მილიარდების მიღმა - როგორია საქართველო 2027 წლის ბიუჯეტში?

პენსიონერები და მაღალჩინოსნები - რას ამბობს ბიუჯეტი შემოსავლების ზრდაზე...

მოკლედ

  • ყველაზე დიდი ხარჯი პენსიები და სოციალური დახმარებაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი პირდაპირ არის დამოკიდებული ბიუჯეტის ფულზე.
  • ხარჯების დიდი წილი გზებსა და ტრანსპორტზე მოდის. ხელისუფლება დიდ რესურსს ისევ ინფრასტრუქტურისკენ მიმართავს.
  • იზრდება უსაფრთხოების, პოლიციისა და თავდაცვის დაფინანსება. ამას ემატება პენიტენციური სისტემაც.
  • განათლების დაფინანსება იზრდება, მაგრამ არათანაბრად. სკოლები მეტ ფულს მიიღებენ, უმაღლესი განათლების ზოგიერთი მიმართულება კი - ნაკლებს.
  • იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ხელფასები. კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება განსხვავება მაღალჩინოსნებისა და რიგითი პენსიონერების შემოსავლებს შორის.
პენსიებსა და სოციალურ დახმარებაზე - 8,8 მილიარდი ლარი, გზებსა და ტრანსპორტზე - თითქმის 2 მილიარდი, პოლიციასა და სახელმწიფო დაცვაზე - 1,6 მილიარდი. 2027 წელს ფული მეტია, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ სად წავა ეს თანხა?

2027 წელს ქვეყნის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 38.4 მილიარდი ლარია. ხელისუფლების გათვლით, ქვეყანა 5%-იანი ეკონომიკური ზრდისა და 3% ინფლაციის პირობებში იცხოვრებს. რადიო თავისუფლება მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტის ძირითად მიმართულებებს გაჰყვა.

სოციალური სახელმწიფო თუ სახელმწიფო, რომელიც სიღარიბეს მართავს

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ყველაზე დიდი თანხა - 8.8 მილიარდი ლარი პენსიებსა და სოციალურ დახმარებებზეა გათვლილი. ეს, ერთი შეხედვით, უზარმაზარი თანხაა, თუმცა აქედან თითქმის 6 მილიარდი - ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე უნდა დაიხარჯოს.

ქვეყანაში პენსიონერთა რიცხვი 905 ათასს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე მოქალაქის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო სახელმწიფოა.

მომავალ წელს 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 45, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 60 ლარით გაიზრდება.

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვისთვის კი მომდევნო წელს 1.7 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ამ ეტაპზე დახმარებას 167 722 არასრულწლოვანი იღებს.

საერთო ჯამში, 2027 წლის დახმარება ამ მიმართულებით წინა წელთან შედარებით დაახლოებით 32.5 მილიონი ლარით მეტია, რაც, გარკვეულწილად, მიუთითებს სიღარიბისა და სოციალური დაუცველობის პრობლემის მასშტაბსა და იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ სიღარიბიდან თავის დაღწევას და კვლავაც ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ ფულზე რჩებიან დამოკიდებული.

ხელისუფლების მიმართ არაერთხელ გაჟღერებულა ბრალდებები, რომ სოციალურ დახმარებებს ამომრჩეველთა დასაშინებლად და ლოიალობის მოსაპოვებლად იყენებს.

ამ საკითხზე საუბარია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშშიც, სადაც წერია, რომ „სადამკვირვებლო მისიის თანამოსაუბრეები 16 მუნიციპალიტეტში საუბრობდნენ საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ პირებზე ზეწოლის შესახებ, რათა მათ მმართველი პარტიისთვის დაეჭირათ მხარი“.

ია ერაძე, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების დოქტორი

სოციალური მომსახურების სააგენტოს სექტემბრის თვის მონაცემებით, საარსებო შემწეობას ქვეყანაში 405,462 ადამიანი იღებს, ხოლო 141,653 ადამიანი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშია ჩართული.

