ქურმუხში მრევლი „უსაფრთხოების გამო არ შეუშვეს“, „ქართველთა უფლებები დაცულია“ – რას ამბობენ ბაქოში

რა უთხრა აზერბაიჯანელმა კოლეგამ საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარეს და რას ამბობს რადიო თავისუფლებასთან აზერბაიჯანელი დეპუტატი კახში მომხდარზე

აზერბაიჯანში მცხოვრები ქართული თემი „სახელმწიფოს მზრუნველობით სარგებლობს“, ქართულ ტაძრებში „სარესტავრაციო სამუშაოები ტარდება“, ხოლო რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად „შესაბამისი პირობებია შექმნილი“, – ასეთია ბაქოს ოფიციალური გზავნილები.

ეს განცხადებები 2026 წლის 24 ნოემბერს აზერბაიჯანის რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველ კოლეგასთან, ზაზა ვაშაყმაძესთან შეხვედრაზე გააკეთა.

შეხვედრის წინა დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან, – სადაც გათხრების ქართული მხარის გაუფრთხილებლად დაწყების გამო საპატრიარქომ ბაქოს ჯერ კიდევ სექტემბერში უსაყვედურა, – მართლმადიდებელი მლოცველები არ მიუშვეს.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ერთ-ერთი დეპუტატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ის, რაც კახის რაიონში მოხდა, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვად არ უნდა იქნას აღქმული.

აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ექსპერტი კი ამბობს, რომ მსგავსი შეზღუდვები, მათ შორის, რელიგიურ დღესასწაულებზე, კითხვებს აჩენს აზერბაიჯანის მიერ დეკლარირებული „რელიგიის თავისუფლების პოლიტიკის“ რეალურობის შესახებ.

ასევე ნახეთ

მრევლი, პოლიცია და ხმაური ქურმუხის ტაძრის გზაზე: რა მოხდა კახის რაიონში

„მზრუნველობით სარგებლობს“ – რა უთხრეს ბაქოში ვაშაყმაძეს

2026 წლის 24 ნოემბერს ბაქოში ვიზიტად მყოფ ზაზა ვაშაყმაძეს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, თავისმა კოლეგამ, მსგავსი უწყების (აბრევიატურით SCARA) თავმჯდომარემ, რამინ მამადოვმა უმასპინძლა.

ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა. SCARA-ს ცნობით, შეხვედრაზე კოლეგებმა აზრები გაცვალეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე, მათ შორის, რელიგიურ კავშირებზე.

უწყების თანახმად, რამინ მამედოვმა ისაუბრა „აზერბაიჯანში ჩამოყალიბებული სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობების მოდელის, რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის, რელიგიური კონფესიების საქმიანობის მხარდაჭერისა და ქვეყანაში არსებული ტოლერანტული გარემოს შესახებ“.

რამინ მამედოვის და ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა ბაქოში. შეხვედრას ელჩი გიორგი ზაქარაშვილიც ესწრებოდა

შეხვედრას საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილიც ესწრებოდა. ბაქოს ცნობით, რამინ მამადოვმა მათთან შეხვედრაზე თქვა, რომ:

  • „აზერბაიჯანში მცხოვრები ქართული თემი სახელმწიფოს ყურადღებითა და მზრუნველობით სარგებლობს“;
  • „რელიგიურ დაწესებულებებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ტარდება“;
  • ხოლო „რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისთვის შესაბამისი პირობები მაღალ დონეზეა შექმნილი“.

მსგავსი გზავნილები ჰქონდა რამინ მამედოვს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილთან პირველი შეხვედრისას 2026 წლის 11 ნოემბერსაც.

ასევე ნახეთ

ქართველ მართლმადიდებლებს აზერბაიჯანში „ხელსაყრელი პირობები“ აქვთ – რა უთხრეს საქართველოს ელჩს ბაქოში

ვაშაყმაძის „მაღალი შეფასება“

ამავე წყაროს თანახმად, ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანში სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკა მაღალ შეფასებას იმსახურებს“.

ზაზა ვაშაყმაძე რამინ მამედოვთან შეხვედრაზე

„მისი თქმით, აზერბაიჯანში რელიგიურ სფეროში ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ბაზა და რეგულირების მექანიზმები საქართველოსთვისაც საინტერესოა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაფართოებას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს“, – წერია SCARA-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე:

  • „შეხვედრაზე აღინიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რელიგიურ სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარების აუცილებლობა“;
  • „განიხილეს ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების … პერსპექტივები“.

