რადიო თავისუფლება იკვლევს, რა არის სიმართლე და რა გამონაგონი. სხვებთან ერთად ის ტლაბგან ქეცბას შვილიშვილის შვილიშვილსაც კი ესაუბრა.
გალში დასადგმელი ძეგლის პროექტი მონუმენტური ხელოვნების კომისიამ შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
ტლაბგან ქეცბას ასაკი არ არის ერთადერთი განსაცვიფრებელი ფაქტი მის შესახებ. აფხაზური პრესა იმასაც კი წერს გალი ტლაბგან ქეცბას დაარსებულიაო - უკაცრიელ ტყეში ადგილი მოასუფთავა, სიმინდი დათესა და სახლი აიშენა. მერე მის გარშემო სხვებიც დასახლდნენო. აფხაზური მედია ირწმუნება, რომ დროთა განმავლობაში ეს დასახლება ჯერ სოფლად იქცა, შემდეგ კი ქალაქად.
„ტლაბგან ქეცბა კარგი მონადირე იყო. ნადირობდა დათვებზე, ჯიხვებზე, გარეულ ტახებსა და არჩვებზე. დღეში შეეძლო 80-90 კილომეტრი გაიარა. 60 წლისა დაქორწინდა, ჰყავდა 5 ქალიშვილი და 2 ვაჟი. 132 წლის ასაკში 67 შვილიშვილსა და 100-ზე მეტ შვილთაშვილს მოესწრო. სოფლის მეურნეობას მისდევდა, დურგლობდა, ცეკვავდა და მღეროდა. მშვიდი ადამიანი იყო, არასდროს ავადმყოფობდა. 1940 წელს ტლაბგან ქეცბა მოინახულეს უკრაინელმა მეცნიერებმა“, - წერს გამოცემა გალ-ინფო და იქვე ამბობს, რომ ამ ლეგენდარული ადამიანის ძეგლის დადგმას სწორედ გალში აპირებენ.
რადიო თავისუფლება შეეცადა, ტლაბგან ქეცბას დაბადების ან გარდაცვალების შესახებ რამე დოკუმენტი მოეპოვებინა, თუმცა საქართველოს იუსტიციის სახლში მას ვერ მივაკვლიეთ.
რადიო თავისუფლება ტლაგბან ქეცბას ერთ-ერთი შვილიშვილის შვილიშვილს ირაკლი ჭყონიას ესაუბრა. ის იხსენებს, რა გაუგია დიდი ბაბუის შესახებ წინაპრებისგან.
„მე ასე ვიცოდი, რომ 121 წელი იცოცხლა. ბაბუაჩემის მონათხრობით, ტლაგბან ქეცბას ახალგაზრდობაში კონფლიქტი მოუვიდა რუსებთან და გააბრაგდა. სამურზაყანოს ტყეში გავარდა ყაჩაღად. იქ სხვა აბრაგები დახვდნენ, მეგრელები, აფხაზები. მათ მეთაურად აირჩიეს, რადგან ტყე იცოდა კარგად, ბილიკები, გასასვლელები... 20 წელი ამ რაზმს მეთაურობდა და სოფლებს კაზაკების დაყაჩაღებისგან იცავდა. ვეღარ აკონტროლებდა რუსეთის იმპერია ამ ტერიტორიას, - ჰყვება ირაკლი ჭყონია, - ბოლოს უთხრეს აბრაგებს, გამოდით, გვითხარით, რა გინდათ და ამნისტიას მოგცემთო. ამათაც მოითხოვეს, რომ თავიანთ არჩეულ ადგილას დასახლების საშუალება მიეცათ. კიდევ სკოლაც მოითხოვეს. დაუკმაყოფილეს ეს მოთხოვნა. სკოლის ბოძებიც ჩაურჭო რუსულმა ადმინისტრაციამ დემონსტრაციულად, მაგრამ აშენებით დიდხანს არ უშენებდნენ. ამას ძალიან მეგრული დრამა მოჰყვა. შერვაშიძეები, რომლებიც უფრო ზუგდიდისკენ ცხოვრობდნენ და ასევე სკოლას ითხოვდნენ, ღამე იპარავდნენ თურმე ამ ბოძებს და თავისკენ მიჰქონდათ.