„[სახელმწიფო დახმარებამ] შეიძლება მაქსიმუმ შიმშილისგან დაიცვას [ადამიანი], თორემ ღირსეულ ცხოვრებაზე აქ ზედმეტია ლაპარაკი … [სოციალურ დახმარებას] თუ არ მიაშველე ეკონომიკური განვითარების პროცესი, რომელიც დასაქმების ადგილებს შექმნის და მხოლოდ ქაღალდზე არ გაიზრდება ეკონომიკა, ფაქტობრივად, ფუჭი მცდელობაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ია ერაძე, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების დოქტორი.

თუმცა, ხელისუფლება ამ საკითხს სხვაგვარად ხედავს და „ქართული ოცნების“ მთავარ მიღწევად სიღარიბის შემცირებას ასახელებს. ირაკლი კობახიძემ სულ ახლახან განაცხადა, რომ სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 6 წელიწადში სიღარიბე სამჯერ შეამცირა.

თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი

თუმცა, სიღარიბის შემცირება და საკმარისი შემოსავალი ღირსეული ცხოვრებისთვის ორი სხვადასხვა საკითხია.

„რეალური შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეესაბამება ეს ზრდა ცხოვრების გაძვირებას, მედიკამენტების, საკვებისა და სხვა აუცილებელი პროდუქტების ფასებს“, - გვეუბნება სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე.

გზები, რკინიგზა და ტრანზიტი - როგორ ეკონომიკას აშენებს მთავრობა

2027 წელს ეკონომიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო თითქმის 3.94 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც შარშანდელზე 409 მილიონი ლარით მეტია.

ამ თანხის ნახევარზე მეტი ტრანსპორტზე წავა.

2027 წელს გზებზე, რკინიგზაზე, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე ერთად 1,91 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. 2026 წლის გეგმასთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ტრანსპორტის დაფინანსება 312.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

2027 წელს ხელისუფლება მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს ინფრასტრუქტურაში, რომელმაც საქართველო საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებთან უნდა დააკავშიროს.

მაგალითად, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტისთვის 250 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა კრედიტით დაფინანსდება.

ეს დერეფანი ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას საქართველოს გავლით ევროპასთან აკავშირებს. მისი განვითარება საქართველოსთვის სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებას ნიშნავს.

ეკონომიკური საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლის მეურნეობაა, რომლის დაფინანსებაც 766,9 მილიონ ლარამდე იზრდება.

თანხა სხვადასხვა პროგრამას მოიცავს, მათ შორის ფერმერების მხარდაჭერას, სურსათის უვნებლობასა და სარწყავი სისტემების განვითარებას. მხოლოდ სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის 123.4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ენერგეტიკის მიმართულებით კი განსხვავებული ტენდენციაა - დაფინანსება 114 მილიონიდან 81.8 მილიონ ლარამდე მცირდება. ფული ძირითადად რამდენიმე მსხვილ პროექტზე დაიხარჯება - მათ შორის ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციასა და ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

უსაფრთხოება და თავდაცვა - სფეროები დაფინანსების სწრაფი ზრდით

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაფინანსება 2027 წელს 3,04 მილიარდ ლარს აღწევს, წინა წლის გეგმაზე - 333,4 მილიონით მეტს.

თავდაცვისთვის კი 2,37 მილიარდი ლარია გათვალისწინებული - 383,1 მილიონით მეტი.

ეს ორი მიმართულება ერთად 5,4 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ორივე ერთად კი დაახლოებით 716 მილიონი ლარით იზრდება.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ბიუჯეტში ყველაზე დიდი წილი პოლიციასა და სახელმწიფო დაცვაზე მოდის - დაახლოებით 1,59 მილიარდი ლარი.

ასევე ნახეთ

ოთხი წელი, მილიონობით ლარი და „ფიქტიური დასაქმება“ - რას ემსახურა დასაქმების პროგრამა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს 1,75-მილიარდიანი ბიუჯეტიდან დაახლოებით 1,24 მილიარდი შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება. ანუ სამინისტროსთვის გამოყოფილი ყოველი 100 ლარიდან დაახლოებით 71 ლარი თანამშრომლების ხელფასზე მოდის.

იზრდება პენიტენციური სისტემის დაფინანსებაც - 60,6 მილიონი ლარით, 373,1 მილიონამდე.

