ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა

გასულ კვირაში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) განაცხადა, რომ გასულ წელს აშშ-ში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პაციენტი ქალი, რომელსაც მკურნალობამ ვერ უშველა. ეს შემთხვევა ალბათ საერთაშორისო მასშტაბით არ გახმაურდებოდა, რომ არა სიკვდილის მიზეზი. როგორც CDC იტყობინება, პაციენტი ემსხვერპლა ინფექციას, რომლის გამომწვევ ბაქტერიაზე, Klebsiella-Pneumoniae-ზე, არ იმოქმედა აშშ-ის ტერიტორიაზე ნებადართულმა არცერთმა ანტიბიოტიკმა.

Your browser doesn’t support HTML5

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა

CDC-ის ცნობით, პაციენტმა უკანასკნელ წლებში რამდენჯერმე იმოგზაურა ინდოეთში, სადაც ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო მოხვდა საავადმყოფოში. მოგვიანებით მას მკურნალობდნენ აშშ-ში, ნევადის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც კარანტინის განყოფილებაში. მედიკოსთა თანახმად, საქმე გვაქვს ორ პრობლემასთან. ჯერ ერთი, დაავადების გამომწვევი, რომელმაც იმსხვერპლა პაციენტი ქალი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. მეორე მხრივ, მას იმდენად მაღალი რეზისტენტობა აქვს დღეს გავრცელებული ანტიბიოტიკების მიმართ, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელია მის წინააღმდეგ ქმედითი სამედიცინო ზომების მიღება.

იმის თაობაზე, თუ რატომ არ ექვემდებარება ზოგიერთი დაავადება წარმატებულ მკურნალობას და რამდენად პრობლემურია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა მსოფლოში, მათ შორის საქართველოშიც, ვესაუბრეთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს.