უკრაინის დრონებმა ახტუბინსკის სამხედრო აეროდროზე მიიტანეს იერიში

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ახტუბინსკის სამხედრო საფრენოსნო ცენტრში. 14 მაისი, 2019.

უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა ასტრახანის ოლქს შეუტიეს. გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა განაცხადა, რომ 14-დან 15 ნოემბრის ღამეს რეგიონის ჩრდილოეთით ჩამოაგდეს 31 დრონი.

ახტუბინსკში ღამით უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. უკრაინული სამონიტორინგო პროექტი Exilenova+ იუწყება, რომ იერიში მიიტანეს სამხედრო აეროდრომ „ახტუბინსკზე“, სადაც სულ მცირე 30 აფეთქება გაისმა. პროექტის მონაცემებით, დარტყმაში მოყვა აეროდრომის ინფრასტრუქტურა, საბრძოლო თვითმფრინავების სადგომები, საბრძოლო მასალის საწყობები და სხვა ობიექტები.

გამოცემა „იუჟნი ფედერალნი“ წერს, რომ ახტუბინსკის მცხოვრებლებმა გაიგონეს დაახლოებით 20 „ხმამაღალი ტკაცუნი, რომლებიც მძლავრ აფეთქებებს ჰგავდა“. გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ისმოდა ავტომატის ჯერის ხმა, ცაში კი კაშკაშა აფეთქებები ჩანდა.

აეროდრომზე განთავსებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვალერი ჩკალოვის სახელობის 929-ე სახელმწიფო საფრენოსნო-გამოსაცდელი ცენტრი. მასზე ღამით განხორციელებული შეტევის შესახებ იუწყება ტელეგრამის არხი Supernova+-იც.

ცენტრი ატარებს სხვადასხვა დანიშნულების საავიაციო და საჰაერო ნაოსნობის კომპლექსებისა და საავიაციო შეიარაღების გამოცდის სამუშაოებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე. უკრაინელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 650 კილომეტრში მდებარე აეროდრომზე დარტყმის შემდეგ დააფიქსირეს მძლავრი მეორადი დეტონაცია საავიაციო მართვადი რაკეტების კომპლექტების საწყობში.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: ფრონტისპირა ტერიტორიებზე შეზღუდულია Starshield-ის მუშაობის სიჩქარე