იზრდება ერთდღიანი და მრავალდღიანი აბონემენტების ფასებიც. განახლებულ ტარიფებს სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა უმეტესობის უკმაყოფილება მოჰყვა.
2026–2027 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის შედარებით დაბალი, სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი უფრო მაღალი ტარიფები იმოქმედებს. წინა სეზონებში ასეთი გამიჯვნა არ ყოფილა. „ფასდაკლება“ არ ვრცელდება სეზონურ აბონემენტებზე.
რა იცვლება სეზონურ აბონემენტში
გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მოქმედი საერთო სეზონური აბონემენტის ფასი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში უცვლელი იყო - 650 ლარი. ახალ სეზონზე მისი შეძენა 1000 ლარად იქნება შესაძლებელი.
აბონემენტი სეზონის განმავლობაში ოთხივე კურორტზე სრიალის საშუალებას იძლევა. ტარიფი ერთიანია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
6-12 წლის ბავშვებისთვის ამავე აბონემენტის ღირებულება 325-დან 500 ლარამდე იზრდება - ასევე 53,8%-ით. 13-18 წლის მოზარდებისთვის კი ფასი 375-დან 650 ლარამდე ადის, რაც 275 ლარით, ანუ 73,3%-ით მატებაა.
ბაკურიანისა და გოდერძის ერთიანი სეზონური აბონემენტის ღირებულება ორმაგდება - ზრდასრულისთვის მისი ფასი 325-დან 650 ლარამდე იზრდება.
იცვლება სტუდენტური შეთავაზების პირობებიც. შარშან ოთხივე კურორტის საერთო სტუდენტური სეზონური აბონემენტი 300 ლარი ღირდა. ახალ ცხრილში მის ნაცვლად მითითებულია 500-ლარიანი აბონემენტი, რომელიც სეზონზე 20 დღით სარგებლობას ითვალისწინებს. შესაბამისად, ფასი 66,7%-ით იზრდება და სარგებლობის დღეების რაოდენობაც იზღუდება.
რამდენით ძვირდება დღიური აბონემენტი
საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე ზრდასრულებისთვის ერთდღიანი აბონემენტი ოთხივე კურორტზე 20 ლარით ძვირდება.
უცხოელი ვიზიტორებისთვის, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით ვერ ისარგებლებენ, გაძვირება უფრო მკვეთრია: მესტიაში დღიური აბონემენტის ფასი ორმაგდება, გოდერძიზე კი 30-დან 70 ლარამდე იზრდება.
მატულობს მრავალდღიანი აბონემენტების ფასებიც. მაგალითად, ოთხივე კურორტზე მოქმედი ათდღიანი აბონემენტი საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის 460-ის ნაცვლად 650 ლარი ეღირება. ამდენად, თანხით, რომელიც შარშან მთელი სეზონისთვის იყო საკმარისი, წელს მხოლოდ ათი დღით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.
ერთჯერადი ასვლის ბილეთი გაუქმდა
უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ ახალ ტარიფებში ცალკე აღარ არის მითითებული „ერთი ასვლის“ ბილეთი. შარშან ასეთი ბილეთი გუდაურში 20 ლარი ღირდა, ბაკურიანში - 15 ლარი.
რადიო თავისუფლებამ მთის ტრასების სააგენტოს ჰკითხა, იგეგმება თუ არა ერთჯერადი ბილეთების გაყიდვა. სააგენტოში გამოქვეყნებულ ტარიფებზე მიუთითეს და განაცხადეს, რომ ცვლილების შემთხვევაში ინფორმაციას გაავრცელებენ.
ამასთან, ახალ ცხრილებში რჩება ცალკეული სანახაობრივი მარშრუტების ბილეთები: მაგალითად, გუდაურში „კობის გადმოსახედი - ორივე გზა“ საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის 60 ლარი ღირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 90 ლარი. ბაკურიანში „პანორამის“ ფასი, შესაბამისად, 50 და 70 ლარია.
