გალუზინი 19 ნოემბერს მინსკში შეხვდა გიორგი ზურაბაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ „რიგ შეთანხმებებს“ მიაღწიეს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ.
ასევე ნახეთ
„საქართველო გაიზარდა“ - რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს დიალოგი მინსკშირუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ისთვის მიცემულ კომენტარში გალუზინმა ერთ-ერთი ასეთი შეთანხმება დაასახელა. მისი თქმით, თბილისის ინიციატივით, მხარეები საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემაზე შეთანხმდნენ.
მისივე თქმით, რუსეთმა ქართულ მხარეს გააცნო ზომები, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ღვინის მიწოდების გასაზრდელად იღებს.
რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციაზე რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ დაწესებული შეზღუდვა შეხვედრის შემდეგ საჯაროდ არც გალუზინს უხსენებია და არც ქართულ მხარეს.
ასევე ნახეთ
რუსეთში 40-ზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქციას კრძალავენ? - რა ვიცით ამის შესახებგალუზინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული ნაკადის ზრდას. ორივე მხარემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, ეტაპობრივად განავითაროს კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობას.
გალუზინის თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საერთაშორისო საკითხები და რეგიონული უსაფრთხოება. მან თქვა, რომ ამ საკითხებზე მსჯელობისას მხარეები ეყრდნობოდნენ პრინციპს, რომლის თანახმადაც, რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მათ უშუალო მეზობლებს.
ასევე ნახეთ
ქართულ მხარეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს - ზახაროვა20 ნოემბერს, მინსკის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მოსკოვისთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მიუმართავს.
ბოჭორიშვილი: „უნდა დავძლიოთ საუბრის შიში“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მინსკის შეხვედრას „არაფერი აქვს საერთო“ არც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან და არც ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებასთან.
„არ არის არაფერი საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები“, - თქვა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, რატომ შეირჩა შეხვედრის ადგილად მინსკი, მინისტრმა უპასუხა, რომ ქართულ მხარეს ამ ადგილის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მისთვის მთავარი იყო შეხვედრის დროულად გამართვა.
როგორ აფასებენ მინსკის ფორმატს
ასევე ნახეთ
მინსკში შეხვედრა საგარეო კურსის ცვლილების დასტურია - „დიპლომატთა საზოგადოება“ ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისთვის რუსეთთან მოლაპარაკებების მინდობას განიხილავს „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად“. ორგანიზაციის შეფასებით, შეხვედრის ადგილად რუსეთის მოკავშირე ბელარუსის დედაქალაქის შერჩევა მიუთითებს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე.
ანალიტიკოსმა გიორგი მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვიდრე მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საელჩოები“ აქვს გახსნილი, რუსეთთან ამ დონეზე პირდაპირი ურთიერთობის დაწყება აზიანებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას.