ტაგანროგში, დრონების თავდასხმის შედეგად - ელექტროქვესადგური დაზიანდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა - რკინიგზისა და საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურა, ნეკლინოვსკის რაიონში, რომელიც ტაგანროგთან ახლოს მდებარეობს. სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გაჩერებულია, მათ შორის - ხიდის დაზიანების გამო.
გუბერნატორის განცხადებით, ადგილზე დაიღუპა ელექტროქვესადგურის მთავარი ინჟინერი და ხუთი ადამიანი დაშავდა - საავტომობილო გზაზე და ბენზინგასამართ სადგურზე.
სხვადასხვა წყაროს წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია კიდევ ერთი ელექტროქვესადგური.
როსტოვის გუბერნატორი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ კვლავ აკრძალულია - დრონების თავდასხმის ამსახველი კადრების გადაღება და სოციალურ ქსელში განთავსება.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, თათრეთში, უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაარტყეს ასევე ქარხანა „ნიჟნეკამსკნეფტეხიმს“. ის ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპლექსია. ქარხანა სინთეზურ კაუჩუკსა და პლასტმასს აწარმოებს.
„ნიჟნეკამსკნეფტეხიმი“ ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონაში მდებარეობს, რომელიც არაერთხელ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე.
ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ხანძარი. თვითმხილველების თქმით, დრონების თავდასხმა „პირველი დარტყმის შემდეგაც გრძელდებოდა“.
ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, არიან დაშავებულები.
„ძვირფასო ნიჟნეკამსკელებო, გთხოვთ, დარჩეთ თავშესაფრებში და დაიცვათ უსაფრთხოების ზომები! ახლა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მუშაობს“, - აფრთხილებს მოსახლეობას ნიჟნეკამსკის ადგილობრივი ხელისუფლება.