საქართველო არ მისცემს საბაბს რუსეთს ახალი ოკუპაციისათვის

გასულ კვირაში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჯეიმს აპატურაი, ცენტრალურის აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ნატოს საგანგებო წარმომადგენელი. თბილისში ყოფნის დროს ნატოს წარმომადგენელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მიერ ნაჩვენებ პროგრესს წლიური ეროვნული პროგრამის ვალდებულებათა შესრულებაში და განაცხადა, რომ „ნატო-საქართველოს ურთიერთობა სწორი გზით ვითარდება“. თუმცა, აპატურაის არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დასრულდება ეს გზა საქართველოს ნატოში გაწვერიანებით. მაგრამ, როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს აქვს გაწევრიანების მკაფიო ორიენტირი წლიური ეროვნული გეგმის სახით. ინტერვიუში საუბარი შეეხო ასევე საქართველოს უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებს. კერძოდ, გალში პარასკევს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი და ორი ქართველი დამნაშავე დაიღუპნენ.