ცენტრს სათავეში უდგას სამხედრო პირი, ვლადიმირ მაქსიმოვი - რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი.
დასავლური სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, აღნიშნული ინსტიტუტი აგრძელებს საბჭოთა პერიოდში დაწყებულ კვლევებს ბაქტერიებისა და ვირუსების საბრძოლო გამოყენების მიმართულებით. მაქსიმოვის ხელმძღვანელობით მოქმედი ცენტრი შედის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს სტრუქტურაში, რომელიც ფიგურირებდა სერგეი სკრიპალისა და ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამოძიებაში.
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის სამხედროებმა დაიწყეს ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული სამეცნიერო ინსტიტუტების რეკონსტრუქცია და გაფართოება. საბჭოთა პერიოდის მსგავსად, ოფიციალურ დონეზე რუსეთი უარყოფს მის შექმნაზე მუშაობას და ამტკიცებს, რომ საუბარია მხოლოდ პოტენციური მოწინააღმდეგეების მიერ ასეთი იარაღის შესაძლო გამოყენებისგან დაცვის საშუალებების შემუშავებაზე.
ასევე ნახეთ
I მსოფლიო ომის მეთოდები. რა აკრძალულ ქიმიურ იარაღს იყენებს რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ და ვინ ეხმარება მას?ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობის გაგრძელება - რუსეთის მიერ რატიფიცირებული მისი ამკრძალავი კონვენციების საწინააღმდეგოდ - დადასტურდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებისას, რომლის მოკვლასაც საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ სრულყოფილი ვერსიით ცდილობდნენ. იმ საშიშ პათოგენებზე მუშაობის შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დივერსიებისთვის ან საბრძოლო მოქმედებების დროს, ბევრად ნაკლებია ცნობილი.
„განსაკუთრებით დაცული ტერიტორია“
სერგიევ პოსადში ბიოლაბორატორიების რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულმა ფოტოსურათებმა და დოკუმენტებმა აჩვენა, რომ იქ შეიქმნა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა ისეთ სასიკვდილო პათოგენებთან სამუშაოდ, როგორიცაა ებოლის ვირუსი. ტვერის ოლქში, ექსპერიმენტული ვეტერინარიის ნახევრად დანგრეული ინსტიტუტის ადგილზე, მოსკოვის ოლქში სამუშაოების პარალელურად ასევე აშენდა სრულიად ახალი ობიექტი, რომელიც მოიცავს ლაბორატორიულ-კვლევით კორპუსს. ის შეესაბამება სისუფთავის მაღალ სტანდარტებს (GMP C-D) პათოგენებთან სამუშაოდ, ყველაზე საშიშ ჯგუფამდე - ანუ განსაკუთრებით საშიშ ბაქტერიებთან და ვირუსებთან, როგორებიცაა ნატურალური ყვავილი, ებოლისა და მარბურგის ვირუსები, ჯილეხი და ჭირის ჩხირი.
ყველაზე საშიშ პათოგენებთან სრულფასოვანი მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ ბიოლოგიური დაცვის მეოთხე დონის ლაბორატორიებში, რუსეთში კი დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ ორი ასეთი ლაბორატორიის არსებობა: ესენია ცენტრი „ვექტორი“ ნოვოსიბირსკში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სერგიევ პოსადში. ეს ორგანიზაციები საბჭოთა პერიოდში წამყვან როლს თამაშობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამაში. ცალკეული სამუშაოები ისეთ პათოგენებთან, როგორიცაა ებოლის ვირუსი, როდესაც არ ხდება ვირუსის ან ბაქტერიის კულტივირება და დაგროვება, შეიძლება ჩატარდეს მესამე დონის ლაბორატორიებშიც - ასეთი რუსეთში რამდენიმე ათეულია. დაცვის რომელ დონეს, მესამეს თუ მეოთხეს, მიეკუთვნება ობიექტი კუნძულ ლისიზე, უცნობია.
Your browser doesn’t support HTML5
Строительство нового поселка и лабораторий на острове Лисий
ობიექტი, რომელზეც არის საუბარი, მდებარეობს ვიშნი-ვოლოჩოკის წყალსაცავის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ ლისიზე. იგი შეიქმნა სტალინური რეპრესიების პიკზე, 1938 წელს, „სოფლის მეურნეობის ცხოველთა ინფექციურ დაავადებებზე მწვავე ცდების ჩასატარებლად“ და შევიდა ექსპერიმენტული ვეტერინარიის ინსტიტუტის შემადგენლობაში, რომლის წინამორბედიც იყო ჯერ კიდევ 1898 წელს რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერინარული სამმართველოს მიერ შექმნილი ლაბორატორია.
