მინსკში, ისტორიული კათოლიკური სასაფლაოს ტერიტორიაზე, - „კგბ-ს“ კომპლექსი შენდება

გეგმაზე ასახულია მინსკში სახელმწიფო უშიშროების აკადემიისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი. წმინდა როხის ეკლესია მწვანედ არის მონიშნული, აკადემიის შენობა – ნარინჯისფრად, ხოლო სამშენებლო სამუშაოებისთვის (მათ შორის საინჟინრო ქსელების გასაყვანად) განკუთვნილი ტერიტორია – ვარდისფრად.

პავალ ხაძინსკი წმინდა როხის სახელობის ეკლესიაში მას შემდეგ დადის, რაც თავი ახსოვს, მისი მე-19 საუკუნეში მცხოვრები წინაპარი კი დაკრძალულია კათოლიკურ სასაფლაოზე, რომელიც მინსკის ცენტრალურ უბანში, ზალატაია ჰორკაზე - "ოქროს გორაზე" - მდებარე ეკლესიასთანაა.

41 წლის ხაძინსკი იხსენებს დროს, როდესაც ეკლესიის სიახლოვეს საბავშვო მოედანი გაიხსნა, მრევლი კი იმედოვნებდა, რომ მის გვერდით ბაღიც გაშენდებოდა - სასიამოვნო, მწვანე სივრცე ქალაქის შუაგულში. ახლა კი სასაფლაოს დიდ ნაწილზე სამშენებლო მოედანია გაშლილი. ეს სასაფლაო ხელუხლებლად იყო შემორჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში მისი გარკვეული ნაწილები განადგურდა.

ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას მთავრობა ამ ობიექტის შესახებ ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებდა; 2025 წლის ზაფხულისთვის სატელიტურ სურათებზე საძირკვლის დიდი ორმო ჩანდა, 2026 წლის თებერვლისთვის კი უკვე შენობის კარკასი იყო აღმართული. ზოგიერთ ოფიციალურ დოკუმენტში ის უბრალოდ „მრავალფუნქციურ შენობად“ არის მოხსენიებული, ზოგან კი საერთოდ არ ახსენებენ.

საპროექტო დოკუმენტაციის მოპოვებისა და პროექტთან დაკავშირებულ რამდენიმე პირთან საუბრის შედეგად, რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა გაარკვია, რომ სახელმწიფომ „კაგებეს“ - როგორც დღემდე უწოდებენ ამ ქვეყანაში მთავარ რეპრესიულ უწყებას, ეროვნული უსაფრთხოების აკადემიის მასშტაბური კომპლექსის ასაშენებლად ყოფილი ზალატაია ჰორკის სასაფლაოს ტერიტორია შეარჩია.

უფრო მეტიც, რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ პროექტი ხორციელდება ლუკაშენკას მიერ, სავარაუდოდ, საიდუმლოდ გამოცემული განკარგულების საფუძველზე. ეს დოკუმენტი მშენებლებს საშუალებას აძლევს, გვერდი აუარონ სამართლებრივი დაცვის მრავალ მექანიზმს, რომლებიც სწორედ მსგავსი ობიექტების შენარჩუნებას ემსახურება.

მშენებლობა მინსკში, წმინდა როხის ეკლესიის მიმდებარე არეალში

ეს მშენებლობა მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც კათოლიკურ ეკლესიაზე ზეწოლა გრძელდება - მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური პოლონეთისა და მართლმადიდებლური ბელარუსის ხანგრძლივად დაძაბულ ურთიერთობებში დათბობის ნიშნები შეინიშნება. წელს პოლონელ კათოლიკე მღვდლებს - სულ მცირე, 20 სასულიერო პირს - ან მსახურება აეკრძალათ, ან აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინათ.

ბევრი პოლონელი მღვდელი ჩავიდა ბელარუსში, საბჭოთა რეპრესიების ათწლეულების შემდეგ კათოლიკური სამრევლო ცხოვრების აღდგენის მიზნით. ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ მრევლს უკვე ათწლეულებია ემსახურება.

„ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის განკარგულება“, - თქვა იულია სერადამ, პროექტის მთავარმა ინჟინერმა, როდესაც მას ჰკითხეს, თუ როგორ ახორციელებენ პროექტს, კანონმდებლობის მიუხედავად, რომელიც არეალს იცავს.

შემდგომ კითხვებზე პასუხისას, სერედამ განაცხადა, რომ დაცული ობიექტის სტატუსი არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ განკარგულება ამ პროექტისთვის გამონაკლისების დაშვების საშუალებას იძლევა. მისი თქმით, ინჟინრებს არ დაუგეგმავთ არქეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც, წესით, აუცილებელია, და რომ მათ იცოდნენ, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მშენებლობის პროცესში ამოღებულ ნიადაგს.

ასევე ნახეთ

„მეც მეშინია, მაგრამ...“ - ყოფილი პოლიტპატიმარი ანჯეი პოჩობუტი პოლონეთიდან ბელარუსში დაბრუნდა

„ეს უბრალოდ არასწორია“

დამოუკიდებელმა არქიტექტორებმა და ხელისუფლების ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ეს პროექტი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს შერჩევით მიდგომას კანონის უზენაესობისადმი ბელარუსში - ქვეყანაში, სადაც ლუკაშენკა, 1994 წელს პირველად არჩევის შემდეგ, სისტემატურად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და გაყალბებული არჩევნების გზით ინარჩუნებს ძალაუფლებას დაახლოებით 9-მილიონიან ერზე.

იულია სერადა ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურისგან მადლობის სიგელს იღებს 2025 წელს.

„მათ კანონის აღსრულების იმიტაცია არც კი უცდიათ“, - თქვა ბელარუსმა არქიტექტორმა და რესტავრატორმა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მუშაობს და უსაფრთხოების მოსაზრებით, ვინაობის გამჟღავნებაზე უარი თქვა.

„სავარაუდოდ, ისინი მაშინვე მივიდნენ ლუკაშენკასთან და უთხრეს: „აქ გვინდა აშენება, მაგრამ კანონი გვიშლის ხელს“. მან კი მიუგო: „არანაირი პრობლემა, აი, თქვენ განკარგულება - მიდით და ააშენეთ“, — უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

2001 წელს მიღებული კანონი ძველი სამარხების ტერიტორიაზე კრძალავს კაპიტალურ მშენებლობას, გარდა მემორიალური და რელიგიური დანიშნულების ობიექტებისა. კულტურის სამინისტროს მიერ 2018 წელს დამტკიცებული დაცული ზონის გეგმა ასევე კრძალავს ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე საინჟინრო ქსელების მოწყობას.

უფლებადამცველი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი

„სასაფლაო სასაფლაოა. იქ არავინ აპირებდა რაიმეს აშენებას“, — განუცხადა რადიო თავისუფლებას ბელარუსმა უფლებადამცველმა და 2022 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ალეს ბიალიაცკიმ.

ბიალიაცკი, რომელმაც წლები გაატარა ციხეში, სანამ გასული წლის დეკემბერში, აშშ-სა და ბელარუსს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდებოდა, იხსენებს 1990-იან წლებს, როდესაც ის მინსკის ქალაქის საბჭოს კულტურის კომიტეტში მუშაობდა. მისი თქმით, მაშინ ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე მშენებლობა აკრძალულად მიიჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და ძალიან მიმზიდველ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა.

ამ ადგილას "კგბ-ს" სასწავლო ცენტრის აშენება „ძალიან ცინიკურად“ გამოიყურება, — განაცხადა მან და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ დევნიდნენ საბჭოთა უსაფრთხოების სამსახურები კათოლიკურ ეკლესიას და როგორ გრძელდება მასზე ზეწოლა დღესაც. „ეს უბრალოდ არასწორია“.

წმინდა როხის ეკლესია და მიმდებარე ტერიტორია 2018 წელს

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს - რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება და მჭიდრო კავშირშია სახელმწიფოსთან.

ბელარუსში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებულ საკითხებს, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავს ლუკაშენკას ადმინისტრაციასთან არსებული ისტორიის პოლიტიკის რესპუბლიკური საბჭო.