სასამართლოებისა და პროკურატურისთვის ერთად 347,9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

განათლება - მეტი ფული სკოლებს

განათლების დაფინანსება 2027 წელს 3,77 მილიარდ ლარამდე იზრდება.

თუმცა მთლიან თანხაზე მეტად საინტერესოა, როგორ ნაწილდება ის.

ყველაზე დიდი წილი ზოგად განათლებაზე მოდის - თითქმის 2,53 მილიარდი ლარი. ეს 2026 წლის გეგმაზე 243,8 მილიონით მეტია.

ამ ფულით ფინანსდება სკოლების ყოველდღიური საქმიანობა, მასწავლებლებისა (66 ათასზე მეტი პედაგოგი) და ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება, სასწავლო რესურსები და სხვადასხვა პროგრამა.

მაგალითად, 15,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული სასკოლო ფორმებისთვის, რომლებიც მოსწავლეების ნაწილს (მაგალითად, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს) უფასოდ უნდა გადაეცეთ.

მაგრამ, განათლების სხვა საფეხურებზე სურათი განსხვავებულია.

სკოლამდელი განათლების დაფინანსება 130,7 მილიონიდან 120,7 მილიონ ლარამდე მცირდება.

უმაღლესი განათლებისთვის გათვალისწინებული თანხაც 24,8 მილიონით ნაკლებია და 317,2 მილიონ ლარს შეადგენს.

ამავე დროს უმაღლესი განათლების შიგნით განსხვავებული ტენდენციებია: აკადემიური განათლების დაფინანსება იზრდება, ხოლო უმაღლესი პროფესიული განათლების ერთ-ერთი საბიუჯეტო მიმართულების დაფინანსება 150 მილიონიდან 50 მილიონ ლარამდე მცირდება.

პროფესიული განათლების საერთო ფუნქციური დაფინანსება კი 23,7 მილიონით იზრდება და 184,8 მილიონ ლარს აღწევს.

ეს ცვლილებები იმის ფონზე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელს ცვლის და პროფესიული განათლების შრომის ბაზრის საჭიროებებთან დაახლოებას გეგმავს.

ასევე ნახეთ

მართლა ამდენი სკოლაა დასანგრევი?

ასევე ნახეთ

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - განათლების მინისტრს „პროფესიულის იმიჯის წამოწევა“ სურს

ჯანდაცვა - ნიშნავს თუ არა მეტი ფული უკეთეს მომსახურებას?

ჯანდაცვისთვის სახელმწიფო 2027 წელს 2.73 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. ეს 2026 წლის გეგმაზე დაახლოებით 325.1 მილიონი ლარით მეტია. თუმცა, ამ თანხის ზრდაზე მეტად საინტერესოა, როგორ ნაწილდება ის და რა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას აპირებს სახელმწიფო მომდევნო წელს.

ჯანდაცვის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი - 1.79 მილიარდი ლარი - ამბულატორიულ მომსახურებაზე მოდის. ეს გულისხმობს სამედიცინო დახმარებას, რომელსაც ადამიანი საავადმყოფოში დაწოლის გარეშე იღებს. მასში შედის ექიმის კონსულტაციები, გამოკვლევები, ანალიზები და სხვადასხვა დაავადების ამბულატორიული მკურნალობა. თანხის ძირითადი ნაწილი, 1.74 მილიარდი ლარი, ზოგადი პროფილის ამბულატორიულ მომსახურებაზეა გათვალისწინებული.

საავადმყოფოების მომსახურებისთვის სახელმწიფო 454.5 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს. ეს თანხა 2026 წლის გეგმასთან შედარებით დაახლოებით 33.3 მილიონი ლარით იზრდება. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდი წილი სპეციალიზებულ საავადმყოფოებზე მოდის - 441.8 მილიონი ლარი. სამედიცინო ცენტრებისა და სამშობიარო სახლების მომსახურებისთვის კი 12.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

150 მილიონი ლარით მეტია გამოყოფილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, ჯამში ეს პროგრამა 2027 წელს 1.65 მილიარდი ლარით დაფინანსდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობას სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაში ეხმარება, მათ შორის ექიმთან ვიზიტის, გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვაში.

