რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩეველი თავდასხმების პასუხად, ევროკავშირის საბჭომ 16 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება დამატებით 12 პირისა და 101 ორგანიზაციის მიმართ სანქციების დაწესებაზე, მათი როლის გამო ეკონომიკის იმ სექტორებში, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიის ომისთვის საჭირო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს უზრუნველყოფენ და მხარს უჭერენ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს.
სასანქციო სიას დამატებულ ორგანიზაციებს შორისაა რუსეთის 50 ბანკი და საფინანსო ინსტიტუტი. რუსეთის საბანკო სექტორზე სანქციების გაფართოებით, ევროკავშირი ჭრის საფინანსო არხებს, რომლებშიც მუშავდება რუსეთის სახელმწიფო შემოსავლები და საიდანაც ფინანსდება საომარი ღონისძიებები.
ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აგრეთვე აღნიშნულია, რომ დღეს დასანქცირებულთა ჩამონათვალში მოხვდნენ რუსეთის ინტერნეტ-ვაჭრობის სფეროს გიგანტი Wildberries-ის ერთადერთი აქციონერი - ტატიანა კიმი და აგრეთვე კომპანია Ozon-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი - ალექსანდერ ჩაჩავა.
საბჭო ასანქცირებს აგრეთვე რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებსა და ამ ბიზნესების მფლობელებს, ინდივიდუალურად. მათ შორისაა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალისა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მმართველი კომპანიები.
ასევე ნახეთ
რუსეთში დროებით მართვაში გადასული კომპანიები არმიას ურიცხავენ მილიარდობით რუბლსბრიუსელის 16 ნოემბრის სანქციების სამიზნეა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიც - კერძოდ, რუსეთის ნედლი ნავთობის შემსყიდველი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ჩინეთის, სეიშელისა და ომანის კომპანიები და ის პირები, რომლებიც ფლობენ ან მართავენ ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ გემებს და უკანონოდ გადაზიდავენ რუსეთის ნავთობს.
აღნიშნული სასანქციო რეჟიმი, რომელიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირგამომთხრელების წინააღმდეგ, ითვალისწინებს ქონების დაყადებას და კრძალავს სანქცირებულებისთვის ფინანსური და ეკონომიკური რესურსების პირდაპირი ან ირიბი გზებით მიწოდებს, აგრეთვე სანქცირებული პირებისთვის ევროკავშირში შესვლას.
ასევე ნახეთ
შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის გრუს ტერორისტების სიაში შეყვანა? და ვინ დაემატება სანქციების სიას?16 ნოემბერსვე ევროკავშირის საბჭომ 30 პირი და ორი იურიდიული პირი დაამატა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევისთვის (FIMI) სანქცირებულთა სიას. მათ შორისაა მოსკოვში არსებული „სოციალური დაპროექტების სააგენტო“ (АСП), რომლის დაფუძნებელი და მმართველია ილია ღამბაშიძე, გენერალური დირექტორი და მფლობელი კი - ანა ანტიპოვა. ეს კომპანია ახორციელებს საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც ფინანსდება და იმართება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. АСП სისტემატურად ახორციელებს საინფორმაციო მანიპულაციას მედიითა და სოციალური მედიით, ავრცელებს პრორუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას. ის უძღვება ევროკავშირის ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და უკრაინისადმი ევროკავშირის მოსახლეობის მხარდაჭერის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიებს. კომპანიის გარდა, ევროკავშირმა დაასანქცირა АСП-ში დასაქმებული 24 პირი. კომპანია АСП 2024 წლის ოქტომბერში დაასანქცირა გაერთიანებულმა სამეფომ.
ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა რუსეთის სატელევიზიო სივრცის აქტორებს ვიტალი ელისეევს, პიოტრ მარჩენკოს, იური პოდოლიაკას და ჩეი ბოუესს.
16 ნოემბრის გადაწყეტილებით დასანქცირდა აგრეთვე პრორუსული ჰაკერული ჯგუფი NoName057(16), რომელიც 2022 წლის მარტში აღმოცენდა და თავს პასუხისმგებლად აცხადებს უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო უწყებებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და კერძო კომპანიებზე თავდასხმებზე.