სურათს აღწერენ“.
რას აჩვენებს ექსპერტიზა და რა ეჭვები აქვს ოჯახს?
თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი, ეჭვობს, რომ პოლიციელები მის შვილს დევნის დროს დაეწივნენ და მოკლეს. მისი ვარაუდით, ახალგაზრდა შესაძლოა ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში გადააგდეს.
ამ ვერსიას ოჯახი ხადურის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებებითაც ამყარებს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და დრო ვერ დაადგინა.
„ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის მონაცემების თანახმად, ხადურს თვალბუდეებისა და ქუთუთოების მიდამოში სისხლჩაქცევები ჰქონდა. დასკვნის მიხედვით, დაზიანებები ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, სიცოცხლეში, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე იყო მიყენებული.
თუმცა ცხედრის ცვლილებების გამო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, იყო თუ არა ეს დაზიანებები სიკვდილის მიზეზი.
ამდენად, ექსპერტიზა ადასტურებს სიცოცხლეში მიღებული დაზიანებების არსებობას, მაგრამ არ ადგენს, ვინ მიაყენა ისინი ხადურს ან უკავშირდება თუ არა ისინი უშუალოდ მის გარდაცვალებას.
ასევე ნახეთ
"არწმუნებენ, რომ სასტიკი ქცევით იცავენ ქვეყანას გარედან მართული ძალებისგან" - რატომ იქცევა ქართული პოლიცია რუსული ომონის მსგავსად?რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერში?
2025 წლის მარტში „ტვ პირველმა“ თემურ ხადურის გარდაცვალების შესახებ საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა.
ტელეკომპანიის მიერ მოპოვებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს, 22:28 საათზე, სოფელ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის პიკაპი მივიდა.
კადრების მიხედვით, პოლიციელები ტერიტორიას ხელის ფარნებით ათვალიერებდნენ და დაახლოებით ექვს წუთში იქაურობას ტოვებენ.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ეს ტერიტორია დაახლოებით 300 მეტრით იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც სამი დღის შემდეგ ხადურის ცხედარი იპოვეს.
თავად ჩანაწერი არ აჩვენებს, რა დაემართა თემურ ხადურს. თუმცა ის დამატებით კითხვებს აჩენს პოლიციის მოქმედებების, გადაადგილებისა და იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც სამართალდამცველებმა გამოძიებას მიაწოდეს.
რა რჩება გამოუძიებელი?
სამი ყოფილი პოლიციელის დაკავების მიუხედავად, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეში მთავარი კითხვები პასუხგაუცემელია.
უცნობია, რა მოხდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება ვერ შეძლეს; როგორ და როდის აღმოჩნდა იგი მდინარეში; ვინ მიაყენა მას დაზიანებები და უკავშირდება თუ არა მისი სიკვდილი დევნას.