კონკრეტულად: სირიასთან ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი განახლება და ევროკავშირი-სირიის ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა
კაია კალასის სიტყვებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ საკითხზე არაერთი მოსაზრება გამოთქვეს შეთანხმების პირობებზე, რომელთა შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დაასახელა:
„წევრი ქვეყნების მინისტრებმა არაერთი საკითხი წამოჭრეს, რომ ჩვენ პირობები უნდა დავაწესოთ ადამიანის უფლებების სფეროში. პირობად უნდა გვქონდეს აგრეთვე უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც მათ ასადის რეჟიმის დროს აღიარეს და სხვადასხვა საკითხი, რომელიც წევრმა ქვეყნებმა დააყენეს. ახლა სამუშაო ჯგუფებში განვიხილავთ ყველა სახის ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალს, თუმცა წინ მივიწევთ“.
ასევე ნახეთ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მინისტრები სირიაში იმყოფებიანსირიასთან ასოცირების შეთანხმების ტექსტი 2008 წელს, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს მომზადდა, თუმცა მოგვიანებით, სირიაში სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღების ფონზე, თაროზე შემოიდო. დღეს ევროკავშირი შეთანხმების ადრინდელი პროექტის განახლებას ცდილობს.
ორშაბათის მინისტერიალზე იმსჯელეს ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზეც, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ:
“ახლა ევროკავშირი მზად არის ისრაელის შემდეგ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის. იმავდროულად, განვაგრძობთ ჰამასისა და მისი ფინანსური ქსელების წინააღმდეგ მოქმედებებს, მათ შორის - ახალი სანქციებით, რომლებიც დღეს დავაწესეთ”.
კაია კალასმა ილაპარაკა ევროპისთვის ირანიდან მომდინარე მზარდ საფრთხეზე:
“საფრანგეთში ბოლო დროს განხორციელებულმა კიბერთავდასხმებმა აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნები ირანის წვდომის მიღმა არ არიან. “რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ევროკავშირმა უკვე გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად. დავაწესეთ უმკაცრესი სანქციები ბირთვული პროგრამის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და თავისუფალი საზღვაო მიმოსვლაზე შეზღუდვების გამო. ვემზადებით ახალი სანქციებისთვის”.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს აქვთ რეგიონული სტაბილურობისა და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის საერთო ინტერესი.
ასევე ნახეთ
ზელენსკი 17 ნოემბრის "რამშტაინის ფორმატის" შეხვედრაზე: ყოველმა დღემ უნდა მოიტანოს შედეგებიმინისტერიალზე იმსჯელეს უკრაინაზე. 16 ნოემბერს დილით, მინისტერიალამდე კაია კალასი შეხვდა უკრაინის პრემიერმინისტრ სერჰი კორეცკის, მინისტერიალს კი შეუერთდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა:
“სამწუხაროდ, კვლავაც არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ მოსკოვი მშვიდობისთვის ემზადება.
რუსეთი გაჭედილია ბრძოლის ველზე და რეკორდული რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს. და მაინც, მოსკოვი კვლავაც აძლიერებს დარტყმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე”, - განაცხადა კალასმა.
მოახლოებული ზამთრისთვის უკრაინის მხარდასაჭერად, ევროკავშირი გამოყოფს 500 გენერატორს, 200 ავტობუსს, მიწისქვეშა ელექტროკაბელებსა და სახელდახელო ხიდებს.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს გააფართოვეს რუსეთის კომპანიებისა და ინდივიდების წინააღმდეგ სასანქციო სია და მას 140 პირი და კომპანია დაამატეს.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა სასანქციო სიას დაამატა რუსეთის კომპანიები, მათი მფლობელები, სატელევიზიო აქტორები და ჰაკერული ჯგუფიუახლოეს დღეებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო წარმოადგენს 22-ე სასანქციო პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ. 16 ნოემბერს მინისტრები გამოვიდნენ მოწოდებით - სავიზო პოლიტიკის გამკაცრებისა და ევროკავშირში გამართულ ტურნირებში რუსი სპორტსმენების მონაწილეობის აღკვეთისკენ:
“თუ რუსეთი ფსონს ჩვენს გადაღლაზე დებს, იმედგაცრუება მოელის. მომავალ კვირაში ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ 2027 წლისთვის უკრაინის დაფინანსების გზებზე.”
კაია კალასმა ილაპარაკა რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობაზე, რუსეთის მოთხოვნებზე დასავლეთის მიმართ და ევროპის მოთხოვნებზე მოსკოვისადმი:
“ევროკავშირი შეთანხმდა - ვინ ილაპარაკებს ევროპის სახელით მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე, ახლა კი შინაარსზე ფოკუსირების დროა. რუსეთის მოთხოვნები კვლავაც მაქსიმალისტურია. მოსკოვს სურს უკრაინის დაშლა, ნატოს უკუგდება და ევროპის უსაფრთხოებაზე ვეტოს დადება - ეს ყველაფერი მიუღებელია. 2021-ში რუსეთის მოთხოვნები ომის საბაბი იყო. 2026-ში ეს მოთხოვნები კი ომის გაგრძელების საბაბია.
ევროპას მოსკოვის მიმართ მკაფიო მოთხოვნები აქვს. ზოგიერთს შეგახსენებთ: უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მის მიერ ალიანსების არჩევის უფლების პატივისცემა. დაუშვებელია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი აღიარება. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე და გადაიხადოს მის მიერ გამოწვეული ნგრევის ფასი. უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვები შინ უნდა დაბრუნდნენ. რუსეთის მხრიდან ევროპაში საბოტაჟი და კიბერთავდასხმები უნდა შეწყდეს.
პრიორიტეტი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ - სამშვიდობო შეთანხმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება სხვა რამეზე მსჯელობა. მინისტრებმა დღეს ძალიან მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია. ჩვენ არ გვჭირდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. გვსურს იმის აღდგენა, რომელიც გვაქვს. რუსეთმა დაარღვია ყველა ხელშეკრულება, რომელიც მას უზრუნველყოფს”.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეეხო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად დაკავშირებადობასა და უსაფრთხოებაზე გამართულ შეხვედრას პარტნიორებთან შუა აზიიდან, შავი ზღვის რეგიონიდან და სამხრეთ კავკასიიდან:
“ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი სატრანსპორტო მარშრუტების, უფრო ძლიერი ენერგოუზრუნველყოფისა და ციფრული კავშირების, ეკონომიკების დაახლოების მიმართ. თუმცა, ამ კავშირებს საფრთხეს უქმნის ომი”.
აღნიშნულ შეხვედრაში, მიწვევის მიუხედავად, მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს წარმომადგენელს.