საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის დახვედრა მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში. 2026 წლის 19 ნოემბერი

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია 19 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდა. მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, ქართველი სასულიერო პირები მონაწილეობას მიიღებენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საიუბილეო ღონისძიებებში. კირილეს დღეს, 20 ნოემბერს, 80 წელი შეუსრულდა.

დელეგაციის წევრები არიან:

  • ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე;
  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე;
  • გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა;
  • ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი;
  • პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

დელეგაციას თან ახლავს საქართველოში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი.

კიდევ ვინ ჩავიდა მოსკოვში

კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩასულ სტუმრებს შორის არიან ანტიოქიის პატრიარქი იოანე X, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III, სერბეთის პატრიარქი პორფირე და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი. მოსკოვში ჩავიდნენ ბულგარეთის, ალბანეთისა და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებიც.

რუსეთის პატრიარქი

კირილე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს. ამის გამო მას სანქციები დაუწესეს, მათ შორის, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ლიეტუვამ და ჩეხეთმა.

რუსეთის პატრიარქი კირილე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

2022 წლის 25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, კირილემ ქადაგებისას სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპვაზე თქვა: „გვწამს, რომ ეს მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რომლებიც ადამიანმა ჩაიდინა“.

ასევე ნახეთ

მენდელეევიც პროპაგანდის სამსახურში - რას საქმიანობს პუტინის პირადი მოძღვარი ანექსირებულ ყირიმში

ორი ეკლესიის ურთიერთობა

წელს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოს რამდენჯერმე ეწვივნენ. 22 მარტს ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო რუსეთის ეკლესიის დელეგაცია, რომელსაც მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი ხელმძღვანელობდა.

ასევე ნახეთ

ილია II-ის დაკრძალვას ესწრება პუტინის სპეცწარმომადგენელი კულტურული თანამშრომლობის საკითხებში

16 მაისს თბილისში შიო III-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი და დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი.

ასევე ნახეთ

რუსეთის პატრიარქი კირილე შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს

30 სექტემბერს, საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის წინ, შიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა.

ასევე ნახეთ

შიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა - ისაუბრეს „მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე“

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მსახურებას ვერ ატარებს, დევნილები კი წინაპრების საფლავებზე ვერ მიდიან.

2 ოქტომბერს ჯაღმაიძემ კონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსულ მხარესთან რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზეც აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მას ტაძარი არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ

„რუსეთთან დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე“ - ანდრია ჯაღმაიძე

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა, ორ ეკლესიას შორის კი კავშირი შენარჩუნდა.

ასევე ნახეთ

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ

მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, თუმცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს. ილია II-ისა და შიო III-ისადმი მიმართვებში ტიტულის ნაწილი - „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“ - გამოტოვებულია.