თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს - Anadolu

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს და, თურქეთის სამთავრობო მედიის ცნობით, ინციდენტების „მტკიცებულებები წარუდგინეს“

თურქეთის მთავრის ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ 27 ნოემბერს საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შეხვედრა 27 ნოემბერს გაიმართა.

Anadolu თურქეთის საგარეო უწყებაში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩის სამინისტროში დაბარება უკავშირდება წინა საღამოს თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.

თამაშის პარალელურად და მომდევნო საათებში თურქეთის არაერთმა მინისტრმა ქართველ კოლეგებთან განიხილა განვითარებული მოვლენები. ანკარაში დაგმეს ის, რასაც პოლიციის „არაპროპორციული პასუხი“ უწოდეს, - რასაც თბილისი უარყოფს.

„შეხვედრისას ანკარამ თავისი პრეტენზიები გამოთქვა და ინციდენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინა“, - წერს თურქული პრო-სამთავრობო გამოცემა Daily Sabah-ი.

საქართველოში თურქეთის ელჩი არჩილ კალანდიაა. საქართველოს საგარეო უწყებას ანკარაში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ასევე ნახეთ

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება

„მიუღებელია ძალადობა“ - თურქეთის იუსტიციის მინისტრი

მანამდე, თურქეთის იუსტიციის მინისტრი აქინ გიურლექი ქართველ კოლეგას, პაატა სალიას, დაუკავშირდა და ბათუმში დაკავებული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. გულშემატკივრები დილას გაათავისუფლეს.

„მიუღებელია ძალადობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პალესტინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას მხარს უჭერენ“, - დაწერა გიურლექმა სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ

საფეხბურთო დაძაბულობა ბათუმში: თურქმა კოლეგამ პაატა სალიასაც დაურეკა

„ჰაპოელი“ საქართველოს მადლობას უხდის

27 ნოემბერს განცხადება გაავრცელა „ჰაპოელ ბეერ-შევამ“ და საქართველოს მადლობა გადაუხადა:

„დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის“ - დაწერა კლუბმა.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში“, - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“

რა მოხდა ბათუმში

2026 წლის 26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო.

მოგვიანებით დაპირისპირება ტრიბუნაზეც მოხდა და თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის მიმდინარეობისას ისაუბრეს თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა. საუბრის ვიდეოჩანაწერის მონაკვეთი თურქულ მედიაში გავრცელდა.

UEFA-მ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს: „UEFA მკაცრად გმობს ძალადობისა და უწესრიგობის სერიოზულ ინციდენტებს, მათ შორის გულშემატკივრების ჩართულობით შეტაკებებს სტადიონზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება

თბილისის პოზიცია

27 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტმრა სულხან თამაზაშვილმა დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა, თუმცა თქვა, რომ ჰქონოდა ასეთი ჩანაწერი, „აუცილებლად ვრცელ ვერსიას“ გაავრცელებდა:

  • მინისტრის განცხადებით, პოლიციამ საზღვარზე ქომაგებს 100-მდე ბანერი ჩამოართვა.
  • მან ბანერების შინაარსი პროვოკაციულად და საქართველოსთვის შეურაცხმყოფლად შეაფასა.
  • თამაზაშვილის თქმით, ზოგიერთი ბანერი განსაკუთრებით დიდი ზომის იყო. სტადიონზე არცერთი მათგანი არ გამოუყენებიათ.

მატჩის წინ მედიაში გავრცელდა ცნობა ბანერზე წარწერით 82 BATUM. თურქეთში 81 პროვინციაა და წარწერა ბათუმის თურქეთის 82-ე პროვინციად წარმოჩენის მცდელობად აღიქვეს.

მინისტრის თქმითვე, პალესტინის დროშის ჩამოხსნა - რაზეც ანკარას განსაკუთრებული ყურადღება ჰქოდნა გამახვილებული - მოედანზე მყოფმა უეფას დელეგატმა მოითხოვა, ქომაგებს კი დროშის ჩამოხსნისკენ „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის თანამშრომელმა მოუწოდა.

თამაზაშვილმა მატჩის დროს მიყენებული ზიანი „მნიშვნელოვნად“ შეაფასა, თუმცა თანხა არ დაუსახელებია. მისი თქმით, მატჩის მასპინძელი „ბეშიქთაში“ იყო და, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მოელის, რომ უეფა ზარალის ანაზღაურებას თურქულ კლუბს დააკისრებს.

ასევე ნახეთ

პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება

ასევე ნახეთ

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე