ბელუჯისტანის პოლიციის უფროსი ბეწვზე გადაურჩა თავდასხმას

კვეტაში მომხდარი აფეთქების ადგილი

ექვსი ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში, დედაქალაქ კვეტაში მოწყობილი თავდახმის შედეგად. პოლიციის გენერალურმა ინსპექტორმა მუშთაღ სუხერამ ჟურნალისტებს უშუალოდ თავდასხმის შემდეგ უთხრა, რომ არ დაშავებულა და რომ აფეთქება შენობაში მისი შესვლისას მოხდა:

„ჩვენი იურისტების თანახმად, ასაფეთქებელი მასალა „ჰინოს“ მოდელის სატვირთო მანქანაში იყო. მასალის რაოდენობას ჯერ კიდევ ადგენენ, მაგრამ, სავარაუდოდ, 1500-დან 2000 კილოგრამამდე იყო“.

მუშთაღ სუხერას სახლთან მომხდარი ძალადობრივი აქტის დროს დახოცილთაგან ორი პოლიციელია, ორი სამხედრო და ერთი გამვლელი. იტყობინებიან, რომ აფეთქების შედეგად, მიწაში ღრმა ღრმული გაჩნდა, მიმდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა, აფეთქების ხმა მთელ ქალაქში გაიგონეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ამ მხარეში, ბელუჯისტანში, რომლის ერთი ნაწილი ირანშია და მეორე პაკისტანში, სუნიტი ექსტრემისტები და ასევე ბელუჯი სეპარატისტები აქტიურობენ - ისინი და მათთან დაახლოებული დაჯგუფებები არეალში ხშირად აწყობენ თავდასხმებს. ჩვეულებრივ, უშიშროების სამსახურები არიან ხოლმე მათი სამიზნე.

Your browser doesn’t support HTML5

აფეთქება ბელუჯისტანის პროვინციაში

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მიერ გადაღებულ ამ ვიდეოზე აფეთქების მომენტია აღბეჭდილი


კვეტაში კვირას მოწყობილი ეს აქტი მოჰყვა არჩევნებს პაკისტანში. შაბათს კენჭისყრა ძალადობის ფონზე გაიმართა. ყველაზე მძლავრი თავდასხმა მოხდა ყარაჩიში, პაკისტანის უდიდეს ქალაქში, სადაც 10 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა, როცა ტერაქტი მოუწყვეს „ავამის ნაციონალურ პარტიას“. მისი წარმომადგენელი, კანდიდატი არჩევნებზე ამანულა მეჰსუნი თავდასხმას გადაურჩა. წინასაარჩევნო პერიოდში პაკისტანში სულ ასამდე კაცი დაიღუპა სხვადასხვა ხასიათის თავდასხმების დროს. მხოლოდ არჩევნების დღეს 28 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ძალადობამ ხალხი დააფრთხო და ხმის უფლების მქონეთა მხოლოდ 60 პროცენტი მივიდა უბნებში. ბიულეტენების ნაწილობრივი დათვლის შედეგად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის პარტიამ - „მუსლიმთა ლიგა-ენ-მა“ - მოიპოვა ხმათა უმრავლესობა.