უკრაინის წინააღმდეგ ომში, სულ მცირე, 11 000 უცხოელი დაიღუპა - მედია

ომში დაღუპულების სასაფლაო რუსეთში, ტულის ოლქის სოფელ ეფრემოვში. 24 მარტი, 2026 წელი (არქივი)

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში ომის პერიოდში, ან მასთან დაკავშირებით, რუსეთის ფარგლებს გარეთ დაბადებული 11 335 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი აღნუსხა.

ეს მაჩვენებელი არ მოიცავს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების რიცხვს ჩრდილოეთ კორეიდან.

მონაცემები ჰაკერებმა მოიპოვეს, რომლებმაც „როსსტატის“ სისტემა გატეხეს და ინფორმაცია ჟურნალისტებს გაუზიარეს. Bloomberg-ი ამ მონაცემების გამოყენებით ავრცელებს ინფორმაციას იმ დაღუპულთა რაოდენობაზე, რომლებიც რუსეთის გარეთ იყვნენ დაბადებული.

ჟურნალისტების მიერ შესწავლილი მონაცემები მოიცავს 2022 წლის თებერვლის ბოლოდან 2026 წლის აგვისტოს ბოლომდე პერიოდს.

ის აღებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გაცემული 11 მილიონზე მეტი გარდაცვალების მოწმობიდან. მოწმობებში მითითებული გარდაცვალების მიზეზებიდან პირდაპირ ჩანს ომთან კავშირი.

რუსეთის ფარგლებს გარეთ დაბადებული 11 335 ადამიანი იყო ან უცხოელი, ან რუსეთის მოქალაქე, რომლებმაც მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით მიიღეს, ან რუსეთის მოქალაქეები დაბადებით.

გარდაცვალების დროს დაახლოებით 6 ათას ადამიანს ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა, დანარჩენებს - არა.

დაღუპული უცხოელების თითქმის მეოთხედი (დაახლოებით 3 700 ადამიანი) უკრაინის მოქალაქეები ან ამ ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ. დანარჩენი დაღუპული უცხოელების უმეტესობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში იყვნენ დაბადებული.

რუსეთი აქტიურად ახორციელებს საზღვარგარეთიდან უცხოელების გადაბირებას ომში საბრძოლველად.

Bloomberg-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტები საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები იმის შესახებ, თუ როდის და სად გადაიბირეს ყველაზე აქტიურად. მაგალითად, 2022 წელს დაფიქსირდა უცხოეთში დაბადებულთა სიკვდილის 630 შემთხვევა, რომლებიც პირდაპირ იყო დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებებთან.

2025 წლისთვის ომში სიკვდილის მსგავსმა შემთხვევებმა უკვე 5500-ს გადააჭარბა.

2023-2024 წლების მონაცემებით, დაღუპულების შესახებ ჩანაწერების მაჩვენებელი გაიზარდა ნეპალის მოქალაქეებში, 2024-2025 წლებში ჩინეთისა და შრი-ლანკის მოქალაქეებში, ხოლო 2025 წლის ბოლოდან კოლუმბიის, კენიისა და ნიგერიის მოქალაქეებში. აფრიკიდან დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 340-ია და ეს რიცხვი იზრდება. უკრაინაში ყველაზე ხშირად იღუპებიან ეგვიპტის, კამერუნის, ნიგერიის, კენიისა და განას მოქალაქეები.

ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ყირგიზეთმა, ყაზახეთმა, ასევე შრი-ლანკამ, ნეპალმა, ინდოეთმა, პერუმ და ახლახან კენიამ, გამოთქვეს შეშფოთება საკუთარი მოქალაქეების გადაბირებასთან დაკავშირებით.

ზოგიერთმა მათგანმა რუსეთის ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას, რომ მათი მოქალაქეები არ გააფორმებენ ხელშეკრულებებს ჯარში სამსახურისთვის.

„როსსტატის“ მონაცემთა ბაზების გატეხის შესახებ ჰაკერულმა ჯგუფებმა „კიბერპარტიზანები BY“ და „Silent Crow“-მ განაცხადეს. მათი მტკიცებით, მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინაში 390 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დადასტურდა.

ექსპერტები აგრძელებენ მონაცემების შესწავლას, რომელთა სისრულე და სანდოობა დადასტურებული არ არის. თუმცა გავრცელებული მონაცემები შეესაბამება ადრე გაკეთებულ შეფასებებს, კერძოდ, „მედიაზონამ“, BBC-მ და მოხალისეთა ჯგუფმა 200 000-ზე მეტი დაღუპულის ვინაობა დაადგინეს, რაც მიუთითებს, რომ რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

ასევე ნახეთ

კიბერშეტევით გამოვლენილი მონაცემებით, ომში დაიღუპა რუსეთის 450 100 ჯარისკაცი