„დიდი სიხარული“

სახელმწიფო უშიშროების აკადემიის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ჰენაძ კრასკო, ამ საბჭოს წევრია. კრასკომ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ხოლო ეროვნული უშიშროების აკადემიასთან კომენტარისთვის დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ეკლესიის მიმდებარე სივრცისთვის სამრევლოს მიერ 2019 წელს შეთავაზებული გეგმა

2018 წლის ზაფხულში, ეკლესიის მიმდებარედ გაიხსნა პატარა პარკი საბავშვო მოედნით. ამ სივრცის შექმნასა და მის მოწესრიგებაში სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდნენ.

იმ წლის ოქტომბერში ყოფილი სასაფლაო მოექცა კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დაცულ ზონაში, სადაც აკრძალული იყო მშენებლობა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გაყვანა.

„ეს იმის გარანტიაა, რომ ეს ტერიტორია... არ განაშენიანდება. ის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მოექცა, - განუცხადა 2019 წელს Vatican News-ს წმინდა როხის ეკლესიის მღვდელმა, იური სანკომ, - დიდი სიხარულია, რომ ზალატაია ჰორკის სასაფლაო, რომელიც საბჭოთა პერიოდში მთლიანად არ გაანადგურეს, შენარჩუნდება“.

ასევე ნახეთ

დნმ-მასალა მუქარითა და მოტყუებით: ბელარუსში რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გენომურ ბაზას ქმნიან

არა დიდი ხნით

2024 წლის სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამა, რომელიც ლუკაშენკამ დაამტკიცა, მოიცავდა პუნქტს, რომლის თანახმად, თანხები გამოიყო საპროექტო და საძიებო სამუშაოებისთვის „მინსკში, ზალატაია ჰორკის ქუჩა №5 და №5ა-ში მრავალფუნქციური ნაგებობის მშენებლობისთვის“. ეს მიწა ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

Planet Labs-ის თანამგზავრული ფოტო ზალატაია ჰორკიდან, სადაც დაცული ტერიტორია წითლად მოჩანს, სამშენებლო მოედანი შემოხაზულია თეთრად, ხოლო წმინდა როხის ეკლესია — მწვანედ.

პროგრამაში არაფერი იყო ნათქვამი შენობის დანიშნულებაზე და მთავრობას ეს დღემდე საჯაროდ არ გაუმჟღავნებია.

ამ წლის თებერვალ-მარტში რაიონულმა ადმინისტრაციამ მოაწყო "ოქროს ბორცვის" ტერიტორიის განვითარების გეგმის ცვლილებების საჯარო განხილვა. მაგრამ მაცხოვრებლებისთვის ნაჩვენები დოკუმენტაცია ითვალისწინებდა პატარა სკვერს ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე; იქ არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმ კომპლექსზე, რომლის მშენებლობაც უკვე თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.

იარაღის საწყობი

BelPol-მა, ბელარუსის უშიშროების სამსახურების ყოფილ ოფიცერთა ასოციაციამ, 2023 წელს განაცხადა, რომ სასაფლაოს ადგილას შესაძლოა აშენებულიყო ეროვნული უშიშროების აკადემიის ახალი შენობა, 150 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლით.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული საპროექტო დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ ნაკვეთი გამოყოფილია ეროვნული უშიშროების აკადემიისთვის, რომელიც "კგბ-ს" ექვემდებარება.
დეტალურ გეგმაში აკადემიის შენობა გადაფარავს ტაძარს, ხოლო ახალი ნაგებობის ფართობი კიდევ უფრო გაზრდილია მიმდებარე ტერიტორიის ხარჯზე, რომელიც განკუთვნილია მილების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ინფრასტრუქტურისთვის.
დოკუმენტები აღწერს დიდ ნაგებობას სამი ნაწილით, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 36 000 კვადრატული მეტრია. ერთი მათგანი, ექვსსართულიანი „სასწავლო კორპუსი საერთო საცხოვრებლით“, განკუთვნილია 1 250 სტუდენტისთვის და აქვს 627 საწოლი ადგილი.

