სირიაში მწვავე დაპირისპირება გრძელდება

უფლებადამცველების და მოსახლეობის ცნობით სირიის უსაფრთხოების ძალებმა სამხრეთის ქალაქ დერაზე ტანკებით მიიტანეს იერიში. პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები გასულ თვეში სწორედ დერაში დაიწყო. მოსახლეობის თქმით, ქალაქში ასობით ჯარისკაცია შეყვანილი. იორდანიამ დაადასტურა ცნობა, რომ სირიამ მასთან საზღვარი დაკეტა. ქალაქის მოსახლეობამ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს აცნობა, რომ ქუჩები გვამებით არის მოფენილი და ტანკები ქალაქში სამიზნეებს ესვრიან. უფლებადამცველების ცნობით, გამოსვლების დაწყების შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა სირიაში 350-ზე მეტი სამოქალაქო პირი დახოცეს.