საქართველოში გლოვის დღეა ქვემო ფონიჭალაში ექვსი ადამიანის დაღუპვის გამო

სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოში გლოვის დღეა. ქვემო ფონიჭალაში დაღუპული ექვსი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.

რა მოხდა ქვემო ფონიჭალაში

19 ნოემბერს, დილით, თბილისში, რუსთავის გზატკეცილის №16-ში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება გამოიწვია ბინაში დაგროვებულმა ბუნებრივმა აირმა. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა 31 წლის მამაკაცმა გამათბობლის ჩართვა სცადა.

აფეთქების გარემოებებს სამართალდამცველები იძიებენ.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებმა ამ კორპუსში გაზის დანადგარები ბოლოს 2026 წლის იანვარში შეამოწმეს. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, დაკეტილი დახვდათ და მისი შემოწმება ვერ შეძლეს. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ამ ბინაში 2025 წლის დეკემბრიდან გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა.

დაღუპულები

ფოტოკოლაჟი: ზედა ნაწილში - ჯაბა საყევარაშვილი, ნუცა ფხალაძე და ნინო ჭელიძე, ქვემოთ - ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი, არიანა რისტიჩი და ლალი შიშმანაშვილი

38 წლის ნინო ჭელიძე და მისი შვიდი წლის შვილი ნუცა ფხალაძე

ნინო ჭელიძეს ხუთი შვილი ჰყავდა. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე სამი მათგანი სკოლაში წავიდა. ნინო სახლში ნუცასა და სამი წლის თაიასთან ერთად დარჩა. ნინო და ნუცა დაიღუპნენ. თაიამ ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა. მაშველებმა ის ცოცხალი ამოიყვანეს.

ნინო ჭელიძე გლდანში, მაღაზია SHOP MARINA-ში მუშაობდა. „მშვიდობით, ნინო, მუდამ ჩვენს გულში იქნები“, - დაწერეს მისმა თანამშრომლებმა.

33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი ექვსი წლის შვილი არიანა რისტიჩი

ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი კაზინო Grand Bellagio-ში მარკეტინგის ხელმძღვანელად მუშაობდა. თანამშრომლები მას გულწრფელ და საქმისადმი თავდადებულ კოლეგად იხსენებენ.

არიანა თბილისის 58-ე საბავშვო ბაღში დადიოდა. ბაღის თანამშრომლები მას იხსენებენ როგორც სიცოცხლით სავსე, თბილ ბავშვს. „ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“, - დაწერა არიანას ბიძამ, დავით ვანიშვილმა.

55 წლის ლალი შიშმანაშვილი

ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს მასთან მისი ტყუპი ქალიშვილებიც იყვნენ. დებმა შენობიდან გასვლა შეძლეს.

ლალი შიშმანაშვილი სოფელ იყალთოდან იყო. ფეისბუკგვერდზე „იყალთოს მატიანე“ თანასოფლელები იხსენებენ, რომ ის სიყვარულზე წერდა ლექსებს.

28 წლის ჯაბა საყევარაშვილი

ჯაბა საყევარაშვილი „საქართველოს ფოსტაში“ კურიერად მუშაობდა. კოლეგები მას პასუხისმგებლობიან და შრომისმოყვარე ადამიანად იხსენებენ. „ჯაბას გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია“, – წერს „საქართველოს ფოსტა“.

დაშავებულები და დაზარალებული ოჯახები

20 ნოემბერს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაშავებული 31 წლის მამაკაცის, ილია ისაევის მდგომარეობა უმძიმესი იყო. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ თქვა, რომ იქ მყოფი ორივე ბავშვის – სამი წლის თაიასა და 11 წლის ბიჭის – მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

20 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ივანიშვილმა, განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ 28 ოჯახს ბინებს შეუძენენ.

ასევე ნახეთ

ივანიშვილები: ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს გადავცემთ

დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიუსამძიმრეს.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ოლჟას ბექტენოვმა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. მან ყაზახეთის მთავრობის სახელით მწუხარება გამოუხატა დაღუპულთა ოჯახებსა და საქართველოს მოსახლეობას.

„ამ მძიმე წუთებში ყაზახეთი იზიარებს თქვენს მწუხარებას. ყველა დაშავებულს ვუსურვებ სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერს ბექტენოვი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამძიმრის წერილით მიმართა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს.

„პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, სამძიმარს გიცხადებთ მომხდარი ტრაგედიის გამო თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ალიევი.

ასევე ნახეთ

„მოუშუშებელი იარა“ - რა ვიცით ფონიჭალაში დაღუპულებზე

დაღუპულთა ოჯახებს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა მისიებმაც მიუსამძიმრეს, მათ შორის აშშ-ის, უკრაინის, ჩეხეთის, ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საელჩოებმა.