ბოჭორიშვილი ბაქოში ბაირამოვს შეხვდა - ისაუბრეს ვაჭრობაზე, უსაფრთხოებასა და სომხეთზე

მაკა ბოჭორიშვილი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, 2026 წლის 24 ნოემბერი

საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მაკა ბოჭორიშვილი და ჯეიჰუნ ბაირამოვი 24 ნოემბერს ბაქოში შეხვდნენ. ერთობლივ ბრიფინგზე მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაზე, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებსა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველოს როლზე.

ბრიფინგზე მინისტრებს არ უხსენებიათ აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გიორგობაზე, ტაძართან მართლმადიდებელი მლოცველები არ მიუშვეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება ტაძარს ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას მიაკუთვნებს. სექტემბერში იქ დაწყებული არქეოლოგიური გათხრები საქართველოს საპატრიარქომ გააპროტესტა.

ასევე ნახეთ

ქურმუხის ტაძარში მრევლი „უსაფრთხოების გამო არ შეუშვეს“, „ქართველთა უფლებები დაცულია“ – რას ამბობენ ბაქოში

ვაჭრობა, ენერგეტიკა და რკინიგზა

ბაირამოვის თქმით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან 900 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია და მთელი 2025 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. მინისტრი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

ბაირამოვმა თქვა, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა საქართველოს ეკონომიკაში ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო. აქედან 2,1 მილიარდი დოლარი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პროექტებზე მოდის. წელს გაფორმებული შეთანხმებებიდან მინისტრმა გამოყო საქართველოში აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი ხელშეკრულება და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბულგარეთის შეთანხმება მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.

ასევე ნახეთ

ენერგიის ექსპორტი და გადამცემი ხაზები - თბილისმა, ბაქომ, ანკარამ და სოფიამ შეთანხმება გააფორმეს

ბოჭორიშვილმა ისაუბრა თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლაზე, რომელიც ექვსწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. მან ასევე აღნიშნა, რომ დასრულდა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის მოდერნიზაცია. მისი თქმით, ხაზის სრული დატვირთვით ამუშავება ორივე ქვეყანას მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

ასევე ნახეთ

კობახიძე ბაქოში: სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, გაზის მიწოდების შეთანხმება გახანგრძლივდება

რეგიონული თანამშრომლობა და საერთაშორისო ორგანიზაციები

ბოჭორიშვილმა და ბაირამოვმა განაცხადეს, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო სამმხრივ შეხვედრას 2027 წელს საქართველო უმასპინძლებს. წელს მინისტრები 8 ივნისს სტამბოლში შეიკრიბნენ. ბაქოში ბოჭორიშვილმა ბაირამოვი მომავალი წლის დასაწყისში თბილისში ორმხრივი ვიზიტითაც მიიწვია.

მინისტრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაც განიხილეს. ბოჭორიშვილმა თქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ბაირამოვის თქმით, საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.

ასევე ნახეთ

„ტრამპის მარშრუტის“ განხორციელება იწყება - ფაშინიანი და ტრამპი

სომხეთთან ვაჭრობა და TRIPP-ის ინიციატივა

ბაირამოვმა გაიხსენა, რომ აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე სომხეთისკენ მიმავალი ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა; ისაუბრა საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე და საქართველოს მადლობა გადაუხადა.

ბოჭორიშვილმა თქვა, რომ თბილისი მიესალმება ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. მისი თქმით, მინისტრებმა განიხილეს TRIPP-ის ინიციატივაც, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო კავშირის შექმნას ითვალისწინებს. ბოჭორიშვილის შეფასებით, ამ მარშრუტს სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება შეუძლია.

ასევე ნახეთ

მრევლი, პოლიცია და ხმაური ქურმუხის ტაძრის გზაზე: რა მოხდა კახის რაიონში

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი ბაირამოვის გარდა უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთანაც.