სოხუმში აფხაზი ოპოზიციონერის, კან კვარჩიას შვილი მძიმედ დაჭრეს

ნოდიკ კვიცინია (მარცხნივ), კან კვარჩია და სროლის შემდეგ ამოღებული იარაღი

15 ნოემბერს სოხუმში მომხდარი სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა ეფრემ კვარჩია - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის, ოპოზიციონერ კან კვარჩიას შვილი. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მომხდარის შემდეგ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ყოფილი ე.წ. დეპუტატი ნოდიკ კვიცინია, რომელიც წარსულში ორი ადამიანის გატაცებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის იყო მსჯავრდადებული.

ტელეგრამარხ „აიაშარას“ ცნობით, მან ეფრემ კვარჩიას დაჭრა აღიარა და სამართალდამცავებს უთხრა, რომ კან კვარჩიას მოკვლას აპირებდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

მედიის ინფორმაციით, კვიცინიას კალაშნიკოვის ავტომატი ჩამოართვეს და ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

ასევე ნახეთ

137 წლის ტლაბგან ქეცბა - ეროვნული მითი თუ დაუჯერებელი სიმართლე?   

კვიცინიას ორი ადამიანის მკვლელობის ორგანიზებისთვის 16 წელი ჰქონდა მისჯილი

2016 წლის ოქტომბერში აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ნოდიკ კვიცინიას რუსეთის მოქალაქეების, ბიზნესმენ სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის, ოქსანა სკარედნოვას გატაცებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმის მასალების თანახმად, 2012 წელს გატაცებულ ბიზნესმენს ორი მილიონი დოლარის გამოსასყიდს სთხოვდნენ. უარის შემდეგ ის და სკარედნოვა, რომელიც ორსულად იყო, დახვრიტეს და მათი ცხედრები ჭაში ჩაყარეს. ნეშტები ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს.

სასამართლომ კვიცინია გატაცებისა და მკვლელობის ორგანიზატორად ცნო. მასთან ერთად კიდევ ოთხი ადამიანი გაასამართლეს.

განაჩენის გამოცხადებას კვიცინია არ დასწრებია. ის ძებნილად გამოაცხადეს და მხოლოდ 2017 წლის თებერვალში დააკავეს. 2020 წელს მიღებული ამნისტიით მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდა. გათავისუფლების ზუსტი თარიღი უცნობია. გამოცემა Vektor Kavkaza-ს ცნობით, მასზე ამნისტიის გავრცელებას საზოგადოების ნაწილისა და დაღუპულთა ახლობლების პროტესტი მოჰყვა.

ამავე საქმეზე კან კვარჩია მოწმე იყო. 2015 წელს ის ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯუმბერ ბიგვავას თავდებით გათავისუფლებასაც ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უკავშირდება თუ არა ეს გარემოება ახლანდელ სროლას, უცნობია.

ასევე ნახეთ

აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლა კაცმა, რომლის გამოშვებას 2024-ში მოსკოვი აპროტესტებდა

2024 წელს სროლისას თავად კან კვარჩიაც დაიჭრა

2024 წლის 19 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში, კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის საკითხზე მსჯელობისას, დაპირისპირებას სროლა მოჰყვა. დაიჭრნენ კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია. გოლანძია მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმეზე ბრალდებული ყოფილი დეპუტატი ადგურ ხარაზია, რომელიც ძებნილი იყო, 2025 წლის 14 ივნისს დააკავეს.

ასევე ნახეთ

„აფხაზეთში არ მოსწონთ, როცა აწვებიან“ - რუსეთმა ე.წ. დეპუტატ კვარჩიასა და მის თანამებრძოლებზე ძებნა გამოაცხადა

2025 წლის იანვარში კვარჩიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მას მოქალაქეობა შეუწყვიტა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური მას აფხაზეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ედავებოდა.

რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა - საქმე ეხება 2025 წლის ნოემბერში, ე.წ. ადგილობრივი არჩევნების წინ, სოხუმში მყოფ რუს პოლიტტექნოლოგებზე სავარაუდო ყაჩაღურ თავდასხმას. კვარჩია ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, პოლიტტექნოლოგები არჩევნებში უკანონოდ ერეოდნენ და მან თავად გამოიძახა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახური.

ასევე ნახეთ

„გუნბას ხელში აფხაზეთი ველურ დასავლეთს დაემგვანა“

რუს პოლიტტექნოლოგებზე სავარაუდო ყაჩაღური თავდასხმის საქმეში კან კვარჩიასთან ერთად მისი შვილი, ეფრემ კვარჩიაც ფიგურირებს. რუსეთში ისიც ძებნილად გამოაცხადეს.