ევროპა ხუთი სახელმწიფოს ჯგუფით წარდგება უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე

ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ევროპის გუნდს დააკომპლექტებს ხუთი წამყვანი სამხედრო ძალა - ევროკავშირის არაწევრი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტები - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ 13 ნოემბერს. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

"ევროპამ ერთი, მკაფიო და საერთო ხმით უნდა ილაპარაკოს ყველა დისკუსიაში, რომლებიც მიემართება უკრაინის მომავალს და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. ეს, საბოლოო ანგარიშით, ჯგუფური ძალისხმევაა" - თქვა კოშტამ დუბლინში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

კრემლმა 13 ნოემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთი ღიაა ევროპის ქვეყნების მონაწილეობისთვის უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში - თუ მათ რეალურად სურთ მშვიდობაში წვლილის შეტანა, დასძენს მოსკოვი. რუსეთის ოფიციალური პირები ასევე გამოდიან მოწოდებით ომთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების განხილვამდე შემუშავდეს ფართო შეთანხმება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კრემლის განცხადებებს უწოდა "ნაცნობი ძველი თამაში" და თქვა, რომ ევროპა და აშშ მკაფიო მესიჯზე არიან შეთანხმებული.

"არ იქნება უკრაინის შესახებ დისკუსია უკრაინის გარეშე, და ევროპის შესახებ დისკუსია ევროპის გარეშე. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მოლაპარაკების საჭიროება არ არსებობს. ის უკვე გვაქვს" - უთხრა მერცმა ჟურნალისტებს სამიტის მსვლელობისას.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ხუთშაბათს მოსკოვში თქვა, რომ ევროპელ პარტნიორებთან დაწყებული აქვს დისკუსიები კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

მიმდინარე კვირაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აბუ-დაბიში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაში, სადაც კიევიც და მოსკოვიც გარკვეულ პროგრესზე ლაპარაკობდნენ - თუმცა გარღვევა არ მომხდარა მნიშვნელოვან თემებზე, მაგალითად ტერიტორიულ საკითხებზე.

ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, სამომავლო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლები სავარაუდოდ იქნებიან ხუთი სახელმწიფოს მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დელეგატები. მოელიან, რომ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იქნება ნატოც.

ასევე ნახეთ

ტრამპის წარმომადგენლები ზელენსკის შეხვდნენ. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდს ევროპელები შეუერთდებიან