ის ითხოვდა, სასამართლოს საქმის გადაწყვეტამდე წერილობით განესაზღვრა მტკიცების საგანი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტები. მოთხოვნას სხვა მოპასუხე პარტიებიც შეუერთდნენ.
ბიბილაშვილის თქმით, მხარეებისთვის წინასწარ უნდა იყოს გასაგები, კონკრეტულად რას ედავებიან და რა კრიტერიუმებით განიხილება მათი პარტიების აკრძალვა. მან პროცესი ფრანც კაფკას „პროცესს“ შეადარა: „ვერ ვიგებთ, ვის რას ედავებიან“.
ასევე ნახეთ
რევაზ ნადარაია: „მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი“სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განმარტებით, შუამდგომლობით მხარე ფაქტობრივად უკვე მიღებული განჩინებების გადახედვას ითხოვდა, რასაც სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევდა. მისივე თქმით, სტანდარტები საბოლოო გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს, მტკიცებულებების წინასწარ შეფასება კი შეუძლებელია.
სხდომაზე კამათი მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ხსენებასაც, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის სპიკერი დაესწრნენ.
ასევე ნახეთ
კობახიძე, ყაველაშვილი და პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს საიუბილეო კონფერენციას დაესწრნენბიბილაშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ იუბილე „მოსარჩელე მხარესთან ერთად“ აღნიშნა. მან გააკრიტიკა ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებზე ამბობდა - „ჩვენ ვაუქმებთ“.
ნადარაიამ უპასუხა, რომ კონფერენციაზე სამეცნიერო საზოგადოება იყო მიწვეული, გახსნას კი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. მისივე თქმით, სასამართლოს განხილვის საგანი სარჩელია და არა პოლიტიკოსების მიერ სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებები.
საუბარი შეეხო მოსამართლეთა შესაძლო მიკერძოებასაც. მოსამართლე ევა გოცირიძემ აღნიშნა, რომ კრიტიკული კითხვები მოსარჩელე მხარესაც დაუსვა. ნადარაიას განმარტებით კი, კითხვები მოსამართლეთა პოზიციის გამოხატვას არ ნიშნავს და საქმის ობიექტურად განხილვას ემსახურება. ბიბილაშვილი ამ განმარტებას შეედავა: „კონკრეტულად რაღაც რომ გაინტერესებთ და რაღაც არ გაინტერესებთ, ეგ არის უკვე მიკერძოება“.
რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიციის ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.