რუსეთის კრასნოდარის მხარეში შეტევა იყო სავარაუდოდ, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

ფოტო არქივიდან. აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

18 ნოემბერს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის სევერსკის რაიონში, სადაც ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად სევერსკის რაიონში ოთხი ადამიანი დაშავდა და ხანძრები გაჩნდა ორ საწარმოში. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ამ ცნობაში კონკრეტული საწარმოები მითითებული არ არის.

მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა, Supernova+ და Exilenova+, თვითმხილველებისგან მიღებული ინფორმაციისა და კადრების საფუძველზე დაწერეს, რომ შეტევა იყო აფიპსკის და ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ანალოგიური ინფორმაცია აქვს დამოუკიდებელ რუსულ გამოცემა ASTRA-საც.

უკრაინას შეტევის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ

იერიში პუტინის მთავარ სიმბოლოზე - ემუქრება თუ არა ყირიმს ბლოკადა?
  • აფიპსკის და ილსკის ქარხნები რუსეთის სამხრეთში მოქმედი ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებია.
  • ამ ქარხნებს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალებია.

15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საერთო ჯამში გააჩერეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი.

ზელენსკის შეფასებით, ეს არის უკრაინის სამართლიანი პასუხი იმაზე, რომ რუსეთი დეესკალაციაზე უარს ამბობს და უკრაინის ენერგეტიკაზე დარტყმებს აგრძელებს.

რუსეთი, რომელიც თავის ტერიტორიაზე შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, არ ასაჯაროებს მონაცემებს უკრაინის დარტყმებით მიყენებული ზიანის მოცულობის შესახებ.

ასევე ნახეთ

უკრაინამ დაადასტურა ორ კვირაში რუსეთის ათამდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა