ყირიმის ხიდზე ისევ შეტევა იყო

ყირიმის ხიდზე შეტევა იყო 16 და 17 ნოემბერსაც

გასულ ღამით ისევ აფეთქებები იყო ყირიმის, იმავე ქერჩის ხიდის რაიონში.

პირველი ცნობები ხიდზე მორიგი დარტყმის შესახებ გაავრცელეს პროუკრაინულმა არხმა „კრიმსკი ვეტერ“, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მომხდარ ფაქტებს აშუქებს და მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+.

დაახლოებით ღამის ორი საათისთვის ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ყირიმის ხიდზე მორიგი შეტევის შედეგად მოძრაობა დროებით გადაკეტილია” და „მიმდინარეობს ზიანის შეფასება".

„კრიმსკი ვეტერ“-ის წყაროთა ცნობით, სარაკეტო შეტევა იყო ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ასევე ნახეთ

იერიში პუტინის მთავარ სიმბოლოზე - ემუქრება თუ არა ყირიმს ბლოკადა?

წინა ორი დარტყმა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის ხიდს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს 16 და 17 ნოემბერს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ძლიერი აფეთქებების შედეგად ხიდის „საავტომობილო ნაწილი მკვდარია“, ჩამოინგრა მისი თაღი, სარკინიგზო ნაწილის თაღი კი დაზიანებულია.

17 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდის სარკინიგზო ნაწილის ერთ ხაზზე მოძრაობა აღდგა, მეორე ხაზზე კი აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის, იმავე ქერჩის, ხიდზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. მათგან ყველაზე ძლიერი იყო 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. ხიდზე აფეთქება იყო 2025 წლის ივნისშიც.

  • უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
  • 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
  • 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.
  • უკრაინა უკანონოდ აშენებულ ხიდს ერთ-ერთ კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს.