რუსეთმა უკრაინელ მოსამართლეებზე ძებნა გამოაცხადა

The building of the Ministry of Internal Affairs of Russia

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა უკრაინის ქალაქ ვინიცის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რუსლან კალენიაკზე და კიდევ ორ მოსამართლეზე. ძებნის ბარათებში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი მუხლით აღიძრა საქმე უკრაინელი მოსამართლეების წინააღმდეგ.

ამ ინფორმაციას „მედიაზონა“ ავრცელებს, რუსეთის შსს-ს ბაზაზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, გამოცდილი მოსამართლე კალენიაკი განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საქმეებს, რომლებიც უკრაინაში დაუსწრებლად მიმდინარეობს პარტია „ერთიანი რუსეთის“ სახელმწიფო დუმის დეპუტატების - მიხაილ ტერენტიევისა და ახმეტ დოგაევის წინააღმდეგ.

იმავე ბაზაში, „მედიაზონამ“ აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ძებნის გამოცხადებას ვინიცის სასამართლოს სხვა მოსამართლეებზე - გენადი კაშპრუკსა და რუსლანა რომანჩუკზე - ასევე 2026 წლის 13 ნოემბერს. მათ მიერ წარმოებული საქმეებიც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას შეეხება და მიმართულია რუსეთის დუმის დეპუტატების წინააღმდეგ. ჩამონათვალშია ათი დეპუტატი.

მედიის თანახმად, მოსამართლე რომანჩუკი ასევე განიხილავდა უკრაინის განათლების ყოფილი მინისტრის, დმიტრი ტაბაჩნიკის სახელმწიფო ღალატის საქმეს. ის მინისტრის პოსტს იანუკოვიჩის მთავრობაში იკავებდა და მისი ერთ-ერთი უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

2024 წელს, ვინიცის სასამართლომ ტაბაჩნიკს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, ქონების კონფისკაციით. მას ასევე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში მუშაობა 15 წლის ვადით.

2014 წელს, იანუკოვიჩის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ყოფილმა მინისტრმა უკრაინა დატოვა და რუსეთში გაემგზავრა, სადაც ზაპოროჟიეს ოლქის რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლად დაინიშნა.