სახელობითად ქურმუხის ტაძარი პრესრელიზში ნახსენები არ არის.

ქართულ მხარეს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

წინა დღეს ზაზა ვაშაყმაძე იმყოფებოდა კახის რაიონში, – სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაცია მრევლთან ერთად კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში

„არ უნდა იქნას მომლოცველობის აკრძალვად აღქმული“ – დეპუტატის გზავნილი

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრი, „აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ ლიდერი არზუხან ალიზადე რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან ამბობს, რომ მრევლს ტაძართან მისვლის უფლება „მონუმენტის დაცვის მიზნით“ და „ვიზიტორების უსაფრთხოებიდან გამომდინარე“ არ მისცეს.

მისი თქმით, ადგილზე „არქეოლოგიურ, კვლევით და საკონსერვაციო სამუშაოებს აწარმოებს კულტურის სამინისტროს ქვე-უწყება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და რესტავრაციის სახელმწიფო სამსახური“.

„ამ პერიოდში გათხრების ადგილას დაშვებაზე დროებითი შეზღუდვები ძეგლის დაცვასა და ადამიანთა უსაფრთხოებას ემსახურება“, – განუცხადა მან რადიო თავისუფლებას 24 ნოემბერს.

„ეს არ უნდა იქნას აღქმული, როგორც მომლოცველობის აკრძალვა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვიზიტები, სავარაუდოდ, ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, – ამბობს დეპუტატი.

დეპუტატი ალიზადეც ამბობს, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების რელიგიის თავისუფლება დაცულია და აზერბაიჯანის სახელმწიფო „არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ადასტურებს“, რომ ტოლერანტობის პოლიტიკას ატარებს.

მილი მეჯლისის წევრი არზუხან ალიზადე

„ალბანური მემკვიდრეობის ძეგლი“

აზერბაიჯანის ხელისუფლება კი ქურმუხის ტაძარს „ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას“ მიაკუთვნებს, – მსგავსად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა. აზერბაიჯანულ წყაროებში ის მოხსენიებულია, როგორც „კურმუკი“.

ბაქოს ეს პოზიცია დღეს გაიმეორა დეპუტატმა არზუხან ალიზადემ:

„რაც შეეხება ეკლესიის ისტორიულ იდენტობას, ჩვენი პოზიციაა, რომ კურმუკის ეკლესია კავკასიის ალბანეთის უძველესი მემკვიდრეობის ძეგლია და აზერბაიჯანის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მაგალითია“.

ასევე ნახეთ

დავით გარეჯის დილემა

დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ხელოვნური დაძაბულობის შექმნა“ არასწორია და დასძინა:

  • „აზერბაიჯანი და საქართველო არა მხოლოდ მეზობლები, არამედ მეგობარი ქვეყნები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.
  • ჩვენს ხალხებს აერთიანებთ საუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები, ასევე ისტორიული და კულტურული კავშირები.
  • კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ საუბარი არ არის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე“.

არზუხან ალიზადე არ არის ილჰამ ალიევის „ახალი აზერბაიჯანის“ წევრი და ოპოზიციური „აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ თავმჯდომარეა. თუმცა ის მხარს უჭერს ილჰამ ალიევის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. 2024 წლის 18 დეკემბერს მან ალიევს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური პარტიებისათვის გაზრდილი დაფინანსების გამო.

ასევე ნახეთ

ქურმუხის ტაძარი – რატომ დაუპირისპირდა აზერბაიჯანი საქართველოს საპატრიარქოს

„გაუგებარია, რატომ არ უშვებენ ეკლესიაში დღესასწაულზე“ – ბაქოელი მკვლევარი

მკვლევარი, სოციალური მეცნიერებების დოქტორი ჯავიდ ასადოვი, – რომელიც სწავლობს აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ, – რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„რელიგიურ დღესასწაულზე მორწმუნეების ეკლესიიდან გაბრუნება კითხვებს აჩენს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებით“.

მისი თქმით, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ხელისუფლება თავის პოლიტიკას მულტიკულტურულად წარმოაჩენს, „თუმცა ვიდეოკადრები აჩვენებს, რომ ეს ეთნიკური ჯგუფები – კერძოდ, ქართველები – თავიანთ ეკლესიებში შესვლისას შეზღუდვებს აწყდებიან, განსაკუთრებით, მნიშვნელოვან დღეებსა და რელიგიურ დღესასწაულებზე“.