ექსპერიმენტული ვეტერინარიის ინსტიტუტი დღესაც არსებობს, მაგრამ კუნძულ ლისიზე მდებარე დასახლება 2021 წლის გაზაფხულზე სხვა ორგანიზაციის - ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს (ФМБА) ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნაწილი გახდა. 2022 წლის ოქტომბერში ინსტიტუტის სამართალმემკვიდრე გახდა ФМБА-ს „ჯანმრთელობის სამედიცინო-ბიოლოგიური რისკების სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის ცენტრი“, ხოლო დასახლება ლისიზე - მის შემადგენლობაში შემავალი „ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრი“ (ЦЭФ).
სტრატეგიული დაგეგმვის ცენტრის ვებსაიტზე ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრის გვერდი „დამუშავების პროცესშია“ და ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროზე ღია წყაროებში ინფორმაცია პრაქტიკულად არ მოიპოვება - თუმცა კუნძულზე კვლავინდებურად რომ ატარებენ ექსპერიმენტებს ცხოველებზე, ამის შესახებ შეტყობა შესაძლებელია ინტერნეტში გამოქვეყნებული ვაკანსიებიდან, როგორიცაა, მაგალითად, „ვივარიუმის მომვლელი“. მიუხედავად ამისა, თვითონ კუნძულ ლისის და მის მომიჯნავე ტერიტორიებს კუნძულზე ახალი დასახლების მშენებლობის დასრულების შემდეგ ცვლილებები ელოდა. 2023 წლის ივლისში ვიშნი-ვოლოჩოკის წყალსაცავის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი, რომელშიც კუნძულიც მდებარეობს, ტვერის ოლქის გუბერნატორის, იგორ რუდენიას ბრძანებულებით „ბუნების ძეგლად“ გამოცხადდა მრავალრიცხოვანი შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის თევზჭერაზე.
განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიის რუკა ვიშნი-ვოლოჩოკის წყალსაცავის ჩრდილოეთ ნაწილში.
ადგილობრივი მცხოვრებლები მაშინვე მიხვდნენ, რის გამოც დაკარგეს სინამდვილეში წვდომა კუნძულებთან, სადაც ნავებით ჩასვლას იყვნენ ჩვეულნი სათევზაოდ, კენკრისა და სოკოს შესაგროვებლად.
„ვითხოვთ, შეამციროთ განსაკუთრებით დაცული ზონა და იგი დააწესოთ მხოლოდ კუნძულ ლისის გარშემო, წყალსაცავის დანარჩენ ტერიტორიაზე კი დაუშვათ, როგორც ადრე, ნავების თავისუფალი გადაადგილება, დასვენება და თევზჭერა კანონმდებლობის ფარგლებში“, ნათქვამი იყო საიტ Change.org-ზე განთავსებულ პეტიციაში, რომელმაც თითქმის 4000 ხელმოწერა შეაგროვა.
კუნძულ ლისიზე მდებარე ახალი ლაბორატორიული კომპლექსის ერთ-ერთი იშვიათი ფოტოს მიგნება მშენებლობის პროცესში მოხერხდა კომპანია „ტექნონიკოლის“ საიტზე, რომელიც იქ სახურავს ამონტაჟებდა. კუნძულზე სამშენებლო მასალების გადასაზიდად გამოიყენებოდა ბორნები (თვითონ კუნძულზე მდებარე დასახლებასთან ერთად აშენდა ახალი საბორნე ნავმისადგომი „მატერიკზე“, დასახლება კრასნომაისკიში), ხოლო პერსონალისთვის შესყიდულ იქნა აერონავები - ერთ-ერთი მათგანის ფოტო წარწერით „ФМБА России“ ვიპოვეთ სოციალურ ქსელ VKontakte-ში ჯერ კიდევ 2021 წელს გაკეთებულ პუბლიკაციაში. პერსონალის კუნძულზე მიყვანისა და უკან დაბრუნებისთვის ასევე გამოიყენება სწრაფმავალი კატარღები КС-162.
ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრის მთავარი ლაბორატორიული კორპუსი კუნძულ ლისიზე მშენებლობის პროცესში.
ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს აერონავი „სევერ ოხოტნიკი“ დასახლება კრასნომაისკიში, 2021 წლის დეკემბერი.
ახლა თანამგზავრულ ფოტოებზე ეს ადგილი ბევრად უფრო „გლამურულად“ გამოიყურება და ნაკლებად წააგავს ბიოლოგიური კვლევის საიდუმლო ცენტრს: აქ გაშენებულია რეგულარული პარკი ლანდშაფტური დიზაინით, აშენებულია სახლები პერსონალისა და სტუმრებისთვის, მოწყობილია ვერტმფრენის მოედანი.
Your browser doesn’t support HTML5
Паром на остров Лисий, 2021 год
მაგრამ რუსეთმა მაინც ვერ შეძლო კუნძულ ლისიზე მდებარე ობიექტის სამხედრო დანიშნულების დამალვა. 21 აგვისტოს მას ყურადღება მიაქცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, ხოლო ჩვენ შევძელით რუს სამხედროებთან დასახლების კავშირი დაგვედასტურებინა საიდუმლოებით მოცული „ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრის“ ხელმძღვანელის - ვლადიმირ მაქსიმოვის გზით.
„ჩვენ არ ვართ დაკავებული სიკვდილის გავრცელებით“
„კუნძულ ლისის ტერიტორიაზე დასრულდა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც საშიში და სოციალურად მნიშვნელოვანი ინფექციური დაავადებებისგან დაცვის საშუალებების შემუშავებაზეა ორიენტირებული. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა ამბროსიმ და ვლადიმირ მაქსიმოვმა განიხილეს ტვერის ეპარქიასა და რუსეთის ФМБА-ს შორის თანამშრომლობის ფორმატები“, ასე იწყება სტატია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტვერის მიტროპოლიის საიტზე, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. ერთადერთ ფოტოზე ეკლესიის სამი მსახურის გვერდით ზის პიჯაკში გამოწყობილი ჭაღარა, საშუალო ასაკის მამაკაცი.
კუნძულ ლისიზე მდებარე „ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაქსიმოვის დანიშვნის შესახებ საჯაროდ არ გამოუცხადებიათ, მისი სახელი არ ფიგურირებს ФМБА-ს საიტზე. თუმცა, რადიო თავისუფლებამ და „სისტემამ“ აღმოაჩინეს, რომ მაქსიმოვი მედიაში რამდენჯერმე მოიხსენიებოდა ЦЭФ-ის დირექტორის სტატუსით.
იმავე სახელისა და გვარის მქონე ადამიანი ჯერ კიდევ 20 წლის წინ, 2006 წელს ედგა სათავეში 44026-ე სამხედრო ნაწილს - თავდაცვის სამინისტროს მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგიურ ცენტრს. ორი წლის შემდეგ ნაწილი დაიშალა, ხოლო მისი სამართალმემკვიდრე გახდა რუსეთის სამხედრო უწყების 48-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 2020 წლის აგვისტოში ეს ინსტიტუტი, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან (ГосНИИОХТ) და თავდაცვის სამინისტროს 33-ე ინსტიტუტთან ერთად, აშშ-ის სანქციების სიებში შეიყვანეს. თანდართულ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ამერიკის ხელისუფლებას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ 33-ე ინსტიტუტი და ГосНИИОХТ დაკავშირებული არიან ქიმიური, ხოლო 48-ე ინსტიტუტი და მისი ფილიალები - ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასა და გამოცდასთან.
თუ პირველი ორი დაწესებულება სანქციების სიაში მოხვდა ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლასთან დაკავშირებით, 48-ე ინსტიტუტი ფაქტობრივად აერთიანებს ბიოლოგიური იარაღის შექმნის საბჭოთა პროექტის ნამსხვრევებს.
„რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის თანამედროვე ჯარები მზად არიან მოიგერიონ დარტყმა როგორც საბრძოლო მოქმედებების, ისე ბიოტერაქტების შემთხვევაში. ჩვენი ცენტრი სწორედ ამ მიზნებისთვის არსებობს. ჩვენ არ ვართ დაკავებული, როგორც ხანდახან მოგვაწრენ ხოლმე, „სიკვდილის გავრცელებით“. ჩვენი ამოცანა სრულიად საპირისპიროა - შეგვეძლოს წინ აღვუდგეთ მას“, ამბობდა ვლადიმირ მაქსიმოვი 2005 წელს გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში. დასავლეთში საპირისპიროში არიან დარწმუნებულნი: მათი აზრით, ინსტიტუტი, კერძოდ კი სერგიევ პოსადის ფილიალი, აგრძელებს ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობას.
მაქსიმოვი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვირუსოლოგიურ ცენტრს 1999 წელს ჩაუდგა სათავეში - მაშინ მას ახასიათებდნენ, როგორც „სამედიცინო სამსახურის ახალგაზრდა და ინიციატივიან პოლკოვნიკს“. რადიო თავისუფლებამ შეძლო ვლადიმირ მაქსიმოვის ფოტოს პოვნა იმ პერიოდიდან, როდესაც იგი სერგიევ პოსადის მახლობლად მდებარე ცენტრის დირექტორი იყო. იგი ქალაქის გაზეთში გამოქვეყნდა ადგილობრივი ფოტოგრაფის, ალექსეი სევასტიანოვის ფოტოკრებულში. მასზე კუნძულ ლისიზე მდებარე „ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრის“ ახლანდელი დირექტორი 2004 წელს არის ასახული პოლკოვნიკის ფორმაში „ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე“. ჩვენ ასევე ვიპოვეთ რუსულ ონლაინ-აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი მაქსიმოვის 2022 წლის სავიზიტო ბარათი. რადიო თავისუფლების ზარებსა და შეტყობინებებს მან არ უპასუხა.
მარცხნიდან მარჯვნივ: ვლადიმირ მაქსიმოვი ნოვგოროდის უნივერსიტეტში, ტვერის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და სერგიევ პოსადის ადმინისტრაციის თათბირზე 2004 წელს.
ფოტო: ვლადიმირ მაქსიმოვის სავიზიტო ბარათი, 2002 წელი.
მაქსიმოვის ღია სამეცნიერო პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, მისი ძირითადი სპეციალიზაციაა ეგზოტიკური და სიცოცხლისთვის საშიში ჰემორაგიული ცხელებები, ისეთები, როგორიცაა ებოლის ცხელება ან დაავადება, რომელსაც მარბურგის ვირუსი იწვევს. ებოლის ცხელება როგორც სსრკ-ში, ისე სხვა ქვეყნებში, განიხილებოდა პერსპექტიული ბიოლოგიური იარაღის ბაზად. 2004 წელს მაქსიმოვმა განაცხადა თავის ვირუსოლოგიურ ცენტრში ებოლის საწინააღმდეგო დამცავი პრეპარატის შექმნის შესახებ.
„აფრიკული ებოლის ცხელება თითქმის 90% შემთხვევაში სიკვდილს იწვევს და, ჩვენი წარმოდგენით, არის ბიოლოგიური იარაღის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო აგენტი“, ამბობდა მაქსიმოვი 2004 წელს ყოველკვირეულ „სამხედრო-სამრეწველო კურიერთან“ ინტერვიუში. იმავე ინტერვიუში სამხედრო მეცნიერი ჩიოდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ ჰყოფნის სახსრები ვაქცინების გამოცდისთვის. მაქსიმოვი არა მხოლოდ ებოლის ბაზაზე შექმნილ იარაღზე ღელავდა: მისი თქმით, „თანამედროვეობის ერთ-ერთი რეალური საფრთხეა გენეტიკურად მოდიფიცირებული ინფექციური აგენტების შექმნის შესაძლებლობა, რომლებიც გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ბიოლოგიურად დამაზიანებელი აგენტები“.
ვლადიმირ მაქსიმოვის სამეცნიერო პუბლიკაციები მიუთითებს იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგიური ცენტრის 48-ე ინსტიტუტად რეორგანიზაციის შემდეგ იგი დარჩა ინსტიტუტში სამუშაოდ. სერგიევ პოსადის ფილიალთან მაქსიმოვი კავშირს ინარჩუნებდა სულ მცირე 2019 წლამდე, ამასთან, სამეცნიერო ნაშრომებში მისი თანაავტორი რეგულარულად იყო 48-ე ინსტიტუტის ახლანდელი უფროსი, სერგეი ბორისევიჩი.