„კურორტები საქართველოს მოქალაქეებისთვის სულ უფრო მიუწვდომელი ხდება“
„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ტრასების კეთილმოწყობასა და უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსები სჭირდება. თუმცა ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა მიუღებელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გიდი თეია კვაშილავა. ის ძირითადად გერმანულენოვან ტურისტებს ემსახურება და გუდაურის მიმართულებით სამთო საფეხმავლო ტურებსაც აწყობს.
„ლაშქრობების დროს საბაგიროს ხშირად ვიყენებდით, რათა ტურისტებისთვის გადაადგილება გაგვემარტივებინა. 2 ადამიანზე 120 ლარი კობი-გუდაურის საბაგიროთი სარგებლობისთვის წარმოუდგენლად მაღალი ფასია. ასევე პრობლემურია ერთჯერადი ასვლის ბილეთის გაუქმება. ამ ბილეთით სარგებლობდნენ ტურისტები, რომლებიც თხილამურებით არ სრიალებენ და მხოლოდ მთის ხედებით ტკბობა ან ფოტოების გადაღება სურთ. მათთვის მთელი დღის საშვის შეძენა აზრს მოკლებულია“, - ამბობს კვაშილავა.
მისი თქმით, ფასების მოულოდნელი ზრდა ტურისტულ კომპანიებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
„ზამთრის ტურებს რამდენიმე თვით, ზოგჯერ კი 1 წლით ადრეც ვგეგმავთ და ფასებსაც წინასწარ ვათანხმებთ უცხოელ ტურისტებთან. ახალი ტარიფების გამო გვიწევს შეთავაზებული პაკეტების გაძვირება, რაც იწვევს უკმაყოფილებას და ზოგჯერ ტურების გაუქმებასაც“, - ამბობს ის.
გიდის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა წელს მღვიმეების მონახულების საფასურის მოულოდნელმა ზრდამაც შექმნა. კვაშილავას შეფასებით, კურორტებზე დასვენება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ის არ გამორიცხავს, რომ გუდაურმა კონკურენტუნარიანობა და ტურისტების ნაწილიც დაკარგოს.
„ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეთ?“ - რას წერენ მომხმარებლები
განახლებული ტარიფების შესახებ პოსტის კომენტარებში ქართველი მომხმარებლების ნაწილი გაძვირებას კურორტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უკავშირებს. ისინი მოუწესრიგებელ პარკინგებზე, საპირფარეშოებზე, გზებსა და უსაფრთხო საფეხმავლო სივრცეების ნაკლებობაზე წერენ.
„ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეთ? პარკინგები გამართეთ? ტუალეტები მოაწესრიგეთ? თუ არა, მაშინ რის ხარჯზე აძვირებთ ასე?“ - კითხულობს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ასევე ნახეთ
"ამ ტუალეტში ნუ შეხვალთ" - ტურისტად ცუდი საპირფარეშოების ქვეყანაშიკომენტარებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ სასტუმროების, რესტორნებისა და მაღაზიების ფასების გამოც.
გადაწყვეტილებას უცხოელი ვიზიტორებიც აკრიტიკებენ. მათთვის მიუღებელია როგორც გაძვირების მასშტაბი, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფრო მაღალი ტარიფების დაწესება და ცვლილების გამოცხადების დრო.
ერთ-ერთი კომენტარის ავტორი, რომელიც წერს, რომ გუდაურში რვაჯერ ყოფილა, აღნიშნავს: ნოემბრის შუა რიცხვებში ტარიფების ცვლილება დამატებით ხარჯს აკისრებს მათ, ვისაც ფრენები და საცხოვრებელი უკვე დაჯავშნილი აქვს და შვებულება წინა სეზონის ფასების გათვალისწინებით დაგეგმა.
მისივე შეფასებით, ევროპულ კურორტებთან შედარებისას გასათვალისწინებელია მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხი, ასევე საქართველოში ჩამოსვლის, სპორტული ბარგის გადაზიდვისა და კურორტამდე მგზავრობის ხარჯები. ის მიიჩნევს, რომ ასეთმა საფასო პოლიტიკამ შესაძლოა გუდაურს მუდმივი სტუმრები დააკარგვინოს.
