ქართულ მხარეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს - ზახაროვა

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას, 20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებისა და წინა დღეს მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრის შესახებ ჰკითხეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ დონეზე დიალოგის განახლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს, ზახაროვამ უპასუხა:

„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას, ქართულ მხარეს მსგავსი ინიციატივით არ მოუმართავს“.

რა ჰკითხეს ზახაროვას?

კითხვა ზახაროვას ქართული გამოცემა „თვალსაზრისის“ ჟურნალისტმა გიორგი ჯაბიშვილმა დაუსვა. გამოცემის დამფუძნებელი ზაზა დავითაიაა.

ჟურნალისტმა მინსკის შეხვედრა დაუკავშირა მანამდე მამუკა ფიფიას მიერ ორგანიზებულ კამპანიას. მისი თქმით, მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მოთხოვნას 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და „იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ ნებას ანგარიში გაუწია“.

ჟურნალისტმა ზახაროვას ჰკითხა, რა მნიშვნელობა ჰქონდა გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნასა და მინსკში გამართულ მოლაპარაკებებს, განიხილავდნენ თუ არა ახალ ფორმატში ორ ქვეყანას შორის დაგროვილ პოლიტიკურ საკითხებს და შეიძლებოდა თუ არა ამ დონეზე დიალოგის განახლება დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიჩნეულიყო.

ასევე ნახეთ

ზახაროვას მხარდაჭერა ფარცხალაძის ფონდს, პუტინის მადლობა მის თანამოაზრეს

ზახაროვამ ჟურნალისტს უთხრა, რომ მის შეკითხვას ბოლოში კითხვის ნიშანს ძახილის ნიშნით შეუცვლიდა, შემდეგ კი გაიმეორა რუსეთის საგარეო უწყების მიერ წინა დღეს გავრცელებული განცხადების ძირითადი გზავნილები. მისი თქმით, მინსკის შეხვედრით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი განახლდა. მხარეებმა ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრეს, რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს და შეხვედრებს გააგრძელებენ.

ორი თითქმის იდენტური განცხადება

19 ნოემბერს მინსკში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი. შეხვედრის შემდეგ განცხადება ჯერ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა, მოგვიანებით კი - საქართველოს მთავრობამ.

ასევე ნახეთ

საქართველოს მთავრობა არ აკონკრეტებს, რა შეთანხმებებს მიაღწიეს ზურაბაშვილმა და გალუზინმა

ორი განცხადება შინაარსით თითქმის იდენტურია. ორივე მხარე ახსენებს ვაჭრობას, ეკონომიკას, კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებსა და რეგიონულ უსაფრთხოებას. მოსკოვის ცნობით, მხარეებმა „რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს“. თბილისიც იუწყება შეთანხმებების შესახებ, თუმცა მათი შინაარსი არცერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია.

ერთი განსხვავება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს ეხება. საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის გადაუჭრელი საკითხების მოგვარებისა და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მთავარ ფორმატად დაასახელა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ჟენევის მოლაპარაკებები ნახსენები არ არის.

მოსკოვს მანამდე არაერთხელ მოუთხოვია ჟენევის მოლაპარაკებების გადატანა სხვა ქალაქში, მათ შორის სახელდებოდა მინსკი.

ასევე ნახეთ

რუსეთ-საქართველოს დიალოგი მინსკში - ერთი შეხვედრა, ორი შეჯამება

ბოჭორიშვილი: „უნდა დავძლიოთ საუბრის შიში“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მინსკის შეხვედრას „არაფერი აქვს საერთო“ არც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან და არც ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებასთან.

„არ არის არაფერი საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები“, - თქვა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, რატომ შეირჩა შეხვედრის ადგილად მინსკი, მინისტრმა უპასუხა, რომ ქართულ მხარეს ამ ადგილის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მისთვის მთავარი შეხვედრის დროულად გამართვა იყო.

ასევე ნახეთ

საგარეო მინისტრი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრაზე: უნდა დავძლიოთ საუბრის შიში

როგორ აფასებენ მინსკის ფორმატს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ვიდრე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

ასევე ნახეთ

„საქართველო გაიზარდა“ - რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს დიალოგი მინსკში

„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისთვის რუსეთთან მოლაპარაკებების მინდობას „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად“ განიხილავს. ორგანიზაციის შეფასებით, შეხვედრის ადგილად რუსეთის მოკავშირე ბელარუსის დედაქალაქის შერჩევა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.

ანალიტიკოსმა გიორგი მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვიდრე მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საელჩოები“ აქვს გახსნილი, რუსეთთან ამ დონეზე პირდაპირი ურთიერთობის დაწყება საქართველოს არაღიარების პოლიტიკას აზიანებს.