„რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს“ - მოსკოვი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრაზე

მიხაილ გალუზინი (მარცხნივ) და გიორგი ზურაბაშვილი
მიხაილ გალუზინი (მარცხნივ) და გიორგი ზურაბაშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 19 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი შეხვდა გიორგი ზურაბაშვილს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელია.

უწყების განცხადებით, შეხვედრა რუსეთსა და საქართველოს შორის განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა „რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას“ მიაღწიეს და კონტაქტების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. სამინისტრო შეთანხმებების შინაარსს არ აკონკრეტებს.

უწყების ინფორმაციითვე, ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ბელარუსული მხარის მიმართ რუსეთ-საქართველოს შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული ხელშეწყობისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გაუვრცელებიათ.

ქართველი დიპლომატების კრიტიკა

„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ განცხადებით გამოეხმაურა მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრას.

ორგანიზაციაში, რომელიც კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს, მიიჩნევენ, რომ „რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“.

ამასთან, მათი განცხადებით, საერთაშორისო მედიატორების გარეშე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს დედაქალაქში გამართვა მხოლოდ ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხი არაა.

„ეს პოლიტიკური არჩევანია, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოში და მისაღებ ფორმატში მოლაპარაკებების წარმართვას ნიშნავს" და რუსეთის პირობებით ურთიერთობების ნორმალიზებას ემსახურება, ნაცვლად რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ დიალოგისა.

მინსკი პრაღის ნაცვლად

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 16 ნოემბერს განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ.

  • რუსეთის საგარეო უწყება ახალ ფორმატს 2012 წელს დაწყებული დიალოგის გაგრძელებად განიხილავს.
  • მაშინ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მართავდნენ.
  • მათი შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა.

რაც შეეხება მინსკს, - ბელარუსის დედაქალაქს, - რუსეთის ფედერაცია ითხოვდა „ჟენევის ფორმატის“ მინსკში გადატანას:

„ჟენევის ფორმატი“ - ანუ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“ - წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ფორმატი, რომელშიც რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ფორმატში მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საუბრობენ.

რუსეთის ფედერაცია 2022 წლიდან ითხოვს ფორმატის ცვლილებას. ინიციატივას მხარს უჭერენ სოხუმსა და ცხინვალშიც და მოლაპარაკებების სასურველ ადგილად მინსკს ან ნაირობის ასახელებენ.

გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან.

კონტაქტები აღდგება

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 2026 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა.

ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაც შეინარჩუნა.

მისი წარდგენისას ირაკლი კობახიძემ პრიორიტეტებად დაასახელა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგი.

  • სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო 2025 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც პოსტი გიორგი ქაჯაიამ დატოვა;
  • ქაჯაიამ ამ თანამდებობაზე 2024 წელს ზურაბ აბაშიძე შეცვალა.

კრიტიკა მანდატის გაფართოების გამო

გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“ 21 ოქტომბერსაც გააკრიტიკა.

ამ ჯგუფის განმარტებით, ამ თანამდებობას აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი არ იკავებდა, წარმომადგენლის მანდატი კი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით შემოიფარგლებოდა.

„დიპლომატთა საზოგადოების“ შეფასებით, მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ ფუნქციის დაკისრება შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად ჩაითვალოს, - რასაც ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ.

  • ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უშლის ხელს.
  • „აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 16 ნოემბერს.
  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG