ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი კობახიძეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემებზე ესაუბრა

ირაკლი კობახიძე და სვიატლანა ციხანოუსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემებზე ესაუბრა.

როგორც ციხანოუსკაია სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საუბარი დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შედგა.

„წამოვჭერი სირთულეები, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტებისა და ბინადრობის ნებართვების მიღებისა და სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგებისას აწყდებიან. მოვუწოდე იმ ბელარუსების უფლებების დაცვისკენ, რომლებიც ემიგრაციაშიც პოლიტიკური დევნის წინაშე დგანან“, - წერს ციხანოუსკაია.

რა უპასუხეს კობახიძემ და ბოჭორიშვილმა, ციხანოუსკაია არ აკონკრეტებს. მთავრობის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურებს ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ციხანოუსკაია ბელარუსის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას მთავარი კონკურენტი იყო. არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებიც ევროკავშირმა და აშშ-მა არ აღიარეს, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და რეპრესიები მოჰყვა. ციხანოუსკაიამ ქვეყანა დატოვა და საქმიანობას ემიგრაციაში აგრძელებს.

ბელარუსელი აქტივისტების პრობლემები საქართველოში

ბელარუსელ აქტივისტებს არაერთხელ უსაუბრიათ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღებისა და ქვეყანაში დაბრუნებისას შექმნილ პრობლემებზე.

2026 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა საქართველოდან ბელარუსელი აქტივისტის, ლევ მიხეევის გაძევების შესახებ. ის საქართველოში ხუთი წელი ცხოვრობდა და საერთაშორისო დაცვას ითხოვდა.

ასევე ნახეთ

როგორ გააძევეს ბელარუსელი აქტივისტი საქართველოდან, სადაც 5 წელი იცხოვრა

მიხეევის თქმით, სასამართლოს მიერ მისთვის დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დაკავებამდე არაფერი იცოდა. მას რამდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთის არჩევა შესთავაზეს, მათ შორის ბელარუსის, სადაც მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

მიხეევმა სომხეთი აირჩია, სადაც მცირე ხნით დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. საქართველოდან გაძევებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან სომხეთში თავშესაფარი მოითხოვა.

„ქართული ოცნების“ ურთიერთობები ლუკაშენკასთან

თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთობები გააქტიურდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან მოხსნის შემდეგ.

ლუკაშენკამ მიხეილ ყაველაშვილს, რომლის ლეგიტიმურობასაც ოპოზიცია და ქართული საზოგადოების ნაწილი არ აღიარებდა, პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ყაველაშვილმა კი ლუკაშენკას ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მეშვიდედ გამარჯვება მიულოცა. მოგვიანებით ლუკაშენკამ ყაველაშვილს ფაშიზმზე გამარჯვების დღეც მიულოცა.

გახშირდა მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრებიც. 2026 წლის 16 მარტს კობახიძემ თბილისში ბელარუსის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკას, უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათ ორმხრივ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. მანამდე ბელარუსელ კოლეგებს შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე.

ასევე ნახეთ

კობახიძე თბილისში შეხვდა ბელარუსის ვიცე-პრემიერ შულეიკას

კობახიძე ირლანდიაში

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირლანდიაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეცხრე სამიტში მონაწილეობდა. ის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, შემდეგ კი მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპის უსაფრთხოებასა და საქართველოს სატრანზიტო როლზე ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში კობახიძის ორმხრივი შეხვედრა მხოლოდ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გაიმართა.