კუნძულ ლისიზე მდებარე ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრი სამხედრო ბიოლოგებსა და 48-ე ინსტიტუტთან დაკავშირებული არ არის მხოლოდ მაქსიმოვის მეშვეობით. მისი მოადგილე ცენტრში, ვლადიმირ ბონდარევი - იმავე სამხედრო ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელია. 2005 წელს ბონდარევი, რომელიც იმ მომენტში რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ჯარებში სამმართველოს უფროსის მოადგილედ მსახურობდა, დაინიშნა 48-ე ინსტიტუტის კიროვის ფილიალის ხელმძღვანელად. სერგიევ პოსადში მდებარე ინსტიტუტის შტაბ-ბინისგან განსხვავებით, კიროვის ფილიალის სამხედრო ბიოლოგები სწავლობდნენ პირველ რიგში არა ვირუსულ, არამედ ბაქტერიოლოგიურ პათოგენებს. 48-ე ინსტიტუტში ბონდარევმა 2011 წლამდე იმუშავა და მიიღო სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორის წოდება. ამის შემდეგ მეცნიერი გადავიდა სამოქალაქო თანამდებობაზე - სათავეში ჩაუდგა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო გამოყენების საშუალებების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრის ექსპერტიზისა და კონტროლის ცენტრს, თუმცა სამხედრო 48-ე ინსტიტუტთან კავშირს ინარჩუნებდა სულ მცირე 2013 წლამდე.
2022 წელს იგი ჯერ კიდევ მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, ხოლო 2023 წლიდან გადავიდა ФМБА-ში, სადაც გახდა მაქსიმოვის მოადგილე იმ მომენტში ჯერ კიდევ მშენებარე ახალ ლაბორატორიაში კუნძულ ლისიზე.
„განხილულ უნდა იქნეს ომის კონტექსტში“
სერგიევ პოსადსა და კუნძულ ლისიზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიოლოგიური ლაბორატორიების გაფართოება ფაქტობრივად დაიწყო 2021 წლის ბოლოს - უკრაინაში სრულმასშტაბიან შეიჭრამდე რამდენიმე თვით ადრე და COVID-19-ის პანდემიის ჩაცხრობის ფონზე. 48-ე ინსტიტუტიც და ФМБА-ც მონაწილეობდნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების შემუშავებაში. შეიძლება თუ არა საშიშ პათოგენებთან სამუშაოდ ახალი კორპუსების მშენებლობა ყოფილიყო პანდემიაზე რუსეთის ხელმძღვანელობის რეაქცია? მილტონ ლეიტენბერგი, მერილენდის უნივერსიტეტის სახელმწიფო პოლიტიკის სკოლის უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი და საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის პროექტის ისტორიის შესახებ მონოგრაფიის ავტორი, ეჭვქვეშ აყენებს ასეთ ვერსიას.
„თვითონ ის ფაქტი, რომ კრემლმა უკრაინაში ომის დაწყებაზე იფიქრა იმის ფონზე, როდესაც რუსეთი პანდემიასთან დაპირისპირების აუცილებლობის წინაშე იდგა, თავისთავად იმსახურებს ყურადღებას. თუმცა არაუგვიანეს 2021 წლის შუა პერიოდისა, შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო, ხოლო ბიოლოგიურ იარაღზე რუსული კვლევების გაფართოება და მათში ახალი ლაბორატორიების ჩართვა, როგორიცაა კუნძული ლისი, განხილულ უნდა იქნეს სწორედ ამ კონტექსტში. რა როლი ენიჭებოდა ბიოლოგიურ იარაღს ომის ფარგლებში - საიდუმლოდ რჩება, მაგრამ ეს შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ ოპორტუნისტული გაფართოება საქმიანობისა, სხვა სამხედრო სფეროების დანამატად“, მიიჩნევს ლეიტენბერგი. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ეპიდემიებთან საბრძოლველად რუსეთში არსებობს მეცნიერებათა აკადემიისა და ჯანდაცვის სამინისტროს პროფილური ორგანიზაციები და ინსტიტუტები, ამიტომ კოვიდზე ლოგიკური რეაქცია იქნებოდა სახსრებისა და რესურსების დაბანდება მათ გაფართოებაში და არა სამხედრო ბიოლოგიაში.
ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელებად 48-ე ინსტიტუტის მაღალჩინოსანი ყოფილი თანამშრომლების დანიშვნას ლეიტენბერგი მიიჩნევს ძლიერ არგუმენტად იმის სასარგებლოდ, რომ ЦЭФ კუნძულ ლისიზე ფაქტობრივად გააფართოებს რუსეთის სამხედრო ბიოლოგების საქმიანობას, ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ფორმალურად სამოქალაქო პროფილის მიუხედავად. ლაბორატორიის განთავსება წყალსაცავის შუაგულში, იზოლირებულ მიწის ნაკვეთზე, საბჭოთა პერიოდში უსაფრთხოების ზომა იყო - ადგილობრივი მცხოვრებლების დამატებითი დაცვა საშიში პათოგენის გაჟონვის შემთხვევაში. ამ ფაქტორს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს საიდუმლოების რეჟიმის შენარჩუნებას. ლეიტენბერგი იხსენებს, რომ ბიოლოგიური იარაღის საბჭოთა პროექტის ძირითადი საგამოცდო ლაბორატორიაც ყველა მხრიდან წყლით იყო გარშემორტყმული, რადგან მდებარეობდა აღორძინების კუნძულზე, არალის ზღვაში.
ФМБА: არა მხოლოდ კუნძული ლისი
ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტო, რომელიც 2004 წელს შეიქმნა, არ შედის ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. სისხლის სამსახურის მუშაობის უზრუნველყოფის გარდა, იგი დაკავებულია ჯანდაცვის არასტანდარტული ამოცანებით: სპორტსმენების, კოსმონავტების, დახურულ ქალაქებში მომუშავე ადამიანების სამედიცინო უზრუნველყოფით, კატასტროფებისა და ტექნოგენური ავარიების შედეგების ლიკვიდაციით, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ინციდენტებით. 2024 წლამდე ФМБА ექვემდებარებოდა რუსეთის მთავრობას, ხოლო ამის შემდეგ პირადად ვლადიმირ პუტინს დაექვემდებარა. რუსეთის სახელმწიფო დუმამ ამას უწოდა „სწორი გადაწყვეტილება“, რომელიც „ხელს შეუწყობს დახურული ხასიათის საკითხების მოგვარებას“.
პუტინი, რომელმაც ФМБА-ს „სამედიცინო სპეცნაზი“ უწოდა, რეგულარულად ხვდება სააგენტოს ხელმძღვანელს, ვერონიკა სკვორცოვას, ბოლოს ასეთი შეხვედრა სულ ახლახან, 2026 წლის აგვისტოს ბოლოს შედგა.
ვლადიმირ პუტინისა და ვერონიკა სკვორცოვას შეხვედრა კრემლში, 2026 წლის 27 აგვისტო.
ФМБА-ს სტრუქტურაში შემავალ ორგანიზაციებს შორის საინტერესოა არა მხოლოდ „ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრი“ კუნძულ ლისიზე. 2020 წელს, სამეცნიერო ცენტრ „სიგნალში“ „ნოვიჩოკის“ განახლებული ვერსიის წარმოების გამოძიებისას, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ დაწესებულებამ თავდაცვის სამინისტროს 27-ე სამეცნიერო ცენტრთან ერთად შეიმუშავა ბიოლოგიური დანამატების რიგი - ხოლო მათი მწარმოებელი გახდა ФМБА-ში შემავალი ჰიგიენის, პროფპათოლოგიისა და ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ლენინგრადის ოლქში (НИИ ГПЭЧ). მოგვიანებით გაირკვა, რომ „სიგნალში“ მუშაობდნენ ეპიდატიდინზეც - ეკვადორული ბაყაყის შხამზე, რომლითაც, ძირითადი ვერსიით, ალექსეი ნავალნი მოწამლეს კოლონიაში.
ასევე ნახეთ
პოლონიუმი, თალიუმი, რიცინი, ნოვიჩოკი - რომელი შხამებით იშორებს კრემლი ოპონენტებს?НИИ ГПЭЧ, რომელიც ისტორიულად დაკავშირებულია საშიშ ქიმიურ წარმოებაში მედიცინის ორგანიზებასთან, მათ შორის ქიმიური იარაღის წარმოებაში, 2026 წლის აგვისტოში პუტინმა რუსეთის სტრატეგიული საწარმოების სიაში შეიყვანა. ბრძანებულების ტექსტში მოხსენიებულია ინსტიტუტის მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის მედიცინა და კვლევები ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე საქმიანობა ქიმიური იარაღის კონვენციისა (CWC) და ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის (BWC) ფარგლებში.