დაგეგმილი ეროვნული უსაფრთხოების აკადემიის შენობის ვიზუალიზაცია საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით

მიწისქვეშა სართული, აღნიშნული, როგორც ბლოკი A, განკუთვნილია თითქმის 600 კვადრატული მეტრის ფართობის სასროლეთისთვის, ასევე ცალკეული საწყობებისთვის იარაღის, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის აღჭურვილობისა და სხვა სამხედრო დანიშნულების მარაგების შესანახად.
ცალკე ფრთაა გამოყოფილი დაწესებულების ხელმძღვანელობისთვის. დოკუმენტებში აღწერილია ორი აპარტამენტი, რომელთაგან თითოეულის ფართობი სულ დაახლოებით 100 კვადრატული მეტრია და მოიცავს „ხელმძღვანელის კაბინეტს“, მისაღებ ოთახს, დასასვენებელ ოთახსა და სააბაზანოს შხაპით.
ბლოკი B მოიცავს სასადილოს სამი დარბაზით, სულ 340 კაცზე, ასევე სპორტულ კომპლექსს სახურავზე განთავსებული სარბენი ბილიკებითა და მინი-ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ბადმინტონისა და ჩოგბურთის მოედნებით. C ბლოკში განსაზღვრულია სპორტული დარბაზის, 25-მეტრიანი საცურაო აუზის, გასახდელების, შხაპებისა და ორი საუნის მოწყობა.

„სამარცხვინო“

ოფიციალურმა პირებმა სატელეფონო კავშირისას არ გააკეთეს კომენტარი ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი შენობის დანიშნულებაზე ან იმაზე, თუ რა ბედი ეწია გათხრების დროს აღმოჩენილ ადამიანის ნაშთებს.

ნატალია ბალოტნიკავამ, მინსკის საქალაქო ადმინისტრაციის ურბანული დაგეგმარების უწყების მაღალი რანგის თანამშრომელმა, განაცხადა, რომ ინფორმაცია ობიექტის შესახებ „შეზღუდულია".

კულტურის ყოფილმა მინისტრმა რუსლან ჩარნიეცკიმ, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა 2024 წლის დეკემბერში - პროექტის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ხელშეკრულების ხელმოწერისას, კომენტარის გაკეთებაზე ასევე უარი თქვა.

2021 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბელარუსის მთავრობამ „ექსტრემისტულ ფორმირებად“ გამოაცხადა, რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს ხელისუფლებისთვის გაგზავნილ შეკითხვებზე ოფიციალური პასუხი არ მიუღია.

ამ რეპორტაჟისთვის ოფიციალურ პირებთან სატელეფონო ზარებისას კორესპონდენტი ადგილობრივ მაცხოვრებლად წარდგა. ჩარნიეცკისთან საუბარში კორესპონდენტმა თავი სამართლის სტუდენტად წარადგინა.

მშენებლობის ხედი. გადაღებულია 2026 წლის ივლისში.

კათოლიკური სასაფლაო დაკრძალვისთვის დაახლოებით 1920 წელს დაიხურა. ხაძინსკიმ, მრევლის წევრმა, თქვა, რომ იმ დროს, როდესაც საფლავის ქვები ჯერ კიდევ ეყარა ტაძრის მახლობლად, მან ფოტო გადაუღო ერთ-ერთ მათგანს, რომელიც მოგვიანებით მიხვდა, რომ ეკუთვნოდა XIX საუკუნის მღვდელს - მის წინაპარს.

„როდესაც ქრისტიანული სასაფლაოები ნადგურდება, ეს არის შეურაცხყოფა როგორც მიცვალებულების, ისე ცოცხლების მიმართ“, — თქვა ხაძინსკიმ და აგვიხსნა, რომ სამრევლოს უნდა ეცნობოს სამშენებლო მოედანზე აღმოჩენილი ადამიანის ნაშთების ბედი, ხოლო იქ დაკრძალულთა ხსოვნას პატივი უნდა მიაგონ.

„იქ უნდა იყოს მკაფიო მემორიალი და უნდა მოხდეს იმ ადამიანების ქრისტიანული გადასვენება, რომლებიც ექსკავატორის ციცხვის ქვეშ აღმოჩნდნენ, — თქვა მან, — აი, რატომ გამოიყურება ეს ძალიან სამარცხვინოდ და მიუღებლად“.

ასევე ნახეთ

ავტომატი ლუკაშენკასათვის