თურქეთის პრეზიდენტის ოფისი: თურქეთმა და კატარმა თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს

რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

13 ნოემბერს თურქეთმა და კატარმა ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს - იუწყება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის ოფისი, მას მერე, რაც ერდოანი სტამბოლში შეხვდა კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

"პრეზიდენტმა ერდოანმა თქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა აღვკვეთოთ ომის განახლება სპარსეთის ყურის რეგიონში და შევქმნათ საფუძველი დიალოგისთვის და მშვიდობის მისაღწევად" - წერს ერდოანის ოფისი პლატფორმაზე X, შეთანხმების დეტალები დაკონკრეტებული არ არის.

განცხადების თანახმად, ერდოანმა თქვა, რომ თურქეთი და კატარი მუშაობენ ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის განვითარებისთვისაც და რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მომავალშიც გაღრმავდება.

თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა აგვისტოში მექაში გააფორმეს ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება, რითიც აშშ-ის მოკავშირე ეს სუნიტი მუსლიმი ქვეყნები გაერთიანდნენ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე.

თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირაში განახორციელა "მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების" სახელით ცნობილი დოკუმენტის რატიფიცირება, რითიც ანკარას გზა გაუხსნა სამხედრო დახმარების გაგზავნისთვის საუდის არაბეთში - რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი, იემენელი ჰუთების თავდასხმებს იგერიებს.

რეგიონის ამ სამი სახელმწიფოს მიერ აგვისტოში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა ყველა ქვეყანაზე თავდასხმას უტოლდება.

ასევე ნახეთ

თურქეთის ჯარები სირიასა და ერაყში რჩებიან - თავდაცვის მინისტრი