90-ს რომ გადასცდა, მაშინ თქვა ტლაგბანმა, ცხენზე დაჯდომა აღარ მინდაო. სიცოცხლის ბოლო დღესაც ტყეში გაისეირნა. თავის მოყვანილ თუთუნს ეწეოდა ჩიბუხით. მისი შთამომავლები ქეცბები და ქეცბაიები სადღაც ათასი კაცი ვიქნებით“.
ასევე ნახეთ
აფხაზური ტრადიციები დღეს და გუშინაფხაზეთი მართლაც მიიჩნეოდა კუთხედ, სადაც ბევრი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს. დღეგრძელთა ეთნოგრაფიული ანსამბლიც კი შექმნეს, რომლის სიამაყესაც ასი წლის მოხუცთა გუნდი წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდში აქ ხშირად ჩადიოდნენ მეცნიერები, ხვდებოდნენ უხუცესებს და ცდილობდნენ მათი დღეგრძელობის საიდუმლო ამოეხსნათ.
„ადამიანის ორგანიზმი იდეალურ შემთხვევაში გათვლილია 115-125 წლამდე სიცოცხლეზე. მაქსიმუმ 200 წელსაც ასახელებენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორგანიზმს უნდა ჰქონდეს აღდგენის უნარი… 120 წლის მერე აღდგენის უნარი მკვეთრად ქვეითდება. მე გელაპარაკებით ექსპერიმენტებისა და აკადემიური მონაცემების მიხედვით როგორც არის. რეალურად ყველაზე კარგი გენეტიკით და ყველაზე სწორი ცხოვრების წესით რომ ვიცხოვროთ, მაქსიმუმი 120 წელია“, - გვეუბნება ფონდ „თაობის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ვახანია, ფონდი „თაობა“ ადამიანების ჯანსაღი დაბერების კუთხით მუშაობს.
უჩა ვახანია
- რას იტყვით, ტლაბგან ქეცბაზე, რომელზეც ამბობენ, რომ 137 წლის იყო?
- რეკორდი სიცოცხლის ხანგრძლივობის, ის რაც ნამდვილად დადასტურებულია, არის ფრანგი ქალბატონი, რომელმაც 122 წელი იცოცხლა. რაც შეეხება აფხაზ დღეგრძელებს, ეს რაღაც ეროვნული მითი იყო.
- ხანგრძლივი სიცოცხლე რაზეა დამოკიდებული?
- ვფიქრობ, რომ წამყვანი არის გენეტიკა. ვიცით დღეგრძელობის ოჯახური შემთხვევები. რაც შეეხება დანარჩენს, ცხოვრების წესს, მავნე ჩვევებს და ასე შემდეგ... თეორიულად უნდა იყოს ისე, რომ მაგალითად, თამბაქო უნდა ამოკლებდეს სიცოცხლის ხანგრძლივობას, მაგრამ არიან 100 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც ეწევიან და სულ ეწეოდნენ.
აფხაზი მწერალი და ჟურნალისტი ვიტალი შარია 2010 წელს თავის ბლოგში ტამიშელი გლეხის აშხანგერ ბჟანიას ისტორიას ჰყვება, რომელიც თითქოსდა 147 წლის იყო. სტუმრად მისულ ინგლისელ მწერალს ჯონ პრისტლის ის კაკლის ხეზე დახვდა გასული.
„თუმცა აშხანგერი ბჟანიას დაბადების წელი - 1799, რა თქმა უნდა, დოკუმენტურად დადასტურებული არ ყოფილა, ვფიქრობ, ის თავისუფლად შეეძლო გამოეგონებინა რომელიმე ჩამოსულ ჟურნალისტს და პუშკინის დაბადების თარიღისთვის „მიება“. თუმცა, უდავოა, რომ ას წელს გადაცილებული ნამდვილად იყო“, - წერდა შარია, - "სავარაუდოდ, საბჭოთა ეპოქაში დღეგრძელთა რაოდენობაც და მათი ასაკიც გაზვიადებული იყო. ეს კეთდებოდა როგორც პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური მიზნებისთვის, ბრენდის შესანარჩუნებლად, ასევე იმის გამოც, რომ მათგან დოკუმენტურ დასტურს არავინ ითხოვდა - მათ უბრალოდ არც შეეძლოთ ამის წარდგენა“.