მკვლევარი ჯავიდ ასადოვი

ასადოვის თქმით, ეკლესიის საკითხი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხისგან განსხვავდება:

„ეკლესია მთლიანად აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზე მდებარეობს და სახელმწიფოს უფლება აქვს, იქ არქეოლოგიური კვლევები ჩაატაროს. თუმცა ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ეთნიკური უმცირესობების რელიგიური და სულიერი ღირებულებები“.

„თუმცა, აქ გაუგებარი ის არის, თუ რატომ არ უშვებენ მათ ეკლესიაში სწორედ ახლა – დღესასწაულის წინა დღეს. არ მგონია, აზერბაიჯანის მთავრობა იმდენად მიამიტი იყოს, რომ არ იცოდეს, რა რეაქციას გამოიწვევს ეს“, – გვითხრა ჯავიდ ასადოვმა.

„შესაძლოა, ზეწოლის ფორმა იყოს“

ასადოვის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლების დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ ხშირად განისაზღვრება საგარეო პოლიტიკით.

ამ შემთხვევაში ის არ გამორიცხავს „შესაძლებლობას, რომ უკანასკნელი შეზღუდვები შესაძლოა მოდიოდეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური განსხვავებებით“.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება შესაძლოა ამ ხერხს მიმართავს ეთნიკური ქართველებისადმი, რათა ზეწოლა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებაზე, თუმცა რა კონკრეტული მიზნით, არ იცის.

„ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანის მთავრობა სწორედ ასე მოქმედებს, – როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ისე საშინაო პოლიტიკაში. მთავრობა სასჯელსა და ზეწოლას იყენებს. შესაბამისად, ესეც შესაძლოა ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა იყოს“, – განაცხადა მან.

მისი თქმითვე, ერთ-ერთი შესაძლებლობა შეიძლება ის იყოს, რომ არქეოლოგიური გათხრების მიზანი „კურმუკის ტაძრის კავკასიის ალბანეთთან დამაკავშირებელი მტკიცებულებების მოძიებაა“.

ასევე ნახეთ

საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით

უპასუხო შეკითხვები

„რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანულმა სამსახურმა კომენტარისთვის მიმართა:

  • აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს,
  • კულტურის სამინისტროსა და
  • სახელმწიფო კომიტეტს რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის საკითხებში.

თუმცა სტატიის გამოქვეყნების დროისათვის არცერთ ამ უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, კულტურის სამინისტროს პრესცენტრმა თავდაპირველად დაადასტურა შეკითხვის მიღება, თუმცა მოგვიანებით შეტყობინება, რითაც კითხვების მიღებას ადასტურებდა, წაშალა.

ჯერ უცნობია, როდის იგეგმება „არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოების“ დასრულება.

ასევე ნახეთ

აზერბაიჯანმა „კოვიდ კარანტინი“ აპრილამდე გააგრძელა - სახმელეთო საზღვარი, მათ შორის საქართველოსთან, კვლავ ჩაკეტილია

23-24 ნოემბერს კახში მომხდარის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრს, – მათ შორის, რადიო თავისუფლების შეკითხვების მიუხედავად.

24 ნოემბერს ბაქოს ასევე ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ის შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს.

ასევე ნახეთ

მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

წინა ისტორია – მოკლედ

ქურმუხის ტაძრის გარშემო ვითარება 2026 წლის სექტემბერში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ტაძრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების ამსახველი ფოტოები და ვიდეო გავრცელდა.

24 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ შეშფოთება გამოთქვა ტაძარში მიმდინარე სამუშაოების გამო და მოითხოვა განმარტებები მათ მიზნებსა და საფუძვლებზე.

საპატრიარქოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ის საქართველოსთვის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.

ასევე ნახეთ

„ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“ - აზერბაიჯანის საგარეო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე

მეორე დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპატრიარქოს განცხადება გააკრიტიკა და მასში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ პრეტენზიები დაინახა.

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი აზერბაიჯანის კახის რაიონში, ისტორიულ ჰერეთში მდებარეობს.

საქართველოს საპატრიარქო და სახელმწიფო მას ქართულ ისტორიულ და რელიგიურ მემკვიდრეობას მიაკუთვნებენ, აზერბაიჯანის ხელისუფლება კი – კავკასიის ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას.

  • ტაძარი წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გიორგობის დღესასწაულებზე, 6 მაისსა და 23 ნოემბერს იხსნებოდა.
  • აზერბაიჯანის 2019 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ქვეყანაში 8400 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს;
  • ისინი ძირითადად კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში ცხოვრობენ.