ზელენსკი: ფრონტისპირა ტერიტორიებზე შეზღუდულია Starshield-ის მუშაობის სიჩქარე

უკრაინელი სამხედრო Starlink-ის სატელიტური ინტერენის სისტემით მუშაობისას დონეცკის ოლქში. 16 ოქტომბერი, 2026.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ კავშირგაბმულობის სისტემა Starshield-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარე ფრონტის ხაზთან და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ შეზღუდულია საათში 100 მილის (161 კმ/სთ) მაჩვენებლით. ამასთან დაკავშირებით, როგორც ზელენსკიმ დაწერა, გადამტაც დრონებს არ შეუძლიათ ეფექტიანად გადაადგილება უფრო მაღალი სიჩქარით და წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, რომლებიც დარტყმებს ახორციელებენ, მათ შორის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნება“, - დაწერა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ამაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლისა და უკრაინის ენერგეტიკის დაცვა ზამთრის მოახლოების წინ. ზელენსკის თქმით, უკრაინის წარმომადგენლებს დაევალათ ამ საკითხზე კონტაქტი ამერიკელ წარმომადგენლებთან და კორპორაცია SpaceX-თან.

აშშ-ში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დენის სენიკმა 14 ნოემბერს რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ უკრაინელ სამხედროებს Starshield-ის კავშირის თაობაზე პრობლემები ექმნებათ და საუბარი არ არის ცალკეულ ინციდენტებზე.

მისი სიტყვებიდან, ისევე როგორც ზელენსკის ფორმულირებებიდან, გამომდინარეობს, რომ სიჩქარე შეზღუდულია მხოლოდ ფრონტის ხაზის მიმდებარე რაიონებსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი კავშირი ნორმალურია. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსგავს მიდგომას შეიძლება პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს, რადგან ხაზი ესმება სხვაობას ქვეყნის უკრაინის მიერ კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიებს შორის.

Starshield არის ტრილონერ ილონ მასკის კუთვნილი კომპანია SpaceX-ის სპეციალიზებული თანამგზავრული სისტემა. ის 2022 წელს შეიქმნა სამხედრო, სადაზვერვო და სახელმწიფო სტრუქტურების საჭიროებებისთვის და უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ გადაეცა. ამერიკული სისტემის მუშაობაში ახალი შეფერხებების შესახებ ზელენსკიმ 12 ნოემბერს განაცხადა.

ოქტომბერში უკრაინა უკვე ჩიოდა Starshield-ისა და სამოქალაქო თანამგზავრული კავშირის სისტემა Starlink-ის მუშაობის შენელებაზე. ეს მოხდა კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდის ფონზე, აშშ-სა და რუსეთს შორის ე.წ. „დიზელის გარიგების“ დადების შემდეგ. ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, ვისი განკარგულებით მოხდა ეს - ილონ მასკის თუ აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა. რამდენიმე დღის შემდეგ სისტემების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგა.

ამასთან, მასკი ამტკიცებდა, რომ უკრაინა თითქოს სამოქალაქო სისტემა Starlink-ს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა და ეს გამოსწორდა. მათ შორის, მან ახსენა სისტემის გამოყენება უკრაინული დრონების „შეტევითი“ დარტყმებისთვის - როგორც ჩანს, მხედველობაში ჰქონდა უკრაინის სწორედ ის ტერიტორიები, რომლებსაც რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ (რუსეთის ტერიტორიაზე Starlink-ი არ მუშაობს). სისტემა Starshield-ზე მან თქვა, რომ მას უშუალოდ სამხედროები მართავენ, თავად მას კი არანაირი კავშირი არა აქვს უკრაინაში მისი მუშაობის შესაძლო შეზღუდვებთან.

SpaceX-ში აცხადებენ, რომ თავიანთი სისტემების მუშაობაზე ახალი შეზღუდვები არ დაუწესებიათ. თეთრ სახლსა და პენტაგონში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი შექმნილ ვითარებაზე. აშშ-ის კონგრესში დემოკრატების წარმომადგენლებმა მასკისგან მოითხოვეს უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის გამოყენებასთან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაციის შენახვა, რათა შემდგომში შესაძლებელი გახდეს იმის გარკვევა, თუ ვინ დგას სინამდვილეში ამ შეზღუდვების უკან. ეს შეზღუდვები კონგრესის ორივე პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს.

ზელენსკისა და უკრაინის სხვა წარმომადგენლების სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ისინი შეზღუდვებს განიხილავენ როგორც კიევზე ზეწოლის საშუალებას, რათა აიძულონ ის, დათმობებზე წავიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

ასევე ნახეთ

მასკი უკრაინას მოიერიშე დრონებით ადამიანების დასახოცად Starlink-ის გამოყენებაში ადანაშაულებს

ასევე ნახეთ

ზელენსკი: Starlink-ის შეზღუდვები ძალაშია, მიუხედავად ტრამპის სიტყვებისა