„პუტინი ისვრის იდეებს ევროპის უსაფრთხოების წესრიგის გადახედვის შესახებ. თავის ოცნებებში ის საკუთარ თავს 1945 წლის იალტაში [იალტის კონფერენცია] ხედავს. პრობლემა ისაა, რომ ასეთი მასშტაბის იდეების წამოსაყენებლად, ჯერ მსოფლიო ომი უნდა მოიგო“, - მინისტრის კომენტარს უკრაინის საგარეო უწყება აქვეყნებს.
სიბიჰამ დააზუსტა, რომ ბოლო მონაცემებით, რუსეთმა ოთხი წელი და რვა თვე მოანდომა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ მალა ტოკმაჩკის „თითქმის აღებას“.
1945 წლის 4-11 თებერვალს საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები (იოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი) შეიკრიბნენ ყირიმში, იალტაში, რათა განეხილათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი.
„რუსეთმა 1,6 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა მოკლულებისა და დაჭრილების სახით, თუმცა [უკრაინაში] შეჭრის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. ჯერ მხოლოდ ოქტომბერში [რუსეთმა] 54 400 ოკუპანტი დაკარგა, მაშინ როცა უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა შეძლო დაეპყრო“, - აღნიშნა სიბიჰამ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაქსიმუმი, რაზეც პუტინს შეუძლია მოილაპარაკოს, არის სამართლიანი ცეცხლის შეწყვეტა ფრონტზე შეხების არსებული ხაზის გასწვრივ და არა ევროპაში გავლენის ზონებზე.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპას უსაფრთხოების ახალი წესრიგი არ სჭირდება. ის უკვე არსებობს და რუსეთი მას მუდმივად არღვევს. უსაფრთხო და თავისუფალი ევროპისთვის საუკეთესო გეგმაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულება“, - თქვა ბოლოს ანდრი სიბიჰამ.
რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ცენტრალურ თემად იქცა დისკუსიები ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ; თუმცა უკრაინის ევროპელი პარტნიორებისთის რუსეთის ეს სვლა მთავარი თემიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.
„ჯერ ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება. თუკი დავიწყებთ იმის განხილვას, რასაც რუსეთი უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით ითხოვს, ფაქტობრივად, იმ ხაფანგში გავებმებით, რომელსაც რუსეთი გვიგებს, რაც ნიშნავს, რომ ყურადღება გადაგვაქვს იმ ფაქტიდან, რომ ცეცხლი შეწყვეტილი არ არის და რეალურად მათი პრეტენზიების მოსმენას ვიწყებთ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.
ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) ყურადღებას ამახვილებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 10 ნოემბრის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „სრულიად გონივრულია“ ჯერ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მომავლის განხილვა, ხოლო შემდეგ უკრაინაში ომის დარეგულირებაზე გადასვლა.