სახელმწიფო ცალკე აფინანსებს იმ პაციენტების მკურნალობასაც, რომლებსაც სპეციფიკური ან ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ. მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამისთვის 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული, დიაბეტის მართვისთვის - 35.2 მილიონი, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციისთვის - 55.4 მილიონი, ხოლო იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული ადამიანების დასახმარებლად - 114.2 მილიონი ლარი. ამ უკანასკნელი პროგრამის დაფინანსება 2026 წლის გეგმასთან შედარებით 44.2 მილიონი ლარით იზრდება.

პენსიონერები და მაღალჩინოსნები - რას ამბობს ბიუჯეტი შემოსავლების ზრდაზე

ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კონტრასტი სხვადასხვა ჯგუფის შემოსავლების ზრდაში ჩანს.

2027 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 8,4%-ით უნდა გაიზარდოს.

ამ ცვლილების შედეგად პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 17 350 ლარს მიაღწევს, 1 350 ლარით მეტს, ვიდრე 2026 წელს. პარლამენტის წევრების ხელფასი კი 13 880 ლარი გახდება.

შედარებისთვის, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის ყოველთვიური პენსია 415 ლარი იქნება.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის ერთი თვის ხელფასი დაახლოებით 42 ასეთი პენსიის ტოლია.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 2 389 ლარი იყო. მომავალი წლისთვის გათვალისწინებული უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასი ამ მაჩვენებელს შვიდჯერ აღემატება.

„12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - განაცხადა ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კრიტიკული შეკითხვის პასუხად.

„400-500 ლარი უნდა ეყოთ ადამიანებს თურმე თვეში საარსებოდ და თვითონ 12 000 და 14 000 ლარიც არ ჰყოფნით...“, - ამბობს ეკონომისტი ია ერაძე.

Your browser doesn’t support HTML5

სიღარიბე და სოციალური დახმარება საქართველოში - ფენოვანი 2.50

ხელფასებისა და პენსიების ზრდა ერთი და იმავე წესით არ განისაზღვრება, ამიტომ მათი პროცენტული ან ლარებში გამოხატული მატების პირდაპირი შედარება სრულ სურათს არ იძლევა. თუმცა, ეს მონაცემები აჩვენებს, რამდენად განსხვავებულია შემოსავლების დონე სახელმწიფო სისტემის სხვადასხვა ნაწილში.

2027 წლის ბიუჯეტი - შეჯამება

2027 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს სახელმწიფო, რომელიც დიდ რესურსს ხარჯავს სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე, გზებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე.

მთავრობა მეტ ფულს გამოყოფს ჯანდაცვასა და განათლებაზეც, თუმცა განათლების შიგნით დაფინანსება არათანაბრად იცვლება.

თუმცა, ამ სურათში რამდენიმე კითხვა უპასუხოდ რჩება:

  • გზებსა და ინფრასტრუქტურაში ჩადებული მილიარდები შექმნის თუ არა ახალ სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს მოქალაქეების შემოსავლებისთვის?
  • ჯანდაცვის დაფინანსების ზრდა შეამცირებს თუ არა პაციენტების ხარჯებს ან გააუმჯობესებს თუ არა სერვისის ხარისხს?
  • ახალი პრიორიტეტები განათლების სფეროში გაზრდის სწავლის ხარისხს?
  • შეძლებს თუ არა სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღებთა ნაწილის სიღარიბიდან გამოყვანას?

ია ერაძე ფიქრობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი არსებულ მდგომარეობას დიდწილად შეინარჩუნებს:

„მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრება არ უმჯობესდება, ზოგ შემთხვევაში უარესდება კიდეც. ეს მოცემულობა მომავალ წელსაც შენარჩუნდება. 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, გვექნება, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - ასეთ პროგნოზს აკეთებს ეკონომისტი ია ერაძე 2027 წლის ბიუჯეტის ანალიზისას.

2027 წლის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის. მთავრობამ საბოლოო პროექტი პარლამენტს 30 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. პარლამენტმა მას კენჭი არაუგვიანეს 18 დეკემბრისა უნდა უყაროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამტკიცების ვადა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.