დრონებით შეტევა იყო პეტერბურგსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებზე

ფოტო არქივიდან. 2026 წლის ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს პეტერბურგთან მდებარე ნავთობტერმინალს.

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული დრონების შეტევას იგერიებდნენ.

27 ნოემბერს, დაახლოებით დილის ცხრა საათისთვის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რეგიონში გამოცხადებული „საჰაერო საფრთხე გაუქმებულია. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან და დაზიანებები არ არის”.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ინფორმაციით, ქალაქ სანქტ-პეტებურგში საჰაერო განგაშის სიგნალი არ ყოფილა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, იყო საჰაერო თავდაცვის მიერ მოგერიებული დრონების საცხოვრებელი სახლების თავზე აფეთქების შემთხვევები.

ASTRA-ს ინფორმაციით, სახლი დაზიანდა პეტერბურგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ მიკრორაიონში. ამ სახლის ვიდეო გაავრცელა მონიტორინგის უკრაინულმა არხმაც Supernova+.

ვითარების ამსახველი არაერთი ვიდეო გაავრცელა მონიტორინგის კიდევ ერთმა უკრაინულმა არხმა Exilenova+. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება იყო რაიონში, სადაც დრონების საწარმო მდებარეობს.

27 ნოემბერს დილით გადაკეტეს მდინარე ნევაზე მდებარე ლადოგის ხიდი, რომელიც ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით ორმოც კილომეტრშია. ხიდის გადაკეტვა დაადასტურა გუბერნატორმა დროზდენკომაც, თუმცა მისი მტკიცებით, ხიდი დაზიანებული არ არის.

„საჰაერო საფრთხის გაუქმებამდე” ცოტა ხნით ადრე დროზდენკო ტელეგრამზე წერდა, რომ ლენინგრადის ოლქში 45 უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოაგდეს”.

უკრაინას დღევანდელი შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ

უკრაინა - ქვეყანა ფლოტის გარეშე, რომელიც უკვე ხუთ ზღვაში იბრძვის

რუსეთი, რომელიც ოთხ წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს დიდი მსხვერპლის გამომწვევ ომს და ქვეყნის ინფრასტრუქტურას ანადგურებს, თავის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ მსგავსი დარტყმები არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია, პასუხი უკრაინელების დახოცვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.