კიდევ ერთი უცხოელი მომხმარებელი წერს, რომ მკვეთრი გაძვირება დამსვენებლებს სხვა კურორტების ძებნისკენ უბიძგებს. ის ასევე ვარაუდობს, რომ საბაგიროების გაძვირებას რესტორნებსა და სხვა ობიექტებშიც ფასების ზრდა მოჰყვება.
გუდაური. 2026 წლის 10 აპრილი
როგორ ხსნის სააგენტო გაძვირებას
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დარსალია აცხადებს, რომ ტარიფების განსაზღვრისას ქართველი და უცხოელი ტურისტების ხარჯვის შესაძლებლობები გაითვალისწინეს.
„ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რაღაც კუთხით სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო“, - ამბობს ის.
ლევან დარსალია
დარსალიას განმარტებით, სააგენტო მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული კომპანია რომ ყოფილიყო, გუდაურში საქართველოს მოქალაქეებისთვისაც 120-ლარიანი დღიური ტარიფი დაწესდებოდა. მისი თქმით, სააგენტომ ფასები აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის, ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და შუა აზიის კურორტებს შეადარა.
„ამ პირობებშიც კი ჩვენ ვართ ხელმისაწვდომი ფასების მქონე ქვეყანა იმ ინფრასტრუქტურის კვალობაზე, რასაც საქართველო სთავაზობს საერთაშორისო დამსვენებელს“, - აცხადებს დარსალია.
ის ბავშვებისთვის 50%-იან ფასდაკლებასა და სპორტსკოლებისთვის დღიურ 25-ლარიან ტარიფზეც მიუთითებს. თუმცა შარშან სპორტსკოლებისთვის ტარიფი 10 ლარი იყო - შესაბამისად, ზრდა 15 ლარი, ანუ 150%-ია.
დარსალიამ მანამდე განაცხადა, რომ ოთხივე კურორტზე სეზონის გახსნა 20 დეკემბერს იგეგმება. მისი ინფორმაციით, გუდაურში ახალი სეზონისთვის ეწყობა ორი ბიგელის ტიპის საბაგირო, ორი სასრიალო ტრასა და გათოვლიანების სისტემა; დაგეგმილია მოძრავი ხალიჩის მოწყობაც.
ასევე ნახეთ
“თებერვალში უარესი იქნება” - ზამთრის გუდაური, სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?„ფასს უნდა ჰქონდეს დასაბუთება და მომსახურებას - ხარისხი“
„მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია, რომელიც წლების განმავლობაში გუდაურის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობდა, ამჯერად სააგენტოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
მირანდა ესაკია
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ გამართული ტრასები, ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანება და უსაფრთხოება ხარჯებთან არის დაკავშირებული - ელექტროენერგიასთან, საწვავთან, ტექნიკურ მომსახურებასა და თანამშრომლების შრომასთან.
ესაკიას აზრით, ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების ფონზე, სახელმწიფოს პრიორიტეტი თხილამურებით სრიალის სუბსიდირება არ უნდა იყოს.
„სრიალი სასიცოცხლო აუცილებლობა არ არის, ფუფუნებაა. და ამ ფუფუნების საფასურის საერთო ბიუჯეტიდან დაფარვას ასე თავდაჯერებით არ უნდა ვითხოვდეთ, როცა ადამიანებს ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვთ“, - წერს ის.
ამასთან, ესაკია ხაზს უსვამს, რომ ფასის ზრდას შესაბამისი დასაბუთება და მომსახურების ხარისხი უნდა ახლდეს.
„გამართული კურორტი ნიშნავს სწორ ბიზნესმოდელს, სწორ პოზიციონირებასა და პასუხისმგებლიან მენეჯმენტს: ითვლი ხარჯს, ასაბუთებ ფასს და მომხმარებელს შესაბამის ხარისხს სთავაზობ. კი, ფასს უნდა ჰქონდეს დასაბუთება და მომსახურებას - ხარისხი. სწორედ ამას უნდა ვითხოვდეთ“, - წერს მირანდა ესაკია.