„ეს ადრე უკვე გვინახავს“, - დაწერა სიბიჰამ 15 ნოემბერს ღამით სოციალურ პლატფორმა X-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა, რომ 2007 წელს პუტინმა მიუნხენში გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება „საფრთხეა“, 2008 წელს რუსეთმა ბუქარესტში მუქარა გამოთქვა ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრების პერსპექტივის მიმართ და რამდენიმე თვეში საქართველოში შეიჭრა. 2021 წელს მოსკოვმა მოითხოვა ნატოს გაფართოების შეჩერება და რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში:
„ახლა იგივე ულტიმატუმი ბრუნდება ახალი სახელწოდებით: ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. ეს არ არის დიალოგზე მიწვევა. ისტორია აჩვენებს, რა მოჰყვება ამას. რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების ახალი ესკალაცია აგრესიულ ფორმებში, მათ შორის პირდაპირი შეიარაღებული აგრესია“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, რუსეთის წესებით თამაშის ნაცვლად, დროა გაძლიერდეს რუსეთის რეჟიმზე ზეწოლა, პუტინი აიძულონ, სერიოზულად მიუდგეს სამშვიდობო ძალისხმევებს და დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია.
ასევე ნახეთ
"პუტინი ოცნებებში საკუთარ თავს 1945 წლის იალტაში ხედავს" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიჰარა თქვა რუსეთმა აშშ-უკრაინა-რუსეთის ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ
11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, მოსკოვის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ ცენტრალური თემა იყო უსაფრთხოების ევროპული სისტემა.
მედინსკიმ დეტალები არ დააკონკრეტა იმ მოტივით, რომ სანამ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, დეტალები არასდროს განიხილება.
აბუ-დაბიში მოლაპარაკებების განახლებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, 5 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დეტალების გარეშე განაცხადა, რომ იქნება „დიდი და მშვენიერი შეთანხმება", რომელიც მხოლოდ უკრაინას არ მოიცავს და შესაძლოა, მთელ ევროპას შეეხოს.
ტრამპის ამ განცხადების ვიდეოფრაგმენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე, თავის გვერდზე გააზიარა მისმა სიძემ და სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა და დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მნიშვნელოვანი დისკუსია ჰქონდა რამდენიმე ევროპელ ლიდერთან ევროპული უსაფრთხოების გაცილებით ფართო არქიტექტურაზე, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს პირობების შექმნას მყარი მშვიდობისთვის.
ჯარედ კუშნერი და ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი აბუ-დაბიში აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ, 12 ნოემბერს მოსკოვში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და შემდეგ დუბლინში - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
კრემლში პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ მისმა თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამერიკული მხარის იდეას, რომ რუსეთის და უკრაინის უსაფრთხოების საკითხები უნდა გადაწყდეს „ევროპული უსაფრთხოების მომავალი პოსტკონფლიქტური სისტემის ფორმირების სფეროში“.
უშაკოვმა ისიც თქვა, რომ რუსეთის მოთხოვნები უცვლელია - ნატო არ უნდა გაფართოვდეს და რუსეთის საზღვრებთან არ უნდა იყოს მისთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების სისტემები.
ზელენსკისთან კუშნერის და უიტკოფის შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს ევროპელებიც შეუერთდებიან.