საქართველო ევროკავშირის დაკავშირებადობის მინისტერიალში არ მონაწილეობს. „სამჯერ მოვიწვიეთ... არასდროს ჩამოსულან“ - კოსი

საილუსტრაციო ფოტო. საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია.

შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ბრიუსელში რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, უკვე ორჯერ თუ სამჯერ, დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ ღონისძიებებზე საქართველოს წარმომადგენელი მიწვეული იყო, თუმცა არც ერთხელ არ მიუღიათ მონაწილეობა.

"ჩვენ მათთან ჩართულობას ვცდილობთ, მაგრამ მათ არ სურთ ჩამოსვლა. შესაბამისად, უმაღლეს დონეზე მოწვევებს აღარ ვაგზავნით. ჩვენ ჩართულობის შესაძლებლობებს ვეძებთ", - თქვა მარტა კოსმა.

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ამ საკითხის კომენტირებისას მედიასთან საუბარში თქვა, რომ "ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მიდგომას", რასაც დღეს ვერ ხედავენ.

"ჩვენ გვექნება ღირსეული დამოკიდებულება. სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი, სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

დამატებითი შეკითხვის პასუხად, რისი დასტურია ეს ბრიუსელის მხრიდან, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ "ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად".

"მე მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთისგან იზოლაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველო ევროპისთვის რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებაში. როდესაც ასეთ დროს ხელოვნურად ქმნი პრობლემას, როდესაც ასეთ დროს აფერხებ დიალოგს, ღია და გამჭვირვალე დიალოგს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია კიდევ ერთხელ არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.

გაფართოების ფორუმი

16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ. ამასთან დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

გუშინ, 15 ნოემბერს, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი "პუბლიკასთან" საუბარში ადასტურებდა, რომ ბრიუსელში მინისტერიალზე დასწრებას აპირებდა.

15 ნოემბერს, გაფართოების ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე „პუბლიკის“ შეკითხვის პასუხად, იქნებოდა თუ არა 16 ნოემბერს გაფართოების მინისტერიალზე, მან უპასუხა: „იდეაში, დაპატიჟებული ვარ; [აპირებთ, მიხვიდეთ?] კი, რატომაც არა. ვაპირებ, კი“, - უთხრა ელჩმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს.

რას ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო

როგორც საგარეო საქმეთა უწყებაში განაცხადეს, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის არმიღების მიუხედავად, "საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის."

ასევე ნახეთ

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ იქნება

მარტა კოსის კომენტარი

მარტა კოსმა შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კავშირების განვითარება ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობების გარეშე, უპასუხა, რომ

"სანამ ქვეყანა არ გადადგამს ნაბიჯებს შესაბამისი მიმართულებით, კერძოდ, ფუნდამენტური საკითხების კუთხით, ჩვენ წინსვლას ვერ შევძლებთ".

მისი სიტყვებით, "როგორც იცით, გვინდოდა გვქონოდა დიალოგი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ იანვარში საგარეო საქმეთა საბჭოზე, უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ დაანონსებული საქართველოს საკითხის განხილვა ამ მიმართულებით გარკვეულ წინსვლას მოიტანს. თუმცა, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ ჩვენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, კვლავ გავაგრძელებთ".

დაკავშირებადობის მინისტერიალში საქართველოს არმონაწილეობის საკითხის კომენტირებისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, თქვა, რომ „შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. ზოგჯერ ზოგიერთი მათგანი შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ბევრი მინისტრი ჩამოდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ კონკრეტული, რეალური შედეგების მიღწევასაც“.

ასევე ნახეთ

კალასი: საქართველოზე იანვარში ვიმსჯელებთ სიღრმისეულად, არის განსხვავებული მოსაზრებები

ვინ იმყოფება ბრიუსელში

ბრიუსელში, გაფართოების ფორუმში, პარტია გირჩი-მეტი თავისუფლებიდან ზურა ჯაფარიძე და თინათინ ბოლოკაძე მონაწილეობენ.

ასევე ნახეთ

საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა - ევროკომისარი კოსი

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები - გაფართოების ახალი ანგარიში

გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ მკაცრადაა გაკრიტიკებული.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ:

  • ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია;
  • საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად;
  • ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა;
  • დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს აღარ გასცემს, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.

ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიში პოლიტიზებულად შეაფასა და ევროკომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატები შესთავაზა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ სურს, თუმცა ბრიუსელისგან დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.