აქცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

აქცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

„არა ოჯახში ძალადობას“ - ასე ერქვა აქციას, რომელიც გორის თეატრის სკვერში გაიმართა. სკვერში ახალგაზრდები იისფერი ბუშტებითა და გულსაბნევებით მივიდნენ. ეს იყო ამ აქციის მთავარი სიმბოლო. „ერთად ძალადობის წინააღმდეგ“, „დაანგრიე სტერეოტიპები, ყველა თანასწორია“, „არასოდეს დაარტყა ქალს, რადგან მან გაგაჩინა“, „პატივი ეცი სიცოცხლეს“, „ქალი არ არის სამიზნე“, „დაამარცხე ძალადობა სიყვარულით“ - ახალგაზრდები ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გამოვიდნენ აქციაზე. ახალგაზრდა აქტივისტი მარიამ ბერძნიშვილი ამბობს, რომ აქციის ჩატარება ბოლო დროს გახშირებული ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული და რომ აუცილებელია საზოგადოების გამოფხიზლება.

ამ აქციის ორგანიზატორი იყო „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“. თეატრის სკვერში შეკრებილ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გორის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. გორის მერის თანაშემწე შალვა ტლაშაძე აცხადებს, რომ აუცილებელია საზოგადოებამ ნებისმიერი სახის ძალადობა დაგმოს.

Your browser doesn’t support HTML5

აქცია გორში

არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ მენეჯერი ფიქრია ბრეგვაძე ამბობს, რომ ამ აქციით ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოცხადება და საზოგადოების გამოფხიზლება უნდათ. მისი აზრით, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს.

თეატრის სკვერში გამართულ აქციაზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი იდგა, გამვლელები მათ მიერ გაშლილ ტრანსპარანტებს შორიდან კითხულობდნენ, თავს გადააქნევდნენ და გზას აგრძელებდნენ.