აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა, რომელმაც სტივ უიტკოფთან ერთად ამ კვირაში აბუ-დაბიში მონაწილეობა მიიღო უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში, შემდეგ კი ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, განაცხადა, რომ ამჟამად მთავარი ამოცანა არის მოსკოვსა და ევროპელ პარტნიორებს შორის პირდაპირი კონტაქტის უზრუნველყოფა და აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის მზადება.
კუშნერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის მიმდინარეობისას გაჩნდა „ახალი იდეები“, რომლებსაც ახლა იკვლევენ. „ზოგიერთმა შეიძლება პირდაპირ მიგვიყვანოს გარღვევამდე, სხვები კი შეიძლება ახალ წინადადებებში გადაიზარდოს, რაც დარჩენილი უთანხმოებების დაძლევაში დაგვეხმარება“, - დაწერა კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ში.
„პრესა იუწყებოდა ორივე მხარის ზოგიერთ მაქსიმალისტურ წინადადებაზე და მკაცრ პოლიტიკურ რიტორიკაზე. ჩვენს პირად საუბრებში ორივე მხარე აღიარებს, რომ ომის დასასრულებლად პრაქტიკული კომპრომისები იქნება საჭირო“, - დაწერა კუშნერმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ადრე მედიასაშუალებები წერდნენ, რომ რუსეთმა, კერძოდ, მოითხოვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ნატოდან ფინეთის გასვლა, მოლდოვის ფედერალიზაცია და ა.შ. ევროპისა და აშშ-ის ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე განაცხადა ასეთი მოთხოვნების მიუღებლობის შესახებ. თანაც, მოსკოვში ოფიციალურად არ განუცხადებიათ, რომ მოთხოვნები ზუსტად ასეთია.
თუ რა ახალი იდეები გაჩნდა მოლაპარაკებების მსვლელობისას, კუშნერს არ დაუკონკრეტებია. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა პირველად დააყენეს საკითხი დონბასის ტერიტორიების „გაცვლის“ შესახებ ნატოში უკრაინის წევრობაზე - ადრე მსგავსი იდეა არ განხილულა.
კუშნერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და უსაფრთხოების ისეთ შეთანხმებებს ითვალისწინებდეს, რომლებიც ახალი ომის რისკს შეამცირებდა. როგორც კუშნერი წერს, ტრამპი მხარს დაუჭერს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას გააძლიერებს. ადრე ევროკავშირის რიგმა წარმომადგენლებმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ჩათვლით, განაცხადეს, რომ მიუღებელია სამშვიდობო შეთანხმებები უკრაინისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის შესუსტების ხარჯზე.
როდის შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, ჯერჯერობით უცნობია.