„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა

თურქეთის ელჩი ისრაელის ელჩზე: „ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი და სამარცხვინოა“

საქართველოში თურქეთის ელჩმა, მუსტაფა თურქერ არიმ 27 ნოემბერს უპასუხა ისრაელელი კოლეგის, ვალიდ აბუ ჰაიას კომენტარს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი და სამარცხვინოა“, - დაწერა თურქეთის ელჩმა პლატფორმა X-ზე.

„ამასთანავე, სამწუხაროა, რომ ელჩი, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაცნობის გარეშე, მსგავს უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს“, - დაწერა მან, რის შემდეგაც დასძინა:

„თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი, მტკიცე მეგობრობა მარადიული იქნება“.

რა დაწერა ისრაელის ელჩმა

წინა ღამით საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია X-ზე გამოეხმაურა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს.

ისრაელის ელჩის პოსტი X-ზე

მან გააზიარა „ბათუმი არენაზე“ თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირების კადრები პოლიციასთან და დაწერა:

„ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“.

  • თურქეთსა და ისრაელს შორის ვითარება ისრაელ-ღაზის ომის ფონზე დაძაბულია.
  • მატჩი, - რასაც ბათუმში დაპირისპირება და პოლიტიკური გამოხმაურებებიც მოჰყვა - „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;
  • თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრადაა გაუარესებული.

„ბეშიქთაში“ 2024 წლის ნოემბერში ისრაელის თელ-ავივის „მაკაბის“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - ისე, რომ მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.

ასევე ნახეთ

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს - Anadolu
  • 2026 წლის 26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო.
  • მოგვიანებით დაპირისპირება ტრიბუნაზეც მოხდა და თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.
  • UEFA-მ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს და ის „მკაცრად გმობს ძალადობისა და უწესრიგობის სერიოზულ ინციდენტებს“.

ასევე ნახეთ

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება