„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დავიწყე“, - დაწერა მაკა ბოჭორიშვილმა ფეისბუკზე.
„გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე“, - დაწერა მან.
„ასევე განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და შუა დერეფნის განვითარების ახალი შესაძლებლობები“, - წერია მის გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს. მნიშვნელოვანია, ეს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო განვავითაროთ“, - ვკითხულობთ ცნობაში.
საგარეო უწყებას საუბრის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ჯერ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია ილჰამ ალიევის ადმინისტრაციას.
ასევე ნახეთ
საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩადისვიზიტი ქურმუხის ინციდენტის შემდეგ
ვიზიტის წინა დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანში, კახის რაიონში, - ისტორიულ ჰერეთში - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან, – მართლმადიდებელი მლოცველები არ მიუშვეს. მობილიზებული იყო პოლიცია.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ქურმუხის ტაძარს, - რომელსაც „კურმუკად“ მოიხსენიებს – „ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას“ მიაკუთვნებს. სექტემბერში გაირკვა, რომ იქ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რაზეც საპატრიარქომ პროტესტი გამოთქვა.
გიორგობაზე ღვთისმსახურება იმავე რაიონში, სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინა. ლიტურგიას ესწრებოდა საქართველოს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
ასევე ნახეთ
ქართველ მართლმადიდებლებს აზერბაიჯანში „ხელსაყრელი პირობები“ აქვთ – რა უთხრეს საქართველოს ელჩს ბაქოშისაქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში, გიორგი ზაქარაშვილმა 24 ნოემბერს ჩამოთვალა ის საკითხები, რაზეც ბოჭორიშვილი ისაუბრებს აზერბაიჯანის ლიდერებთან. მათ შორის ქურმუხის საკითხი არ ყოფილა დაკონკრეტებული.
„ეს არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა, რომ შეჯამდეს წლის განმავლობაში ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების კონტექსტში ჩატარებული ღონისძიებები, მიღწეული შედეგები“, - განაცხადა ელჩმა.
მაკა ბოჭორიშვილი 24-25 ნოემბერს ასევე შეხვდება
- პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს;
- მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას;
- საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს.